ტელეპათიაზე ყველას გვსმენია. ეს პარაფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც აზრებს მოიაზრებს ვიბრაციად, რომელსაც აქვს გადაადგილების უნარი. მისი სხვადასხვა დონე არსებობს.
ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში ტელეპათია ემპატიური ხასიათისაა. ახლობელ ადამიანებს შორის ჩნდება და ხშირად ერევათ ინტუიციაში, წინათგრძნობაში და ა.შ. ეს სენსორული ტელეპათიაა, შეგრძნების დონეზე არსებული განცდა. აი, მაგალითად, დედას ,,ცუდს უგრძნობს გული”, რა ხდება არ იცის, მაგრამ მისი ,,წინათგრძნობა” მართლდება და ბავშვს ამ დროს რაღაც უჭირს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საფრთხის, შიშის, უბედურების ჟამს ადამიანი ინსტინქტურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებს, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის მისამართით და ასე იჭრება მათ ინფორმაციულ ველში.
მეორეა აზრობრივი ტელეპათია, ექსტრასენსორიკის ამ დონეზე ტელეპათი მეორე ადამიანის აზრებს, გრძნობებს უკვე კონკრეტულ ფორმაში აღიქვამს, გამოსახულებების და ბგერების სახითაც. ეს აზრების წაკითხვის დონეა. ტელეპათიის მაღალი დონე.
ტელეპათიის დახმარებით ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ სად არის და რას აკეთებს კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ მომენტში. ტელეპათებს კრიმინალისტიკაშიც ხშირად იყენებენ ხოლმე. იმ ძველ დროში, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა, იყო ერთი დედა, რომელიც, როცა შვილს ვერ უკავშირდებოდა, ჯდებოდა სავარძელში, თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა, შვილისთვის ტელეპათიური შეტყობინება გაეგზავნა – ვნერვიულობ, დაბრუნდი. შვილიც ,,იღებდა მესიჯს” და ბრუნდებოდა. ამბობდა, რომ გულმა უგრძნო, რომ დედას რაღაც უჭირდა. ასეთი რამ ყველას გვიფიქრია – ნეტავ, ვიცოდე, სად არის და რას აკეთებს, რას ფიქრობს, რა უდევს თავში….
არადა ტელეპათია რამე ნიჭი, ზებუნებრივი უნარი არ არის, კონკრეტული ტექნიკა, ვარჯიშია საჭირო, რომ ეს უნარი გამოიმუშავო. ჩვენ მოგვდის ეს ინფორმაცია, უბრალოდ ხშირად არ ვუღრმავდებით და ვერ ვაცნობიერებთ, რა ხდება. მესიჯები მოდის, უბრალოდ არ ვხსნით.
იმისთვის, რომ ადამიანთან ტელეპათიური კავშირი დავამყაროთ და განვსაზღვროთ, თუ სად არის და რას აკეთებს ეს კონკრეტული ადამიანი, თავდაპირველად ამ ადამიანის ვიბრაციას უნდა გავეცნოთ, მის ენერგეტიკას. ეს, რა თქმა უნდა, დროს და შესაძლოა, ხანგრძლივ პრაქტიკას მოითხოვდეს, დამოკიდებულია ადამიანის განვითარების დონეზე, თუმცა შესაძლებელია აუცილებლად.
შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე ადამიანი აირჩიოთ თქვენი გარემოცვიდან და როცა მასთან იქნებით, ეცადეთ ამ ადამიანის ენერგეტიკულ დონეზე აღქმას. რას გრძნობთ მის კომპანიაში. მისი ყოფნა იგრძენით. ეს ადამიანი იგრძენით, იგრძენით ის შეგრძნება, რომელიც მისი ყოფნის დროს გეუფლებათ, შეგრძნება, რომელიც მისგან მოდის. ეს მისი ვიბრაციაა.
ჩვენ – ყველანი ვგრძნობთ სხვა ადამიანების ვიბრაციას, ზოგიერთის გვერდით კარგად ვართ, ზოგიერთის გვერდით ცუდად, ყველა ადამიანთან სხვადასხვა შეგრძნება გვეუფლება. ეს ამ ადამიანების ენერგეტიკაა, უბრალოდ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, სხვა რამეებში ვურევთ და გამოყოფას ვერ ვახერხებთ.
ეცადეთ ეს ვიბრაცია დაიმახსოვროთ და შემდეგ, როცა მარტოდ დარჩებით, გაიხსენოთ. შეგრძნების დონეზე გაიხსენოთ და არა აზრობრივ დონეზე. წარმოიდგინეთ, თითქოს ის აქ არის, გაიხსენეთ მისი სუნი, მიმიკები, ხმა, სახე, თვალები, მანერები, სიცილი…. დიდხანს კონცენტრირდით, რომ ამ შეგრძნებაში ღრმად შეხვიდეთ. ამ დროს მის ვიბრაციაზე ეწყობით.
ნელ-ნელა უფრო ცხადად და ცხადად იგრძნობთ მის არსებობას. ამას მუდმივი პრაქტიკა სჭირდება, ივარჯიშეთ. თუ რეგულარულად გააკეთებთ, დროთა განმავლობაში ტალღების დაჭერას ისწავლით. იქამდე ივარჯიშეთ, სანამ ძალიან ცხადად არ იგრძნობთ მის ყოფნას. ამ ტალღაზე მომართული თქვენ მისი ფიქრების შეცვლასაც კი მოახერხებთ. ამ გზით ხდება აურის წმენდა, ენერგეტიკული წმენდა. გურუები, იოგები, სულიერად მაღალგანვითარებული ტიპები ზუსტად ასე ახერხებდნენ ავადმყოფების განკურნებას, სხვისი პრობლემების მოგვარებას…
ახლა, როცა ადამიანის ტალღების ,,დაჭერას” ახერხებთ, დაახლოებით ისე, როგორც რადიმომღებით იჭერთ რაღაც ტალღას, ეცადეთ ამ ტალღაზე ფოკუსირებას. თუ ვერ კონცენტრირდებით, ერთი ტალღიდან მეორე ტალღაზე გადართვების მსგავსად ,,შხრიალს” მიიღებთ. ფოკუსირება 10-15 წუთის განმავლობაში უნდა მოახერხოთ. ეცადეთ ყურადღება არ გაგეფანტოთ, სხვა რამეზე არ გადაერთოთ.
ოღონდაც კი ნუ იფიქრებთ, უბრალოდ იგრძენით. მუსიკას ხომ არ ,,ფიქრობენ”, სუნს ხომ არ ,,ფიქრობენ”… მათ უბრალოდ გრძნობენ. დაივიწყეთ ყოველგვარი ანალიზი, დაივიწყეთ ლოგიკა, ფანტაზიაც კი გამორთეთ. უბრალოდ შედით ამ ვიბრო-ინფორმაციულ არხში და რაც შეიძლება ღრმად. ამას იოგაში დჰარანა, ანუ ცნობიერის კონცენტრაცია ეწოდება. დჰარანა სწორედ ასე ,,ინტუიციურ” წვდომას გულისხმობს. ყველაფერი ძალიან ,,მიწვდომადი” ხდება ამ პრაქტიკის მეშვეობით. დიდი თუ პატარა, შორეული თუ ახლობელი, სულიერი თუ უსულო.
როცა ფოკუსირდებით და ღრმად შეხვალთ ამ შეგრძნებაში, თქვენ შეხვალთ ამ ადამიანის საინფორმაციო ველში და დროთა განმავლობაში სპონტანურად და სრულიად მოულოდნელად ნელ-ნელა დაიწყებთ შემჩნევას, რომ მოგდით ინფორმაცია, სად არის, ვისთან ერთად, რას აკეთებს, რა უჭირს, რა ულხინს… ყველაფერი გენიალურად მარტივია.
წყარო: http://mental.ge/telepathy_pract/