“ყოველივე ამის შემდეგ არ უნდა იყოს გასაკვირი მისი თვითმკვლელობა” – კონსტატინე გამსახურდია გალაკტიონის ჩანაწერს გამოეხმაურა

 

1932 წლის 31 დეკემბერს დიდი ქართველი პოეტი, ქართული პოეზიის მეფედ წოდებული, გალაკტიონ ტაბიძე თავის დღიურში წერდა:

“ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთადერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც, როგორც იქნა, ვიშოვნე… რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე”.

ამ ჩანაწერს ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდიას სეხნია შვილიშვილი. აი, რას წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

“ეჭვიც არ მეპარება, რომ გალაკტიონის მიერ ამ მცირე წერილში აღწერილი შემზარავი რეალობა მუქი სათვალით არ არის დანახული. ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა, რადგან ეს საქართველოა. – ქვეყანა, სადაც ადამიანის მიმართ არანაირი ან ცოტა ემპათიაა. – სადაც ადამიანისადმი რეალური ინტერესი მხოლოდ მასზე გავრცელებული ჭორების მიმოხილვაში გამოიხატება. – სადაც a priori დაუშვებს ყველა, რომ ამ ზომამდე ცნობილ, აღიარებულ პოეტს და ადამიანს რა უნდა უჭირდეს. – სადაც მას აწერინებდნენ ლექსებს საკუთარი სურვილის გარეშე და კვირის იმ დღეს, როდესაც მას გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში უნდა ემუშავა, უწოდა “ამათი დღე”. – სადაც აწამებდნენ იმითაც, რომ გადაუსახლეს მეუღლე, ოლია ოკუჯავა. და მეორე მეუღლეც მის კვალს მიაყოლეს, რაც არის პირდაპირ ჯორჯ ორუელის ფანტასმაგორიაში აღწერილი ფსიქოლოგიური წამების მეთოდი. ამით დიდ პოეტს აუკრძალეს გვერდში ჰყოლოდა მასზე მზრუნველი ადამიანი. ფაქტობრივად, აუკრძალეს სიყვარული, კაცობრიობის და ადამიანურობის მწამებლებმა, სულის და ხორცის ჯალათებმა. საშინელება, სიბნელე, გესლი, დემონიური ცეცხლის პროფილი, ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე, მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!. ყოველივე ამის შემდეგ არ უნდა იყოს გასაკვირი მისი თვითმკვლელობა. და მთელი ჩვენი საზოგადოებაა ამ ნაბიჯამდე ადამიანის მიყვანის თანამონაწილე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები