„მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება, მწამს, რომ ჩვენი, ქართული გენი გამორჩეულია“ – ინტერვიუ ნინო სურგულაძესთან
„პატარა ხის კიბეები ავიარე და შავებში გამოწყობილი ვარსკვლავი დავინახე. მოლოდინები გამართლდა, ის მართლაც უმშვენიერესი იყო“, – ასე იწყება გაზეთ „პრაიმტაიმში“ დღეს გამოქვეყნებული ექსკლუზიური ინტერვიუ მომღერალ ნინო სურგულაძესთან.
მსოფლიო ხელოვნების კუთვნილება, – ასე უწოდებს ავტორი ნინო სურგულაძეს და ვარსკვლავთან შეხვედრის დეტალების გაზიარებამდე მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებსაც აცნობს: „მისაღები ოთახი საგრიმიოროს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ოთახს. ბინა საცხოვრებლი კორპუსის ბოლო სართულზეა განლაგებული და დიდი ფანჯრებით მთელ ქალაქს გადაჰყურებს. ემოცია, რომ ვარსკვლავისგან იღებ ინტერვიუს, შეიქმნა. ასე რომ, ნინო სურგულაძესთან ინტერვიუც დაიწყო“.
“ბავშვობიდან ჩემმა მშობლებმა შემიქმნეს ისეთი პირობები, რომ არ შევზღუდულიყავი და მათთვის მეჩვენებინა, თუ საითკენ მიდიოდა ჩემი ინტერესები. თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ალბათ უფრო ჰუმანიტარული საგნები იქნებოდა. ხელოვნება მაინტერესებდა, გამომდინარე იქიდან, რომ სახლში ხელოვნება ყველას უყვარდა, განსაკუთრებით – მამას. მთელი ბავშვობა დიდი მომღერლების შესრულებით მუსიკას გვასმენინებდა და ამას საინტერესო კომენტარებს უკეთებდა“, – ჰყვება ნინო.
7 წლის ასაკში, როდესაც მომავალი მომღერალი საშუალო სკოლაში სწავლობდა, სახლისაკენ მიმავალ გზაზე, ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარედ უნდა გაევლო. ნინომ დაინახა, რომ სკოლის შესასვლელთან შეკრებილიყვნენ ბავშვები მშობლებთან ერთად.
„დავინტერესდი, თუ რა ხდებოდა იქ და დედას ვთხოვე, მივახლოვებოდით. იქ რომ ვიკითხეთ, გაირკვა, რომ ხელოვნების სკოლაში მისაღები გამოცდები იყო. დედაჩემს ვუთხარი, უნდა ავიდე ზემოთ და გავარკვიოთ-მეთქი. დედაჩემმა გაკვირვებით შემომხედა და დამთანხმდა. მახსოვს, კიბეზე ავირბინე და შევედი იქ, სადაც კარები ღია დამხვდა. იქ ერთი ქალბატონი იჯდა, მკითხა სახელი და გვარი. მაშინ სკოლის დირექტორი იყო ქალბატონი ნათელა წერეთელი, ძალიან კარგი ადამიანი. ჟიურიში იჯდა დინი ვირსალაძე, ჯარჯი მაღალაშვილი და იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი არაჩვეულებრივი მუსიკოსები. მთხოვეს, რაიმე მემღერა, შემიმოწმეს სმენა. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო. მანამდე უბრალოდ სახლში ვმღეროდი და სპექტაკლებს ვაწყობდი. ოჯახურ სპექტაკლებს ვეძახდი ხოლმე, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს დავსხავდი და ვუტარებდი კონცერტებს. ერთი კვირის შემდეგ დაიდო პასუხები და სიაში აღმოვჩნდი. სწორედ ამ დროს ვეზიარე უკვე სცენას. სკოლისთვის დრო თითქმის აღარ მრჩებოდა. უმეტესწილად, დროს რეპეტიციებზე ვატარებდი“, – ამბობს ნინო.მომღერალი იხსენებს, როგორ კარგ რეჟისორებთან მუშაობდა: ავთო ვარსიმაშვილთან, დავით ანდღულაძესთან, კომპოზიტორებმა დავით ტურიაშვილმა და გოგი ჩლაიძემ სპეციალურად მიუზიკლებისთვის მუსიკა დაწერეს.
დატვირთული გრაფიკის გამო სკოლაში პატარა ნინო იშვიათად ჩნდებოდა, ამიტომ მას ახალ მთვარეს ეძახდნენ. სწავლით ნინო კარგად სწავლობდა, კერძოდ, ემზადებოდა. მომღერალი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.
„ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით. ამავდროულად კი, სოლისტი ვიყავი და ეს ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ხან პეპი ვიყავი, ხან მერცხალი, ხან ობობა. სოლო კონცერტები გვქონდა, იქ იყო ანსამბლი „დია“ და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გამოვდიოდით. მოკლედ, ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა. 9 წლის ვიყავი, სატელევიზო ფილმ-მიუზიკლ „პეპი გრძელიწინდაში“ რომ გადამიღეს, თუმცა აღნიშნული ფილმი პირველი არხის არქივში აღარ მოიპოვება. იმავე წელს კი იყო ფილმი „მეტიჩარა“. ვიღებდით ბათუმში, გაგრაში, სადაც ყველაზე ლამაზი კადრები გადავიღეთ. „მეტიჩარას“ ფილმს მოჰყვა კიდევ ერთი როლი, ლევან ერისთავის „მარტივ პასეანსში“, სადაც მთავარ როლებს მე, დავით ევგენიძე, თამუნა ამონაშვილი და ეკა კახიანი ვასრულებდით. ქალბატონი ლანა ღოღობერიძე თავისი ბოლო ფილმისთის „ვალსი პეჩორაზე“ ეძებდა მთავარ გმირს და, მისივე გადაწყვეტილებით, დამამტკიცეს მთავარი გმირის – „ანას“ როლზე. ეს იყო ჩემი ბოლო ფილმი საქართველოში.
ბევრი როლის და კინოში გამოცდილების მიუხედავად, ნინო ამბობს, რომ ოჯახური თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, პროფესიონალური მომღერალი გამხდარიყო. „ამ პერიოდში ოპერაც არ იყო ასე გამოკვეთილი ჩემს ცხოვრებაში. 14-დან 19 წლამდე უფრო პოპმომღერალი ვიყავი. გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტზე“.
ბევრმა არ იცის, რომ ნინო სურგულაძე ჟურნალისტიკის კოლეჯშიც სწავლობდა. „ჟურნალისტიკა იმიტომ ავირჩიე, რომ მომწონდა ურთიერთობა ადამიანებთან. ეს იყო სრულად ახალი სამყარო, რომელიც ჩემთვის ნათელი წერტილი და ახალი ინტერესი იყო“, – იხსენებს ნინო.
შემდეგ იყო კონკურსები. ბარსელონის ვოკალური საერთაშორისო კონკურსი ძალიან პრესტიჟულია, სადაც უამრავი ახალგაზრდა საკუთარ შესაძლებლობებს ავლენს. კონკურსზე ნინოს თან ახლდნენ დედა, კონცერტმაისტერი მანანა ჯანგავაძე და დღემდე მისი უცვლელი პედაგოგი, ქალბატონი გულიკო კარიაული. დაახლოებით 40 ქვეყანა იყო წარმოდგენილი და მათ შორის ნინო სურგულაძე წარმოადგენდა საქართველოს.
„ძალიან საპასუხისმგებლო იყო. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო ლეგენდარული სოპრანო ჯოან საზერლენდი. ასევე, იყვნენ ლა სკალას არტისტიკული დირექტორი და სხვა ცნობილი ადამიანები. სცენაზე რომ გამოვედი, ძალიან ვღელავდი, მინდოდა, თავად დამენახა ჩემი შესაძლებლობები. მინდოდა მთელი ემოცია და გამოცდილება ჩამექსოვებინა ამ მომენტში. შემდეგ იყო მეორე ტური, მესამე ტურში კი ოპერა „დონ კარლოსიდან“ ძალიან რთულ „ებოლის“ არიას ვასრულებდი. ბოლო ტურის დასრულების შემდეგ სარკეებიან დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც უნდა დაესახელებინათ გამარჯვებულები. სამი პრიზი გადმომცეს, მათ შორის ლა სკალას აკადემიაში სწავლაში და კონკურსის ლაურეატი გავხდი. ძალიან ბედნიერი და გაოცებული ვიყავი. არ დამავიწყდება ჯოანის თბილი სიტყვები და მისი მნიშვნელოვანი რჩევა, რომ ძალიან ბევრი უნდა მესწავლა“, – იხსენებს ნინო.
ამის შემდეგ ნინო სურგულაძე ლა სკალას აკადემიაში გაემგზავრა, სადაც 2 წელი ისწავლა. მერე ეს სწავლა თანამშრომლობაში გადაიზარდა. „დაახლოებით 100 სპექტაკლი ვიმღერე ლა სკალაში. შემდეგ უკვე იყო მოწვევები კოვენგარდენში, ჩიკაგოში, ტოკიოში, მეტროპოლიტენში, ზალცბურგისა და გლაინბორნის ფესტივალებზედა ა.შ.“
მომღერალი იხსენებს, რომ პირველი პერიოდი ძალიან რთული იყო, ცრემლიც იყო, იმის სურვილიც, რომ უკან დაბრუნებულიყო. „ენა რომ არ იცი, ძალიან რთულია, თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ძალიან მალე ვისწვალე. იტალია ჩემი მეორე სახლია, მაგრამ არა სამშობლო, იმიტომ რომ სამშობლო მხოლოდ ერთია. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ბავშობიდანვე საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი და ყოველთვის მომწონდა ახალი გამოწვევები“.
ნინო ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად მონდომება და გამართლებაა საჭირო. „ამასთან, თუ გაქვს უსაზღვროდ დიდი სურვილი რაღაცის კეთების, მაშინ ყველაფერს მიაღწევ. უბრალოდ, ის რასაც აკეთებ, ძალიან უნდა გიყვარდეს. ძალიან ხშირად პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი ხდება. ბევრი საუკეთესო წელი გავატარე სწავლაში, მაგრამ არაფერს ვნანობ. სხვაგვარად მე არ შემეძლო. თუმცა, იმისთვისაც მზად ვარ, რომ ერთ დღეს სცენას დავტოვებ. ჩემი ცხოვრება არ არის მხოლოდ სცენა, ეს არის უსაყვარლესი ოჯახი და მეგობრები“, – აღნიშნავს ნინო.
აღსანიშნავია, რომ ნინო სურგულაძე წელს ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი ჯერ „იტალიის ვარსკვლავის ორდენის“ კავალერი გახდა, შედმეგ კი პრესტიჟული იტალიური საერთაშორისო საოპერო გამოცემის GBOPERA- ს წარდგენით ნომინაციაში „საუკეთესო მეცო-სოპრანო“ ნინო საოპერო „ოსკარის“ მფლობელიც გახდა.
მისი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო მის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“ გახადა. „ფონდი „ნატვრის ხე“ უკვე 2 წელია არსებობს. ზაფხულში ვგეგმავ ღონისძიებას, მაგრამ ამავე დროს უნდა შევათავსო ჩემი შემოქმედებითი აქტივობა. ფონდი „ნატვრის ხე“, ძირითადად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით მათ სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის“, – ამბობს ნინო.
ინტერვიუში ავტორი აღნიშნავს, რომ ნინო სურგულაძის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი პატრიოტიზმია. სამშობლოზე საოცარი სიყვარულით საუბრობს. სჯერა, რომ საქართველო გაძლიერდება და გამთლიანდება.
„თუ დღემდე მოვედით, მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. მწამს, რომ ჩვენი, ქართული გენი გამორჩეულია“, – ამბობს ნინო სურგულაძე.