“ლიფაანალობა” სვანური დღესასწაულია და ძველით ახალ წელს, 14 იანვარს იწყება და ერთ კვირას გრძელდება.
ამ პერიოდში ოჯახები შლიან სუფრას, ღამით კარს აღებენ და სანთლითა და ღვინით გარდაცვლილი ნათესავებისა და ოჯახის წევრების სულებს სახლში ეპატიჟებიან.
მაგიდასთან თავად არ სხდებიან, მას შემდეგ რაც დარწმუნდებიან, რომ სულები სახლში შემოვიდნენ, სკამებს გამოსწევენ და შემდეგ ისევ მისწევენ მაგიდის სიახლოვეს, თითქოს სტუმარი სუფრას მიუჯდა. პერიოდულად მაგიდაზე გაშლილ სანოვაგეს, საჭმელს ამატებენ, ცვლიან თეფშებს. სულებს ესაუბრებიან, მღერიან, ბავშვები ლექსებს ამბობენ.
ამ დღეებში დიასახლისები ფქვილითა და ნაცრის ხსნარით სახლის კედლებზე, საქონლის სადგომებზე, თითით სპეციალურ ნიშნებს სვამენ .დღესასწაულის დასრულების შემდეგ კი სულებს ისევ ზეიმით აცილებენ და კარგად ყოფნას, საქონლის გამრავლებას და ჭარბ მოსავალს სთხოვენ.
ვიკიპედიაზე ვკითხულობთ, რომ ლიფაანალის რიტუალები არქაულ წარმოდგენას ემყარება, რომელთა თანახმად, მიცვალებულებს შეეძლოთ ცოცხალთა ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა და ღვთაებათა წინაშე შუამდგომლობა.
იგი ასევე უკავშირდება შეხედულებებს, ბუნების ძალთა აღორძინების შესახებ და ამიტომ მოექცა ახალი წლის დღესასწაულთა ციკლში, რომლის წარმმართველი იდეა სწორედ მზის მობრუნება და ნაყოფის მიმნიჭებელ ძალთა განახლება იყო. მსგავსი დღესასწაულები წლის სხვადასხვა დროს საქართველოს მრავალ კუთხეშია დამოწმებული (სულთაკრეფა, სუნთობა და სხვა).
ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული ყოფილა ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში, კერძოდ – ვედების დროიდან ინდოელებში, ბერძნებში, რომაელებში.
წყარო: http://www.etanews.ge