წერილი უცნობ მეეზოვეს

რამდენჯერ დაგინახავთ სახლში (კლუბიდან, რესტორნიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან) დაბრუნებულს, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი მეეზოვეები? მე ბევრჯერ, და ეგეთ დროს სულ ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს თავში – რა პატივსაცემი ადამიანები არიან, როგორ დიდ მადლობას ვუხდი სინამდვილეში როცა ვხედავ (გულში, რა თქმა უნდა), როგორ არ ეზარებათ ჩვენი, ყველას დაყრილი ნაგვის დასუფთავება და ა.შ.

ცოტა ხნის წინ კი აღმოვაჩინე, რომ თორნიკეც ზუსტად ასეა განწყობილი მეეზოვეების მიმართ, და ამაზე ლაპარაკისას გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ადამიანები რამით დავასაჩუქროთ. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, მალევე გადავწყვიტეთ რას ვაჩუქებდით. მთავარი ორგანიზება იყო, რომელშიც ცოტა მოვიკოჭლეთ “ახალი წლების” თანმდევი ცაიტნოტის გამო, მაგრამ მაინც, ავდექით 30 დეკემბერს დილით და 9-ზე წავედით ლილოში.

სადაც ვიყიდეთ 51 ცალი თერმოჭიქა, (50 უცნობი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მეეზოვისთვის, და ერთიც ჩვენი უსაყვარლესი დამლაგებლისთვის, ლუდასთვის), და სასაჩუქრე პარკები (რატომღაც ლილოში არავის თავში არ მოსვლია ჰქონდეს ბევრი და სხვადასხვანაირი სასაჩუქრე პარკის ბიზნესი, ამიტომ საკმაოდ მწირ არჩევანს შორის როგორღაც ავარჩიეთ ლამაზები და “საახალწლოები”) დავტვირთეთ მანქანა და წამოვედით სამსახურებში.
lilo

თორნიკემ დააზუსტა, რომ მეეზოვეები თბილისის ყველა უბანში, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ერთდროულად, 06:00 საათზე იწყებენ მუშაობას. და შესაბამისად გადაწყდა, ჩვენც ამ დროს უნდა დაგვეწყო დარიგება.

მერე დავწერეთ წერილი, და ორმოცდაათი ცალი ამოვბეჭდეთ. წერილი იმ შემთხვევისთვის გვჭირდებოდა, თუ რამე გარემოების გამო ვერ მოვასწრებდით ჩვენი საჩუქრის ყველა ადრესატისთვის აგვეხსნა, რატომ გადავწყვიტეთ მათთვის ამ კონკრეტული ნივთის ჩუქება. არ მინდოდა ძალიან სენტიმენტალური გამოსულიყო, მაგრამ თან ძალიან მინდოდა ამეხსნა ყველა მათგანისთვის, რატომ ვასაჩუქრებდით.
fullsizerender-1

დღეს, 31 დეკემბერს, დილის 6 საათზე თორნიკე უკვე ჩემთან იყო, და დავიწყეთ დარიგება. ვარკეთილიდანვე გამოვყევით და საბურთალომდე მოვედით. ყველასთან ერთი და იგივე ტექსტით მივდიოდით “გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? გილოცავთ ახალ წელს, აი ეს თქვენ”.

ზოგი ძალიან იბნეოდა, და მადლობასაც ძლივს გვეუბნებოდა, ზოგი კიდევ პირიქით, თითქოს ელოდებოდა ჩვენს მისვლას და დავაგვიანეთ. 😀
tornike
ზოგი გვლოცავდა გაუჩერებლად და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდით, უმეტეს შემთხვევაში მაინც ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ჩვენ კიდევ ბოლომდე უტიფრად ყურებამდე გაღიმებულები ვიყავით და სხვა გზა არ ჰქონდათ, რომ არ დაეჯერებინათ, მართლა უბრალოდ ვულოცავდით ახალ წელს.
monkey

წერილები აშკარად გამოგვადგა, იმიტომ, რომ ახსნის დრო არ იყო, რატომ? თუ გვეკითხებოდნენ – მარტივად ვპასუხობდით წერილია და აი მანდ ნახავთ. და გამოვრბოდით მერე უხერხულობისგან, აბა იქ ხომ არ დავრჩებოდით და ვუყურებდით? უმეტესობა მადლობას გვიხდიდა და აგრძელებდა დაგვას ზუსტად ისე, როგორც ჩვენს მისვლამდე, გაუხსნელად, უბრალოდ ეს პარკიც ცოცხთან ერთად ეჭირათ ხელში.

ზოგს გადასძალა ცნობისმოყვარეობამ. 🙂
fotorcreated

მოკლედ, სადღაც საათნახევარში დავარიგეთ ყველა ჭიქა, ვარკეთილიდან პეკინამდე გვეყო, ვინც კი გვიდა გზაში ყველას მივეცით. მეტი არც არავინ ჭაჭანებდა სულიერი. ერთმა ქალმა ვაჟა ფშაველაზე არ გამოგვართვა საჩუქარი, უკმეხად გვიპასუხა არ მინდაო. ალბათ ეგონა ვეკაიფებოდით. გული კი დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ.

პ.ს. შეიძლება ეს ამბავი დიდი არაფერია, მაგრამ მაინც, მეც და თორნიკეც ვფიქრობთ, რომ კერძო ინიციატივაში არის სამყაროს ხსნა. ჰოდა, ასეთი იყო ჩვენი კერძო ინიციატივა 2014 წლის 31 დეკემბერს, იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო მასშტაბურ რამეებს ჩავიდენთ.

ჰო, მართლა, გილოცავთ ახალ წელს. 🙂

წყარო: mymoone.wordpress.com

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები