ბლოგი–ფლუიდები – ექსკლუზიურად “კვირა +სს”
დავჩექინდით გოგოები ვაკის “ლა პონჩიკში” – Felling great with – ნინი, ნატა, ელენე
დღეს ჩემი ამბების მოსმენის დღეა… ბევრი სიახლე და ცოტა დრო გვაქვს…
– 4 „პონჩიკი“ და 4 ყავა, თუ შეიძლება… დაიწყე რააა, გავრბივარ, ბავშვები დედამთილთან დავტოვე, მაგის თავი არ მაქვს… – დამაჩქარა ნინიმ და სიგარეტს მოუკიდა…
ნინი – 29 წლის, დაბადების ადგილი თბილისი, საცხოვრებელი ადგილი ვაკე. დამახასიათებელი თვისებები: მორჩილი, ადვილად მართვადი. ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული. ჰყავს ქმარი, 2 შვილი და უსიამოვენებები სახელად “დედამთილი” და “მამამთილი”. ქმარს სკოლის მერხიდან გაჰყვა ცოლად და საქალწულე აპკიც მას ჩააბარა. 1 წლის თავზე თბილისური ელიტის ოჯახს გვარის გამგრძელებელი ბიჭი გაუჩინა, სახელად კი “მამამთილი” დაარქვა, 2 წლის შემდეგ ოჯახში მეორე “დედამთილიც” გაჩნდა, მაგრამ მის ღიპიან მამამთილს და წიკიან დედამთილს მაინც არ ეპიტნავებათ. ცხოვრების მიზანი – ქმართან და შვილებთან ერთად ცალკე გადასვლა.
ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე… – სექსი მქონდა… ჩემგან მოულოდნელ ფრაზას მოყვა სამხმიანი – რააააააა???
– ალილუიააა… – „ლოცვა აღავლინა“ არაეკლესიურმა ნატამ უადგილო ადგილას და ყავა მოსვა…
– მოყევი!
ნატა – 30 წლის, დაბადების ადგილი თბილისი, საცხოვრებელი ადგილი საბურთალო. განათლება – დაამთავრა კემბრიჯის უნუვერსიტეტი, აქვს მაგისტრის ხარისხი. დამახასიათებელი თვისებები: თავისუფალი, დამოუკიდებელი, ხისტი, ამსხვრევს კლიშეებს. ჰყავს მეშვიდე Boyfriend-ი. თავს ბოზად არ თვლის. ლევანი თვითმფრინავში გაიცნო, ლონდონიდან რომ ბრუნდებოდა, გვერდი-გვერდ ისხდნენ, ორივეს მხედველობის სათვალე ეკეთა და ინგლისურ ენაზე ერთი და იგივე წიგნს კითხულობდნენ. უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობენ და ურთიერთობების დაკანონებას არ აპირებენ. მიზანი – წარმატებული კარიერა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.
– არააა… სექსი კი არა, რაღაც სასწაული მქონდა… – სიგარეტს მოვუკიდე, სავარძელზე გადავწექი და ყველა მომენტი მონტაჟურად გამიცოცხლდა… – ვისთან გქონდა სექსი? – გამომაფხიზლა ისევ ნატამ. სამი წყვილი დიდი, გაოცებული და კითხვებით სავსე თვალი მიყურებდა, სახიდან ღიმილი სასწრაფოდ მოვიშორე და გავაგრძელე…
– ლაშასთან… – ამოვთქვი და მათ რეაქციებს დაველოდე.
ლაშა ჩემი უამრავი წლის მეგობარია… იმდენი საერთო გვაქვს, ეჭვი მეპარება მაგდენი ბავშვობის დაქალებს ან „ტრუსიკის ძმაკაცებს“ ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, და-ძმობა ერთმანეთისთვის არასდროს შეგვიფიცავს და არც მეგობრობის სადღეგრძელოები გვისვია ერთად… სულ ვიცოდით, რომ პერიოდულად ერთმანეთი ისე გვჭირდებოდა, როგორც მორწმუნეს მოძღვარი, დეპრესიაში მყოფ ადამიანს ფსიქოლოგი, გიჟს ფსიაქიტრი, მშიერს საჭმელი და, უბრალოდ, ადამიანს ადამიანი. ლაშას ჩემი გოგოები კარგად არ იცნობენ, სულ რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი, თუმცა ჩვენი ურთიერთობა მათთვის რატომღაც ნათესაურ კავშირთან ასოცირდებოდა.
– არააააააააა!!! – რეაქცია და პასუხი ისევ სამმხმიანი იყო.
– გოგო, შენ სულ გაგიჟდი ხოო? – აუტყდა სიცილი ნინის, – ლაშა და შენ? გიყვარს?
– არა, – მოკლე და დამაჯერებელი პასუხი გავეცი რომანტიკოს ნინის.
– შენ, ბევრჯერ ნახე ხოო აშკარად ამერიკული მელოდრამა FRIENDS WITH BENEFITS? – მწარედ იხუმრა ნატამ და ოთხივემ საზოგადოების თავშეყრის ადგილის შეუფერებლად ხმამაღლა ვიცინეთ.
– ლაშა შენი ნათესავი არ არის? – გაოცებული სახით მკითხა ეკლესიურმა ელენემ.
ელენე – 28 წლის, დაბადების ადგილი სამტრედია, საცხოვრებელი ადგილი დიღომი. ოჯახური მდგომარეობა – განქორწინებული. ჰყავს ერთი შვილი, დედა, ძმა და პრობლემა, სახელად გიჟი, ყოფილი ქმარი, რომელსაც 5 წლის წინ გაშორდა. დამახასიათებელი თვისებები: მზრუნველი დედა, ხშირად საუბრობს მორალზე.
თბილისში ჩამოსული სტუდენტი ელენე, მალე მოხიბლა ძველი თბილისის უბანში გაზრდილმა ბიჭმა… ძველი თბილისის უბანში გაზრდილი ბიჭიც “ძველი” იყო და ნელ-ნელა შეასწავლა და შეაგუა ელენე ობმოკიდებული ბიჭების ტრადიციებს და მოთხოვნებს. იმისთვის, რომ ჩაკეტილი სახლი უფრო „მომხიბვლელი“ ყოფილიყო, დედამთილმა კულინარია შეასწავლა. მისი წონა, ასაკი და პროტესტი ერთდროულად იზრდებოდა. ბოლოს ჩათვალა, რომ ზრდასრული და საკმარისად დიდია და ჩაეწერა კურსებზე – როგორ გავზარდოთ შვილი დამოუკიდებლად? ეს კულინარიის კურსებზე უფრო რთული, მაგრამ გაცილებით სასიამოვნო აღმოჩნდა. მიზანი – შვილის სწორად აღზრდა და მის მომავალზე ზრუნვა.
– ლაშა ჩემი ნათესავი არ არის, მაინც ვერ ვხვდები რატო ამოიჩემეთ, რომ ნათესავები ვართ, მილიონჯერ მაინც მაქვს ეს ნათქვამი…
– იქნებ იმიტომ, რომ პოტენციალს ვხედავდით … ახლა უკვე შეიძლება დანათესავდეთ კიდეც, – იხუმრა ნინიმ.
– კარგი, გეყოფათ ეს სისულელეები, დაიწყე რა ბოლოსდაბოლოს ამბის მოყოლა, სანამ ესენი ქორწილის სიის შედგენაზე გადასულან, – დავალება მომცა ნატამ.
– ორივეს დეპრესია გვქონდა… კოქტეილისთვის მასალები ავიღეთ და მასთან სახლში ავედით… ცოტა დავლიეთ და ბევრი ვიცინეთ ჩემს ყოფილებზე, მის ყოფილებზე, ჩემს ამჟამინდელებზე და მის ამჟამინდელებზე. ღამის 3 საათამდე მუსიკას ვუსმენდით…წვიმაც დაიწყო… ხან მე მედო მის მუხლებზე თავი და ვხარხარებდი, ხან პირიქით… თუმცა არანაირი რომანტიკა… ყველაფერი ისე იყო, როგორც მანამდე…
– კიდევ ხომ არ დაამატებთ პონჩიკს ან ყავას? – ძალიან უდროო დროს შემაწყვეტინა საუბარი “ლა პონჩიკის” მომღიმარმა მიმტანმა გოგომ.
– არა მადლობა, – ღიმილითვე უპასუხა ელენემ და ისევ მე შემომხედა.
– იცით, დღეს ჩვენს მენიუში რამდენიმე სიახლეა, “ლა პონჩიკი” გთავაზობთ იტალიელი მზარეულის რეცეპტით დამზადებულ უგემრიელეს ტირამისუს… – არ ცხრებოდა მიმტანი და სხვა შეთავაზებების შემოთავაზებას აპირებდა… ნინის დედამთილი გაახსენდა, თან ჩემი ამბის End-ის მოსმენა უნდოდა და სწრაფად შეუკვეთა 4 ტირამისუ. მიმტანი გამარჯვებული გაემართა ბარისკენ.
– მოკლდე, ნასვამი ვიყავი და მანქანით ვერ დავბრუნდებოდი, მეორე დღეს უამრავი საქმე მქონდა და მანქანის დატოვება არ მინდოდა… “აუუუ დარჩი რაა”, საყვარლად მთხოვა ლაშამ და შემპირდა, მისი ერთადერთი საიდუმლოს მოყოლას, რომელსაც წლების განმავლობაში, ჩემი თხოვნის მიუხედავად, არ მანდობდა…
– რა საიდუმლო იყო? – მკითხა ნინიმ.
– ვერ მოვყვები, მის შეყვარებულს ეხება და ძალიან პირადია.
– მოიცადე, ლაშას შეყვარებული ჰყავს? – აშკარად იმედი გაუცრუვდა ელენეს.
– შენ მგონი ძალიან “გაევროპელდი”, – ისევ მწარე რეპლიკა ისროლა ნატამ.
– ხო შეიძლება, მაგრამ არაფერს ვნანობ, ამ სიამოვნებად ღირდა… ბოლოსდაბოლოს მივხვდი რა არის ორგაზმი…
ნინი: როგორც იქნა გეშველაა!
ნატა: გილოცავ!
ელენე: კარგია?
– რაღაც სასწაული… – ელენეს დაუფიქრებლად დასმულმა კითხვამ მიმახვედრა, რომ მას ეს სიამოვნება განცდილი არ ჰქონია, მაგრამ მაინც ჩემი ამბის მოყოლა გავაგრძელე. – მოკლედ ჩავწექით ლოგინში, ლაშამ ჩემთან დამალული ერთადერთი ამბავიც მოყვა, თემა განვიხილეთ, მერე რა თქმა უნდა ვიცინეთ და დავიძინეთ…
– იცინეთ და დაიძინეთ? ეს გგონია შენ ორგაზმი? – ამას ცინიკოსი ნატას გარდა ვერავინ მოიფიქრებდა. რა თქმა უნდა, ისევ ახარხარდნენ გოგოები.
– კი, დავიძინეთ და ისეთი სექსი გვქონდა, როგორიც არცერთ თქვენგანს ცხოვრებაში არ გქონიათ! – ისე წარმოვთქვი ეს ფრაზა, სამივემ დაიჯერა, მაგრამ თანხმობა არცერთს მოუცია. დაინტრიგდნენ… დაინტერესდნენ… და ყველა დეტალის გაგება მოუნდათ… ნინის დედამთილი დაავიწყდა, ელენეს შვილი და ნატას სამსახური…
ნინი: მოყვები თუ არა?
ნატა: შენ მგონი უბრალოდ კარგი სიზმარი ნახე.
– ნატა გამოიცანი, მე ყველაზე მაგარი სიზმარი ვნახე… –
პასუხი დამაბნეველი იყო, მაგრამ ისეთი, რომელსაც კითხვები აღარ უხდება… მიმტანმა საფერფლე გამოგვიცვალა და ტირამისუს ცარიელი ლამბაქები გააყოლა… ვერცერთმა გავიხსენეთ იტალიელი მზარეულის რეცეპტით მომზადებული ტირამისუს ვერც მოტანის და ვერც ჭამის პროცესი…
– ანუ ლაშასთან სიზმარში გქონდა სექსი? – მაინც დასვა დამანგრეველი კითხვა ელენემ.
– არ ვიცი სიზმარში თუ ცხადში, მაგრამ ეს ყველაზე რეალური და ცხადი სიამოვნება იყო, რაც კი აქამდე შემიგრძვნია… – ჩემი შეგრძნებების გადმოცემა რომ დავაპირე და სიტყვებს ძებნა დავუწყე, მესიჯი მომივიდა: “სიზმარა, რამდენ ხანში იქნები სახლში? მე ნახევარ საათში გავთავისუფლდები”
– უნდა გავიქცე, მიყვარხართ, სიზმრის გაგრძელებას მერე მოგიყვებით… – ჩავკოცნე გოგოები და ქუჩაში გამოვედი, კარი ღია დამრჩა, დასაკეტად რომ მივბრუნდი, გოგოები რაღაცაზე მსჯელობდნენ… აშკარად ვერ გაერკვიათ ჩემი ამბავი ცხადი იყო, თუ სიზმარი… “ლა პონჩიკში” კი 90-იანების სიმღერა ისმოდა: Eurythmics – Sweet Dreams…