ამერიკის შეერთებული შტატების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტმა (FDA) MDMA-ს კლინიკური ტესტირების შესახებ თანხმობა გასცა.
MDMA, სუფთა ექსტაზი, რომელსაც ბედნიერების ნარკოტიკსაც უწოდებენ, რომელიც პოსტტრავმატული სტრესის აშლილობის სამკურნალოდ გამოიცდება. FDA-ს დამტკიცებული ტესტი მესამე ფაზაა, რომელშიც 240 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.
პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა ადამიანებს ძლიერი ფსიქიკური, ან ფიზიკური ტრავმის მიღების შემდეგ უვითარდებათ, მაგალითად, სექსუალური თავდასხმის, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის, ავარიაში მოყოლისა და სხვა მსგავს მძიმე სიტუაციებში მოხვედრის შემდეგ. PTSD (პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა) ცვლის ადამიანების ქცევას და მათ გარშემო არსებული სამყაროს აღქმას, მოუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავად ეპიზოდი ტვინს დაბლოკილი ჰქონდეს და ადამიანს არ ახსოვდეს, რა შეემთხვა, მათი ქცევები, ფიქრები, სიზმრები და ა.შ. მთლიანად იმ მძიმე შემთხვევაზე ხდება დამოკიდებული, რაც იწვევს შფოთს, აღგზნებას, შიშს და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს.
MDMA თერაპიაზე მომუშავე ექიმების თქმით, პაციენტებს თავიანთი ტრავმული გამოცდილების გახსენება და მასზე ლაპარაკი უადვილდებათ, რაც საბოლოოდ ტრავმასთან შეგუებასა და ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარებათ.
MDMA ემპათოგენია, ანუ მისი მიღებისას ადამიანს ემპათია და ნდობა ეზრდება. ფსიქოლოგები, რომლებიც ამ კვლევაში იყვნენ ჩართულები, ამბობენ, რომ პაციენტები სესიების დროს თავს კომფორტულად გრძნობდნენ, რამაც ხელი შეუწყო ტრავმული გამოცდილების შესახებ ღიად საუბრებს. PTSD-ის მქონე პაციენტების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სხვების მიმართ უნდობლობა და თვითიზოლაციაა, აღნიშნული მედიკამენტით ჩატარებული თერაპია კი ამ პრობლემას მთლიანად ხსნის.
თუ მეთოდმა FDA-ს გამოცდა ჩააბარა, შესაძლებელია MDMA სამედიცინო მოხმარებისთვის ლეგალიზდეს და აფთიაქებში რეცეპტითაც გაიყიდოს. დასტურის შემთხვევაში MDMA ლეგალური შესაძლოა 2021 წლისთვის გახდეს.
წყარო: https://on.ge/