დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა – პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე

დამწვრობას, მოყინვას და ელექტროდენის ორგანიზმზე ზემოქმედებას ზოგჯერ საკმაოდ მძიმე შედეგი მოსდევს. გაგაცნობთ პირველი დახმარების წესებს, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია დაშავებულის გადარჩენა. დამწვრობისას პირველი დახმარების წესების გაცნობამდე თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ფართობს მოიცავს ესა თუ ის დამწვრობა, რა სიღრმისაა და რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს.

ალით დამწვრობა
დამწვარი ფართობი ხშირად დიდია. სიღრმით უმეტესად მეორე ხარისხის დამწვრობას შეესაბამება. შესაძლოა, დაზიანდეს მხედველობის ორგანოები და ზედა სასუნთქი გზები.

ცხელი სითხე
დამწვრობის ფართობი მცირეა, მაგრამ პროცესი ღრმად ვრცელდება. უმეტესად შეესაბამება მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობას.

ორთქლი
დამწვრობა დიდ ფართობს მოიცავს, მაგრამ არცთუ ღრმაა. ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

გავარვარებული საგნები
დამწვრობის ფართობი საგნის ზომას იმეორებს, აქვს მკვეთრი საზღვარი და საკმაო სიღრმე, ხშირად შეესაბამება მეორე-მეოთხე ხარისხის დამწვრობას.

მჟავა
დამწვრობა ღრმა არ არის, რაც მჟავას მაკოაგულირებელ ეფექტს უკავშირდება. ორგანიზმის ცილასთან მჟავას ურთიერთქმედების დროს წარმოიქმნება ქერქი, რომელიც ხელს უშლის მჟავას უფრო ღრმა ფენებში გავრცელებას.

ტუტე
ორგანიზმში ღრმად აღწევს, რადგან დამცავი ქერქი ტუტით დამწვრობის დროს არ წარმოიქმნება. პირველი დახმარების მთავარი მიზანი დამაზიანებელი ფაქტორის მოცილებაა. თერმული დამწვრობის დროს ადამიანი უნდა მოაცილოთ დაზიანების წყაროს და თუ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, დამწვარი ადგილი 15-20 წუთით შეუშვიროთ ცივ გამდინარე წყალს (აქტუალურია დამწვრობიდან 2 საათის განმავლობაში). ქიმიური დამწვრობის დროს საჭიროა კანის ჩამობანა, რათა აქტიური ნივთიერება განეიტრალდეს. ამ ეტაპზე არ შეიძლება ცხიმოვანი მალამოსა და სხვა ცხიმშემცველი პროდუქტების გამოყენება. არ არის რეკომენდებული დამწვარი ტანსაცმლის ფრაგმენტების მოცილება – ამას შესაძლოა დიდ ფართობზე კანის აცლა ან სისხლდენა მოჰყვეს, შედეგად კი – ჭრილობის ინფიცირებაც. დაშავებული შემდგომი დახმარებისთვის აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები