14 დეკემბერი ჯორჯ ვაშინგტონის გარდაცვალების დღეა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი 1732 წლის 22 თებერვალს, ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის პროვინციაში დაიბადა.
მისი მშობლები იყვნენ: აუგუსტინ ვაშინგტონი (1693–1743) და მერი ბელი (1708 –1789). ბავშვობის უმეტესი წლები ჯორჯმა გაატარა ფრედერიქსბურგთან მდებარე ფერმაში (Ferry Farm). ის ხშირად სტუმრობდა თავის ბიძაშვილებს ქინგ ჯორჯ ქაუნთიში. 1752 წლის 4 თებერვალს ჯორჯ ვაშინგტონი მასონთა ლოჟაში მიიღეს. იმავე წელს მან მემკვიდრეობით მიიღო მაუნთ ვერნონში მდებარე პლანტაცია.
ვაშინგტონი აქტიურად იყო ჩართული ფრანგებისა და ინდიელების ომში და მის შემდგომ პერიოდში.
1752 წელს საფრანგეთმა დაიწყო ოჰაიოს ოლქის ოკუპაცია, ამ რეგიონზე ვირჯინიაც აცხადებდა პრეტენზიას. 1753 წელს ვაშინგტონმა ფრანგებს გადასცა ვირჯინიის მმართველის, რობერტ დინვიდის ულტიმატუმი, რომლებიც ფრანგებმა უარყვეს და ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. 1754 წელს ვიცე- პოლკოვნიკი ჯორჯ ვაშინგტონი გაუძღვა ვირჯინიის პირველ პოლკს ოჰაიოს ოლქისაკენ. იგი თავს დაესხა ფრანგებისა და კანადელების მზვერავთა ჯგუფს და ყველა დახოცა, მათ შორის, მათი მეთაური ენსინ ჯამონვილიც. ვაშინგტონმა ააგო ფორტ ნესესითი, რომელიც შემდეგში ფრანგებისა და ამერიკელი ინდიელების მრავალრიცხოვან არმიას დანებდა. ვაშინგტონმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ მოკლა ჯამონვილი (დოკუმენტი ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი და ჯორჯ ვაშინგტონმა ის ვერ წაიკითხა). „ჯამონვილის საქმე“ საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა და ფრანგებისა და ინდიელების ომი გააღვივა.
ფრანგებმა ვაშინგტონი გაათავისუფლეს და პირობა ჩამოართვეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ის ოჰაიოში აღარ დაბრუნდებოდა. 1755 წელს ვაშინგტონი ბრადოკის ლაშქრობის დროს ბრიტანულ არმიას ახლდა, ლაშქრობა კატასტროფული შედეგებით – მონონგაჰელას ბრძოლით დასრულდა. ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც ამ კამპანიის დროს თავგანწირვით იბრძოდა, ვირჯინიის გმირად აღიარეს და იგი ვირჯინიის პირველ პოლკს კიდევ რამდენიმე წელი მეთაურობდა. 1758 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფორბსის ლაშქრობაში, რომელიც წარმატებით დასრულდა და ფრანგები ფორტ დუკენიდან გააძევეს.
მისი თავდადებისა და მიღწევების მიუხედავად, ჯორჯ ვაშინგტონი არ დააწინაურეს, ამიტომ იგი 1759 წელს გადადგა და ცოლად შეირთო ორშვილიანი მდიდარი ქვრივი მართა დენბრიჯი. ვაშინგტონმა იშვილა ორივე ბავშვი, მას საკუთარი შვილი არ ჰყოლია. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად გადავიდნენ მაუნთ ვერნონში. ვაშინგტონი გახდა მოქალაქეთა პალატის წევრი.
1774 წლისთვის ჯორჯ ვაშინგტონი კოლონიაში ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანთაგანი იყო. ამავე წელს ის გააგზავნეს ვირჯინიის დელეგატად პირველ კონტინენტალურ კონგრესზე. ის ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე მისი ლიდერი გახდა. 1775–83 წლებში ვაშინგტონი კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად დანიშნეს, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.
ჯორჯ ვაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მიიღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს დაარსდა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ჯორჯ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ-ვერნონში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა და გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები