ფრთხილად, ოჯახის წევრებმა არ მოგატყუონ!
კანონის უცოდინრობა და ოჯახის წევრებისადმი ნდობა ადამიანებს ხშირად, ძვირად უჯდებათ. ბოლო წლებში არაერთი ადამიანი მინახავს უსახლკაროდ დარჩენილი, ოჯახის წევრისგან მოტყუებული და ქუჩაში გამოგდებული. ისინი ტკივილით საუბრობენ, თუ როგორ მოატყუეს, როგორ დაკარგეს წლების მანძილზე დაგროვებული ქონება და როგორ გაუსაძლის პირობებში უწევთ ახლა ცხოვრება. მოტყუებულ ადამიანებზე არაერთი სტატია დაგვიბეჭია ჟურნალ “გზაში”, მაგრამ როგორც ჩანს, სხვების მაგალითის გათვალისწინება ბევრს საჭიროდ არ მიაჩნია, მერე კი ახლობლების მიერ დაგებულ მახეში იოლად ებმებიან.
92 წლის მოხუცი – საფარი ბერია ორ წელზე მეტია, სამართალს ეძებს. ის მეუღლემ მოატყუა და ფეხმოტეხილი, შრომისუუნარო მოხუცი ქუჩაში გამოაგდო.
– ორი წელია, სამართალს ვერ მივაღწიე. იქნებ თქვენ დამეხმაროთ და სიმართლე მაპოვნინოთ. 92 წლის კაცი ვარ. რას წარმოვიდგენდი, თუ მეუღლე, რომელთანაც 23 წელი ვიცხოვრე, თაღლითი იქნებოდა? ზოია გუჩმაზაშვილმა, მისმა ძმამ – რობიზონმა და მათმა მამიდაშვილმა – მამუკა არაბიძემ ჩემი ქონების მისაკუთრება გადაწყვიტეს და თაღლითურად წამართვეს ორი სამოთახიანი ბინა, მერე კი ქუჩაში გამომაგდეს. მინდა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს მათი სახელები, რომ სხვების მოტყუება მაინც ვერ შეძლონ… ვიდრე ეს უბედურება დამატყდებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. ერთი სამოთახიანი ბინა სანზონაში მქონდა, ხოლო მეორე – გლდანის მასივში (ეს ბინა გაქირავებული გახლდათ). როცა ზოიას ცოლად ვირთავდი, რას წარმოვიდგენდი, ანგარება თუ ამოძრავებდა?
– როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?
– მეუღლე და ორი ვაჟი მყავდა. ცოლი ნაადრევად გარდამეცვალა, ორივე შვილი დაიღუპა: ერთი ოსეთის ომის დროს, მეორე კი ავტოკატასტროფაში და სულ მარტო დავრჩი. 69 წლის ვიყავი, მეუღლის შერთვა მეორედ რომ გადავწყვიტე. 1991 წელი იყო. მაშინ გაზეთში ქვეყნდებოდა განცხადებები და ერთ-ერთი ასეთი განცხადების წყალობით გავიცანი ზოია. ის ჩემზე 20 წლით პატარა იყო. განათხოვარი ქალი ცოლობაზე დამთანხმდა და შევუღლდით. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ნორმალური ცოლ-ქმრობა გვქონდა. 23 წელიწადი ერთად ისე ვიცხოვრეთ, არ გვიჩხუბია. ამ ხნის განმავლობაში შეიძლებოდა, შვილიც გვყოლოდა; ფეხმძიმეც იყო, მაგრამ ყოველთვის იშორებდა ნაყოფს და მიზეზს არ ამბობდა… ერთ დღეს მითხრა: მოდი, საფარ, ეს ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემს სახელზე გააფორმე, ჩვენი სიყვარულის ნიშნადო. დაუფიქრებლად დავთანხმდი. ბინას კი არა, ცოლს გულსაც მივცემდი. მოკლედ, ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმეთ. მეგონა, მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე, ტკბილად ვიცხოვრებდი, მაგრამ ასე არ მოხდა.
– ურთიერთობა როდის დაგეძაბათ?
– 2012 წლის 12 დეკემბერს ქუჩაში წავიქეცი და მარცხენა ფეხის თეძოს ძვალი მოვიტეხე, ლოგინს მივეჯაჭვე. თავიდან კარგად მივლიდა, მაგრამ როცა ექიმებმა მითხრეს, ოპერაციას აზრი არ აქვსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილი ცხოვრება ლოგინს მიჯაჭვული უნდა ვყოფილიყავი, ძალიან შეიცვალა, აგრესიული გახდა. ერთ დღეს მოურიდებლად მომახლა: არ შემიძლია შენი მოვლა. თუ გლდანის ბინას გადმომიფორმებ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგხედავო. მისი ეს სიტყვები სრული შოკი იყო ჩემთვის. მერე მისი ძმაც მოვიდა და დის სიტყვები გამიმეორა. სხვა გზა არ მქონდა, მარტოს საწოლში გადაბრუნებაც მიჭირდა და
დავთანხმდი. სრულიად უმწეოს, სიცხიან ავადმყოფს წყლის მომწოდებელიც არავინ მყავდა და ამიტომ გავრისკე. როგორც კი ჩემი თანხმობა მიიღო, სასწრაფოდ დაურეკა თავის ძმას. რობიზონ გუჩმაზაშვილმა სახლში მომიყვანა ნოტარიუსი და გავაფორმეთ გლდანის ბინის ჩუქება. როგორც კი მეორე ბინა გადაიფორმა, უფრო აგრესიული გახდა, სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ტკივილისაგან გული მიმდიოდა, ვიკრუნჩებოდი, ის კი დადგებოდა ჩემი საწოლის წინ, მაგნიტოფონს ჩართავდა და ცეკვას იწყებდა. ვეღარ ვუძლებდი ამ დამცირებას, ვიტანჯებოდი, ძალაგამოლეული ვიწექი და ვტიროდი. მერე ახლობლების მოსვლაც აკრძალა, – აქ შენიანი არავინ დავინახოო. იმასაც გაგიმხელთ, რომ ვიდრე ზოიას შევირთავდი, სხვა ქალთან ვცხოვრობდი და ქალ-ვაჟი მყავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთ დღეს ქალიშვილი მოვიდა ჩემს მოსანახულებლად, მაგრამ სახლში არ შემოუშვა. პატრულის გამოძახება დასჭირდა, რომ მამა ენახა. მაშინ მითხრა: მოდი, ორი კვირით გაერიდე ამ ქალს, ჩემთან წამოდი და ამასობაში იქნებ, ესეც დაფიქრდეს ყველაფერზეო. გავყევი შვილს. ცოტა რომ მოვმჯობინდი, სახლში წამომიყვანა, მაგრამ ზოიამ შინ აღარ შემიშვა. მითხრა, – სადაც გინდა, იქ წადი, ეს ბინები ჩემიაო. მას მერე სამართალს ვეძებ. მეზობლებიც შეიკრიბნენ, პატრულიც ჩავრიე საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი შვილი აფხაზეთიდან დევნილია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და არ აქვს საშუალება, თავისთან მაცხოვროს. თან, რა პრეტენზია უნდა მქონდეს შვილებთან, რომლებსაც ჩემი გვარიც კი არ აქვთ?! ცხადია, ზოიას ვუჩივლე. ამასობაში, გლდანის ბინა მამიდაშვილის – მამუკა აბრამიძის სახელზე გადააფორმა. ისე გააკეთეს, თითქოს გაიყიდა. მოსამართლე შორენა ჯანხოთელმა განიხილა საქმე და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ვინაიდან ქონება აჩუქე, ეს უკვე მისიაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოია აქეთ მიჩიოდა, თითქოს მას მივაყენე მორალური ზიანი და ჩემს პასუხისმგებაში მიცემას ითხოვდა. მეორე ინსტანციის სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ვიცი, დავაშავე, როცა ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ კანონიც არ ვიცოდი და რას წარმოვიდგენდი, ცოლი ასე თუ გამწირავდა? ალბათ, თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული ჩემი ბინების მისაკუთრება, მე სულელმა კი წლების განმავლობაში, ფუფუნებაში ვაცხოვრე.
ბატონი საფარის მონათხრობის მოსმენის შემდეგ, მისი ცოლის სანახავად წავედი. ბინის კარი დაკეტილი დამხვდა. მეზობლებს რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაგრამ ჩემთან ლაპარაკს თავი აარიდეს. მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:
– გაოგნებული და შეწუხებული ვართ. საფარის მომდურავს აქ ვერავის ნახავთ. წყნარი, კეთილი მოხუცი თავისთვის ცხოვრობდა. ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ქუჩაში დარჩა. სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევის უფლება არ გვაქვს, თორემ ვისაც უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ზოიას დედოფალივით აცხოვრებდა. ვწუხვართ, რომ საფარს ვერ ვეხმარებით… ბოლო დღეებში მისი ცოლი არ გვინახავს. არ ვიცით, სად წავიდა.
ქალბატონ ზოიას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ამიტომ მის დას დავუკავშირდი.
ციცინო გუჩმაზაშვილი:
– ჩემი და დაიღალა სასამართლოებით, ახლა დასასვენებლად წავიდა და ნუ შეაწუხებთ. დამთავრდა ყველაფერი. რაც უნდა, ის წეროს და იკითხოს პრესაში საფარმა, ჩემმა დამ სასამართლოთი მოიგო…
ცოტა ხანში ქალბატონი ციცინო ისევ დამიკავშირდა და მითხრა, ჩემს დას სურს თქვენთან გასაუბრებაო.
ზოია გუჩმაზაშვილი:
– ახლა ვისვენებ, ვერ შეგხვდებით, მაგრამ თუ გინდათ, ტელეფონით გაგესაუბრებით.
– ქალბატონო ზოია, 23 წელი ცხოვრობდით მეუღლესთან ერთად, მერე კი ის სახლიდან გააგდეთ. რატომ?
– ქუჩაშია? რატომ ფიქრობთ, რომ მე გავაგდე? 2 წელია მიმდინარეობს ამ სისულელეზე დავა და მე მოვიგე სასამართლო პროცესი, მაგრამ ახლაც არ ჩერდება. ბევრი მაქვს სალაპარაკო. ძალიან რთული ხასიათის კაცია, მაგრამ 23 წელი ვუძლებდი. ლაპარაკი არ იცოდა, სულ შუბლშეკრული იჯდა. კარგ განწყობაზე რომ დამეყენებინა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. შემეძლო მეცეკვა, მემღერა, ვართობდი ხოლმე. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ მის სახეზე ღიმილის დანახვა მენატრებოდა… 11 დეკემბერი იყო, ლოგინად რომ ჩავარდა. სამი თვე ვუვლიდი. შემეძლო, მაშინვე მიმეტოვებინა, მაგრამ არ გავაკეთე. ბოლოს და ბოლოს, თავიდანვე რომ მიმეტოვებინა, ბინა უკვე ჩემს სახელზე იყო გადმოფორმებული და ვერავინ წამართმევდა.
– მაშინ რატომ თქვით უარი მის მოვლაზე?
– საფარს ორი შვილი გარდაცვლილი ჰყავს და სულ მათ სიკვდილს დარდობდა… კიდევ, არაკანონიერი შვილები ჰყავს. გავიგე, რომ ქალიშვილი მამის გვარზე გადასვლას აპირებდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ საფარი გლდანის ბინას გადმომიფორმებდა, რადგან ის ფართობი გაქირავებული იყო. მისმა არაკანონიერმა შვილმა – დოდომ უთხრა: წადი ახლა და ეს ბინა სასწრაფოდ, ზოიას გადაუფორმეო. არ მინდოდა, მაგრამ მაინც, სასწრაფო წესით გადმომიფორმეს. თურმე, გეგმაში ჰქონდათ, რომ ბინა გადმოეფორმებინათ და მერე ეჩივლათ ჩემთვის. ალბათ უნდოდათ, ამ გზით მერე ბინაც წაერთმიათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, მე გავიმარჯვე.
– თუ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გაჩუქათ ბინა, ახლა რატომღა არ უბრუნებთ?
– …ხომ გითხარით, რთული ადამიანია. იყო დრო, როცა შევკარი ნივთები და მისგან წასვლას ვაპირებდი. მაშინ მეხვეწა, დამიჩოქა, – ოღონდ არ წახვიდე და ამ ბინას გაგიფორმებო. ვინ დაგიფიცოთ, რომ ქონების გამო არ წავყოლივარ? გორში მილიონის ქონება აქვს ჩემს ოჯახს, მაგრამ კაცი ბინას მჩუქნიდა და უარს ვიტყოდი? მგონი, ამაზე უარს არავინ იტყოდით… მეზობელმა ადვოკატს შემახვედრა და მან მირჩია, – ჩუქება გააფორმებინე, ყველაზე კარგი ვარიანტიაო. ნოტარიუსიდან რომ გამოვედით, შევატყვე, საფარი ანერვიულდა, ფერი დაკარგა. ვუთხარი, – ვიდრე ცოცხლები ვართ, ეს ბინა შენიც იქნება, ნუ ნერვიულობ-მეთქი. ახლა სასამართლოზე ამ ბინის დაბრუნებაც მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ უთხრა, – მაგაზე ნურც იოცნებებ, ამ ხელშეკრულებას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს და ჩივილითაც ვერ იჩივლებო.
რაც შეეხება მეორე ბინას, რომელიც გლდანშია: მართლა ჩემმა ძმამ მოიყვანა ნოტარიუსი ამ ქონების გადმოსაფორმებლად, მაგრამ ეს საფარის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. რობიზონმა უთხრა, – კარგად დაფიქრდიო, მაგრამ არ გადაიფიქრა. ნოტარიუსმა მითხრა, – ჩუქების ხელშეკრულება დაარეგისტრირეო. 4 დღეში რეგისტრაცია 50 ლარი ღირდა, სასწრაფოდ – 200. საფარმა მოითხოვა, სასწრაფოდ დამერეგისტრირებინა და საამისოდ ფულიც თვითონ მომცა. თუმცა, ის და მისი შვილი სასამართლოზე სხვანაირად ყვებოდნენ ყველაფერს. ახლა ვფიქრობ, სასწრაფოდ ჩემს სახელზე იმ ბინის ჩემზე გადმოფორმება იმიტომ უნდოდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ქონება დოდოს დარჩენოდა.
– არც ამაშია ლოგიკა, ქალბატონო ზოია: თქვენი ქონების მემკვიდრე საფარის შვილი ვერ გახდებოდა. უფრო ადვილად მიიღებდა მემკვიდრეობას, თუ ქონება მამამისის სახელზე იქნებოდა.
– საფარიზე ადრე თუ მოვკვდებოდი, ის ხომ იქნებოდა საფარის მემკვიდრე? ამ ორ წელიწადში ისე გავერკვიე კანონებში, ადვოკატი ვერ მაჯობებს!
– ამაში გეთანხმებით, კანონები ნამდვილად იცით…
– 52 წელი დოდო ნეფარიძე იყო და რატომ მოუნდა ბერია გამხდარიყო? უნდოდა, ჩემს ოჯახში მბრძანებელი გამხდარიყო… გლდანის ბინა უკვე გავყიდე და ახლა ვერც იმას მომთხოვს ვერავინ.
– მამიდაშვილს მიყიდეთ, არა? სადავო ბინა ასე სასწრაფოდ რატომ გაყიდეთ?
– 30.000 დოლარად მივყიდე მამიდაშვილს. მე და საფარმა მოვილაპარაკეთ ამ ბინის გაყიდვა. ძმის ვალი დამიგროვდა, საფარისთვის წამლებს რომ ვყიდულობდი და ვალს ხომ გასტუმრება უნდა?
– გასაგებია, რომ კანონის გზით მოუგეთ მეუღლეს სასამართლო პროცესი, მაგრამ მორალურად თუ გრძნობთ თავს დამნაშავედ, 92 წლის მოხუცი ქუჩაში რომ დარჩა თქვენ გამო?
– ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა, 12.000 დოლარს ვაძლევდი, მაგრამ არ გამომართვა და ახლა არც ამ ფულს მივცემ. მის წინაშე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. მას და მის შვილს ჩემთვის ორივე ბინის წართმევა უნდოდათ, მაგრამ შეეშალათ, კანონი ჩემს მხარეზე აღმოჩნდა.
წყარო: http://www.gzapress.ge