მოვიგე ორკაციანი საგზური ეგვიპტეში, სადაც ნინისთან ერთად გავემგზავრე
მსახიობმა ჯანო იზორიამ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ახლა “ცეკვავენ ვარსკვლავების” VI სეზონის ერთ-ერთი კონკურსანტია. ის და ნინო გოშაძე (ასევე, ფოთის თეატრის მსახიობი) 29 მარტს ევა-გაბრიელას მშობლები გახდნენ. ჯანო გალში დაიბადა, ახლა კი ფოთში ცხოვრობს. თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობს გულშემატკივრობს და ყოველ ორშაბათს, ყველა მსურველს იხმობს თეატრის შენობაში პროექტის საყურებლად.
ჯანო თეატრალურ უნივერსიტეტში, რეზო ჩხეიძის ჯგუფში სწავლობდა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი სერიალიდან – “ტიფლისი” გაიცნო. როცა დავუკავშირდი, მითხრა: სწორედ “გზის” რესპონდენტი ვარ: მარადიულად გზაში მყოფი ჯანო “გზაში” მოხვდება და შეგიძლია, ეს სათაურადაც გამოიტანოო.
– ორი სატელევიზიო პროექტი მომწონს: “უკანასკნელი გმირი”, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება და – “ცეკვავენ ვარსკვლავები”. ამ მეგაშოუს პირველივე სეზონიდან ვადევნებ თვალყურს და მასში მონაწილეობის დიდი სურვილი მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ აქ ცეკვა ადვილია, მით უმეტეს, რომ არასოდეს მიცეკვია. ერთადერთი, თეატრალურ უნივერსიტეტში, ისევე, როგორც ყველა მსახიობს, ქართულ ცეკვას რობერტ დარახველიძე მეც მასწავლიდა. “ქართული”, “ოსური” საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა და პედაგოგმა, თავის საიუბილეო საღამოზე მე და ჩემი მეგობარი, ეკა არჩაია გვაცეკვა. სხვა არანაირი გამოცდილება არ მაქვს, თუ იმასაც არ ჩავთვლით, რომ ბევრჯერ მიცეკვია ქორწილებში (იღიმის). საერთოდ, მიყვარს მუსიკა, რიტმი, მოძრაობა და ფანტაზიორობა.
2013 წელს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის – “კომა” მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მოსკოვში წავედით. მაღალი დონის ფესტივალია, რომელსაც ნიკიტა მიხალკოვი ატარებს და იმ წელს ოცდამეთხუთმეტეჯერ იმართებოდა. სხვათა შორის, ამ ფესტივალზე ერთი და იმავე წელს აიღეს ჯილდოები ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – სოფი ლორენმა და სერგო ზაქარიაძემ (“ჯარისკაცის მამაში” განსახიერებული გიორგი მახარაშვილისთვის)…
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ბანკეტი გაიმართა. ერთ სივრცეში ვიყავით ყველა, მხოლოდ მიხალკოვი და მისი კოლეგები შედარებით მშვიდ გარემოში ისხდნენ, ახალგაზრდები კი იქვე, დისკო-ფართიზე ვერთობოდით. ხალხი სვამდა, მაგრამ არავინ აქტიურობდა და არ ადიოდა საცეკვაო მოედანზე. ვსვამდი, ალბათ, ცოტა გრადუსმაც იმოქმედა და მოედანზე გავვარდი. ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ხალხმა წრე შემომარტყა და ისინიც აცეკვდნენ. ჩემი მეგობრები ამაყობდნენ და ჩემთან ერთად ხარობდნენ. ამ დროს დისკოთეკის ციმციმა განათებაში დავინახე ყავარჯნიანი კაცი – ჩემი მაესტრო, რეზო ჩხეიძე. იდგა, იღიმოდა და ტანით მუსიკას ჰყვებოდა. მივედი და მითხრა, – მირჩევნია, თქვენთან ვიყო და შენ გიყუროო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ისიც, რომ პირველად წითელ ხალიჩაზე სწორედ იმ წელს და ამ ფესტივალზე, ჩემს პედაგოგთან, ბატონ რეზოსთან ერთად გავიარე. დროდადრო ვჩერდებოდით, ფოტოებს რომ გვიღებდნენ და თან, პედაგოგი თავისი სტუდენტობის ამბებს მიყვებოდა. მოკლედ, ჩემი მეგობრები, ვინც მაშინ დისკოთეკაზე ჩემი ცეკვა ნახა და სხვა ნაცნობებიც მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” თუ მოვხვდებოდი. პროექტში ჩემი ჯგუფელი და ძმაკაცი, მიშა მესხი რომ ცეკვავდა, რამდენჯერმე საგულშემატკივროდ გავყევი. კულისებში დუტამ და გიორგი ყიფშიძემაც მითხრეს, – ისეთი ცოცხალი ტიპი ხარ, ამ პროექტში ნამდვილად უნდა იყოო. – აბა, რანაირად, მე ხომ “ვარსკვლავი” არ ვარ-მეთქი. მოკლედ, გავიდა დრო. პროფესიული თვალსაზრისით, რაღაც ნამუშევრები დამიგროვდა, როგორც კინოში, ისე თეატრში, რამაც შესაძლებელი გახადა ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ახალი სახე ვარ. “ვარსკვლავობაზე” პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს.
– პროექტში მონაწილეობისთვის ფოთიდან თბილისში ჩამოხვედი…
– დიახ. სულ გზაში ვარ. კარიკატურის ხატვა რომ შემეძლოს, საკუთარ თავს, იცი, როგორ დავხატავდი? “შპაგატში” ჩავჯდებოდი, ერთი ფეხის წვერს ფოთში “ჩავდგამდი”, მეორეს – თბილისში. ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, ფარგალივით გახსნილი. სტუდენტობის დროს და შემდეგაც, გადაღებებზე რომ ჩამოვდიოდი, დიდი სიხარულით მოვიჩქაროდი, მაგრამ თან ვფიქრობდი, – სად უნდა დავრჩე? ვის მივაკითხო? სასტუმროში ნომრის დაქირავების საშუალება არ მქონდა და ღამეს ხან ბიძაშვილებთან, დეიდაშვილებთან, ხან სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან ვათევდი, მაგრამ ცოტა მორიდებული ადამიანი ვარ და ეს სულ მაწუხებდა. შეიძლება, საკუთარ ძმასაც ვერ დავუკაკუნო ღამით კარზე, არ გავაღვიძო, წავიდე და სადმე პარკში, სკამზე დავიძინო. დღეს გულწრფელად მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღამე გამათევინა, ლუკმა გამიყო და დილით სახლისკენ გზა დამილოცა.
– ძალზე ენერგიული ადამიანი ხარ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს არასოდეს იღლები.
– ძალასა და ენერგიას არასოდეს ვიშურებ, შინაგანად და სულიერად არ ვიღლები, მაგრამ ბუნებრივია, ზოგჯერ გული და კუნთი იღლება. მანამდეც და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყო, ბევრ ადგილას მიწევს მისვლა. მანქანა არ მყავს, ძირითადად ფეხით დავდივარ. მოტოციკლი ფოთში მყავს დატოვებული და თბილისში მეტროთი გადავადგილდები. უნდა ნახოთ, მეტროშიც კი გულში ვითვლი და ცეკვის ილეთებს ჯიბეში ხელჩაყოფილი, ფარულად ვასრულებ. დაღლილობისას ორჯერ ჩამეძინა, მგზავრებმა გამაღვიძეს, – ბოლო გაჩერებააო. უჟმური სახით კი არ გავახილე თვალი, პირიქით, გამეღიმა, რომ უსაქმურობისგან კი არა, დაღლილობისგან ჩამეძინა და ეს ძალზე სასიამოვნოა.
– ოჯახზე გვითხარი რაიმე. მომავალი მეუღლე თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცანი თუ ფოთის თეატრში?
– თეატრში. ნინიმ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი. ის რომ ჩაირიცხა, იმ წელს დავასრულე მე სწავლა. წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ. მერე ისე მოხდა, რომ ნინო ფოთის თეატრში მიიწვიეს, იმ დროს მე თბილისში, გადაღებაზე თუ სინჯებზე ვიყავი. მეგობარმა ტელეფონით მითხრა, ჩვენთან ახალი გოგონა მიიღესო, და მალე მეც ჩავედი ფოთში. თეატრში მივედი და საგრიმიოროში შესულმა დავინახე, სკამზე იჯდა და თავზე ორი კიკინა ჰქონდა – ბეკეკას რომ აქვს, ისეთი (იღიმის). მივესალმე. თავადაც მომესალმა და შევატყვე, ხმა ჰქონდა ჩავარდნილი. მისი მდგომარეობა გავითავისე. წარმოიდგინეთ, უცხო ქალაქში და ახალ გარემოში მარტო რომ აღმოჩნდები, არავის იცნობ, ყველა გამადიდებელი შუშით გიყურებს. თან, სამ დღეში უნდა ეთამაშა მისთვის უცხო როლი სპექტაკლში – “ქვრივთა ნუგეშისმცემელი” და ამ მოკლე დროში ტექსტი უნდა ესწავლა. გაცნობისთანავე ვკითხე, – ჩაის დალევ-მეთქი? დამეთანხმა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ფოთში დავათვალიერებინე ყველაფერი, თუკი რამ ღირსშესანიშნავი შეიძლებოდა, მეჩვენებინა და ჩემი ქალაქით მის წინაშე მეამაყა. ნავით დავსეირნობდით, პალიასტომზე ვიყავით, შუქურაზე ავიყვანე. მოკლედ, ფარული კამერა რომ გამოგვყოლოდა, ნინისა და ჩემს ურთიერთობაზე ძალიან “გემრიელი”, თბილი ფილმი გამოვიდოდა. მერე გრძნობამ გაიღვიძა, პალიასტომის ტბას დაემსგავსა და ზღვასავით აღელდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით. შეყვარებულობის პერიოდში “პალიტრა ტვ”-ის გადაცემის “მიმიხვდი” გამარჯვებული გავხდი. ღმერთმა გადმომხედა, მოვიგე ორკაციანი საგზური ეგვიპტეში, სადაც ნინისთან ერთად გავემგზავრე.
– პატარა როდის გაჩნდა?
– ევა-გაბრიელა 29 მარტს დაიბადა. სახელი ერთად შევურჩიეთ. ძალიან კარგი გოგონაა, 4 კილო და 100 გრამი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ექიმებს, ბატონ დავით კობეშავიძეს, ქალბატონ ნინო ჯაფარიძესა და კლინიკის ყველა თანამშრომელს, რადგან თავს გვევლებოდნენ… ევა-გაბრიელა უპრეტენზიო ბავშვია. ჭამს და სძინავს. როცა ტირის, ყველაფერს ერთად ცეკვავს: “სამბას”, “ტანგოს”, “ჩაჩაჩას” (იღიმის)… ნინი ორსულად რომ იყო, ბავშვს დღისით ეძინა და ღამით ფხიზლობდა, ვერ ისვენებდა. მუცელზე ხელს რომ ვადებდი, სულ მოძრაობდა. ნეტავ, ვის ჰგავსო? – ხუმრობდა ნინო.
– ვიცი, რომ ფოთის თეატრის ხელმძღვანელობა და კოლეგები მხარში გიდგანან…
– დიახ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. თეატრი ჩემი სახლია. მეორე თუ პირველი, ვერ გეტყვით, რადგან იქ ძალიან ბევრ დროს ვატარებ. მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ზაფხულში, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა და წელსაც გაიმართება. მხოლოდ დედაქალაქში როდი ცხოვრობს თეატრი აქტიური ცხოვრებით, რეგიონებშიც იყო, არის და იქნება “მარგალიტები”, უბრალოდ, რეგიონულ თეატრებს სჭირდება გაცილებით დიდი მხარდაჭერა, პირველ რიგში კი, ეს მთავრობის პრეროგატივაა. თემას ცოტა გადავუხვიე, ახლა კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: დიდი ისტორიის მქონე ზუგდიდის თეატრს დახმარება სჭირდება და ეს დროულად უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურა ზეიმობდეს. ჩემი მხრიდან რაც საჭირო იქნება, ყველანაირად მხარში ამოვუდგები კოლეგებს, მეგობრებს – მთელი ზუგდიდის თეატრს.
წყარო: ჟურნალი “გზა”