“სხვა რაკურსის” ეთერში გასული სკანდალური ისტორიები გამოგონილია”, – მის შესახებ “ეტანიუსს” გია ჯაჯანიძის შოუს ყოფილმა პროდიუსერმა ნიკა ჭავჭავაძემ განუცხადა.
ნიკას თქმით, ის სხვადასხვა ისტორიას იგონებდა, ამ ისტორიებს შემდეგ კარგად ფუთავდნენ და ეთერში უშვებდნენ. საბოლოოდ კი, ვერავინ ვერაფერს იგებდა.
“წესით “ნანუკას შოუს” „სტაფში“ უნდა ვყოფილიყავი. მაია სტეფნაძეს დავურეკე. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მაია უკვე წამოსული ყოფილა ნანუკას შოუდან და ჯაჯანიძის შოუს აკეთებდა “იმედზე”.
მან იცოდა, როგორც ვმუშაობდი და შემომთავაზა, რაღა ნანუკასთან, ჩემთან მოდი „იმედზეო“. მეც დავთანხმდი.
დავიწყე ძალიან აქტიურად მუშაობა.
მერე უკვე დაიწყო ჩემი მოგონილი სკანდალური ისტორიებიც.
პირველი ისტორია იყო “კაცი გამოძახებით,” რომელმაც არნახული რეიტინგი მოუტანა გადაცემას, შემდეგ იყო “სექს პა ტელეფონუ” და ა.შ. ისტორიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან უამრავი სკანდალური ამბავი გამომიგონებია.
ამ სკანდალებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა გადაცემის რეიტინგის დაქოქვაში.
შემდეგ უკვე აღარ ვიყავი ჟურნალისტი და ერთ-ერთი პროდიუსერი გავხდი.
– ანუ საზოგადოებას ატყუებდით?
– კი, ასე გამოდის. ნუ, რაც ჩემი ისტორიები იყო, ან მსახიობები მომყავდა და ფულს ვუხდიდი, ან კიდევ ჩემი მეგობრები.
– და ამას მოჰყვებოდა ალბათ გამოხმაურება, არავინ რეკავდა?
– წარმოიდგინეთ და – არა. ანუ რასაც მე ვაკეთებდი, ვერავინ ხვდებოდა, რომ დადგმული იყო. გამოხმაურება იყო ერთადერთი – სასწაული რეიტინგი მოდიოდა. მაიამ გვიან გაიგო, რომ ვიგონებდი ისტორიებს.
– მაიამ და საერთოდ „სტაფმა“ არ იცოდა, რომ ისტორიებს იგონებდი?
– არ იცოდა. ვერავინ ხვდებოდა, რომ ჩემი ისტორიები რეალური არ იყო. ისე ვდგამდი, რომ რთული იყო, ეჭვი შეგპარვოდა.
– და შენი ჯიბიდან უხდიდი მსახიობებს ფულს?
– კი, თავიდან მე ვუხდიდი, მაგრამ მერე რომ ვთქვი, მე ვიგონებ ისტორიებს-მეთქი, უკვე ბიუჯეტში ჩავსვით ესეც.
– როცა გაიგეს, რომ ეს ისტორიები გამოგონილი, ტყუილი იყო, რა რეაქცია ჰქონდათ, მთავარ პროდიუსერს, გადაცემის წამყვანს?
– მოეწონათ, ძალიან თან. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჯაჯანიძის შოუ „კაცი გამოძახებით“, „აგენტი ბიჭის“, “სექს პა ტელეფონუ“-ზე მომუშავე ბიჭის გარეშე? მგონი, მხოლოდ ჯადო, ხო? ჰოდა, ჯადო ყველას ყელში აქვს. რამე ღირებული სკანდალი დადეთ.
– რა გახდა „სხვა რაკურსიდან“ წამოსვლის მიზეზი?
– მაიკოს ძალიან მოსწონდა ჩემი თემები და სკანდალები, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, ისეთი რაღაც, რაზეც მთელი ტელევიზია ენაგადმოგდებული საუბრობდა.
ამას წინათ, “მისტერ ვალენტინზე” შემხვდა ჩემი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა ჩვენს „სტაფთან“ და მანაც კი იცოდა ყველაფერი.
გადაცემა ივლისის ბოლოს დავტოვე. მიზეზი გახდა ის, რომ პირადი ცხოვრება არის ჩემი პირადი ცხოვრება და მესამეები, მეოთხეები და მეასეები არ არიან საჭიროები. ჩემი პირადი ცხოვრება დაიგეს „იმედში“ ხალიჩად. როცა წამოვედი, თურმე ფეისბუქი ჩართული დამრჩა. ყველაფერი გადაქექეს, წაიკითხეს ჩემს პირადზე, ზეპირად ისწავლეს.
– გია ჯაჯანიძესაც ეხება ეს? როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
– სხვათა შორის, გიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ იმ საუკუნეში დავიბადე, სადაც გია მოღვაწეობს. ძალიან საინტერესო, კეთილი და მართალი ადამიანია. ბოლო პერიოდში მაიასთანაც დავალაგე ურთიერთობა. როცა ტელევიზიიდან წამოვედი, 2 თვე არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.
ჩემს საკითხს გია ყველაზე უფრო გაგებით მოეკიდა. აინტერესებდა ჩემგან მიზეზი, რატომ წამოვედი და დღემდე კითხულობს, სად ვარ და რას ვშვრები.
– თავიდან ვიფიქრე, რომ ნაწყენი ხარ, როგორც ჩანს, შევცდი…
— ნაწყენი როგორ არ ვარ და გასალანძღიც ბევრია, მაგრამ არაპროფესიონალიზმი იქნება ჩემი მხრიდან.
თანაც გადაცემიდან წამოსვლის შემდეგ ჯადო მაქვს გაკეთებული. 9 სამსახურში ვიყავი და ვერცერთს მოვერგე და დავტოვე ყველა. ჯადო მომხსნან სამსახურის დაწყება მინდა. არაფერში არ მიმართლებს.
– გინდა თქვა, რომ გია ჯაჯანიძემ ჯადო გაგიკეთა?
– ფაქტობრივად, ასეა. “ჯაჯოს” გარდა ბევრი ხარშავს მანდ ჯადოებს.
– ამას ხუმრობთ თუ სერიოზულად ამბობთ?
– მართლა ვამბობ. ერთ ადამიანთან ვიყავი, რომელმაც მითხრა გაკეთებული გაქვს რაღაცო. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მჯერა ჯადოების, მაგრამ ფაქტი სახეზეა. თუმცა ქალმა გააკეთა და არა კაცმა. ისე, რას გაიგებ, იმედში ყველა უსქესოა.
– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „იმედში“ ყველა უსქესოა?
– როგორ აგიხსნათ, იმედს გარეთ აქვთ გარკვეული სქესი. იმედში შემოსვლისას კი კართან ტოვებენ და თავიანთი უსქესობით ყველაფერს კადრულობენ. მგონი, ამაზე მეტად ვეღარ განვმარტავ. ვინც მოვიაზრე, ის მიხვდება და აეწვება სქესი.
– რას ფიქრობ, რა რეაქცია ექნებათ, როცა შენს ინტერვიუს წაიკითხავენ – ჯაჯანიძეს, სტეფნაძეს, შენს ძველ თანამშრომლებს?
– გაოცდებიან, მერე ცუდად გახდებიან, მაგრამ ცივ წყალს დალევენ და გრძელდება ცხოვრება. გიამ მასწავლა ერთი შესანიშნავი ფრაზა – „რას დავეძებ“… ჰოდა, მართლაც რომ, რას დავეძებ.