მეორადი ტანსაცმლის (იგივე second hand) შეძენა მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელმაც თბილისშიც მოიკიდა ფეხი და მომგებიან ბიზნესადაც იქცა.
ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდაფებში განლაგებულ “მაღაზიებს” კლიენტი არასდროს აკლია. იქ მისულებს, განსაკუთრებით “თინეიჯერები” მოგხვდებათ თვალში, რომლებიც განსხვავებულ და ორიგინალურ სამოსს ეძებენ.
ანა, 19 წლის, სტუდენტი:
– მეორად ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობ და ამის სულაც არ მრცხვენია. არჩევანიც დიდია და ფასიც მისაღები. ყოველთვის ვპოულობ ისეთ სამოსს, რომელიც ჩემს გემოვნებაში ჯდება. თბილისის მაღაზიებში ტანსაცმელი ძალიან ძვირია, მე კი სტუდენტი ვარ და ამდენი შესაძლებლობაც არ მაქვს. თან, მხოლოდ ფასით არაა საინტერესო, აქ ისეთ რაღაცებს ვყიდულობ, რასაც ბაზრობაზე ვერ ნახავთ. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ “მეორადებში” შეძენილი ტანსაცმელი თბილისის სხვა მაღაზიაში, გაცილებით ძვირად მინახავს. სექტემბერში ქუსლიანი, მწვანე ფეხსაცმელი შევიძინე. მეორე დღეს უნივერსიტეტში კურსელმა მითხრა: უი, რა მაგარია “კაროლინა ჰერერას” ფეხსაცმელი, საიდან გამოიწერეო? თავდაპირველად მამაჩემი მეჩხუბებოდა, ეგონა, რომ მეორადი ტანსაცმლით მხოლოდ მათხოვრები იმოსებოდნენ, მაგრამ გადავარწმუნე, თან, იცის, როდესაც რამის შეძენა მინდა, ბევრ ფულს არ მოვთხოვ (იცინის).
ლუკა, 21 წლის:
– აქ საძილე ტომრის შესაძენად მოვედი. როგორც იქნა, ამინდები გამოვიდა და მეგობრებმა სალაშქროდ წასვლა გადავწყვიტეთ. თბილისის რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი და ფასი მეძვირა – 60 ლარი დამიფასეს. ბოლოს აქ მირჩიეს მოსვლა. გამიკვირდა, ფასში სხვაობა აშკარაა, 25 ლარად საძილე ტომარას თავისუფლად შეიძენ. ოღონდ, კარგი გარეცხვა კი ნამდვილად სჭირდება.
გადავწყვიტე, მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და დამედგინა, საშუალოდ რა დაუჯდება ადამიანს (ამ შემთხვევაში, 20 წლის ბიჭს) გაზაფხულზე მეორადი ტანსაცმლით შემოსვა. სადა, ყოველდღიურ მაისურს 6 ლარად შეიძენთ, თხელ ჟაკეტს – 10 ლარად, ჯინსს – 30 ლარად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრენდი აქაც ძვირად ფასობს. მაგალითად: “დოლჩე&გაბანას” გახუნებულ ქურთუკში 95 ლარი მომთხოვეს, “ლევისის” ჯინსში – 50 ლარი.
– საიდან შემოდის პროდუქცია და რა ასაკის მომხმარებელი გყავთ?
კესო ხეცურიანი, გამყიდველი:
– საქონელი ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან შემოდის. ინგლისიდან შემოსული სამოსი ყველაზე ხარისხიანია. ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანისთვის იძენენ ტანსაცმელს: ბავშვით დაწყებული, მოხუცით დამთავრებული. განსაკუთრებით “თინეიჯერები” აქტიურობენ და ფასზე მგრძნობიარენიც არიან. მუდამ ითხოვენ, რომ სამოსი ორიგინალური იყოს. ბევრს რცხვენია, რომ ტანსაცმელს აქ იძენს და წინასწარ თითქოს თავს იმართლებს: “ჩემთვის არ მინდა, ახლობელს უნდა ვაჩუქო”, ან “მხოლოდ სახლში ჩასაცმელად მინდა”.
– რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმლის ტარება? დეზინფექცია უტარდება?
– როგორც ვიცი, საქონელს დეზინფექცია თავისივე ქვეყანაში უკეთდება და კონტეინერებით საქართველოში ამის შემდეგ იგზავნება. ამიტომაცაა, ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი რომ აქვს. 6 წელია, “მეორადებით” ვვაჭრობ და ამის გამო პრეტენზიით არავინ მოსულა, კარგად გარეცხავ და პრობლემაც მოგვარებულია.
– ცნობილი ადამიანები თუ ყიდულობენ მეორად სამოსს?
– კი, ძირითადად მსახიობები, თუმცა სახელსა და გვარს ვერ გეტყვით.
ინტერნეტში ძებნისას აღმოვაჩინე, რომ მეორადი ტანსაცმლის ტარებას არც ჰოლივუდელი ვარსკვლავები თაკილობენ. მსახიობი გვინეტ პელტროუ, პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს სეცონდ ჰანდ-ის შეძენისას. ბრიტანელი სუპერმოდელი – კეიტ მოსი კი მეორადი ტანსაცმლის გადაკეთებითაა გატაცებული.
წყარო: ჟურნალი “გზა”