“ჩვენ ეს შევძელით”
“თანატოლებთან ურთიერთობა მიხარია და მინდა კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო. მიყვარს სიმღერა, განსაკუთრებით ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები. ვუკრავ ხალხურ საკრავებზე. დოლზე დაკვრა ძალიან მომწონს.”
20 წლის გიგო შიუკაშვილი საზოგადოებამ “X ფაქტორიდან” გაიცნო. იგი თანაწამყვანთან ერთად კურსანტებს წარადგენდა და მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ სპექტაკლშიც გამოჩნდა, დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. გიგო დედისერთაა, დედა, ინგა სარჯველაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში უფროსის მოადგილეა. 4 წელზე მეტია პატიმრების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის კუთხით მუშაობს.
გიგო შიუკაშვილი:
-დამთავრდა პროექტი, სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა და ახლა არდადეგები დამეწყო. მეთორმეტე კლასში გადავედი, წელს ვამთავრებ სკოლას. ძალიან მინდა მსახიობობა, აუცილებლად ჩავაბარებ თეატრალურში, მინდა ბევრი სამსახური მქონდეს, ბევრი მეგობარი მყავდეს, ჩემი მეგობრები მიყვარს. ტელეწამყვანობა ძალიან მომეწონა, მინდა სხვა პროექტებშიც მივიღო მონაწილეობა, მომეწონა თათუკასთან ერთად მუშაობა. ვამხნევებდი ადამიანებს და ეს პროცესი მომწონდა.
გიგო, პროექტში როგორ აღმოჩნდი?
–ჩემი მეგობრები, კოკა და ნინო რომ გამოვიდნენ ნიჭიერში, მათთან ერთად მეც ვმონაწილეობდი, მათ უკან ვიდექი და ვცეკვავდი. მერე დამირეკეს და მითხრეს, ტელევიზიაში უნდა მოხვიდეო. თავიდან მითხრეს, ეს არის მოსინჯვა და ნუ შეიქმნი წინასწარ ისეთ განწყობას, რომ მოგიწევს ეკრანზე გამოჩენაო. დედამ მასწავლა, ათასჯერ უნდა მოვსინჯო და ბოლოს მაინც გამოვა. მართლა გამოვიდა, მიხარია, მაგრამ -X ფაქტორი- წელიწადში ერთხელ არის და მე მინდა უფრო მეტად გავხდე პოზიტივი, უფრო ხშირად ვჩანდე ეკრანზე. ჩემი დედა ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, რომ ასეთი თბილი დედიკო მყავს. ის მკაცრი საერთოდ არ არის. ხშირად მარიგებს ჭკუას და მაძლევს დარიგებებს
როგორია თქვენი ერთი დღე?
ინგა სარჯველაძე:
-დილის შვიდის ნახევარზე რეკავს ჩვენი მაღვიძარა, შვიდ საათზე მივდივართ დედა-შვილი ცურვაზე, მერე გიგოს ვტოვებ სახლში და მე სამსახურში მივდივარ. მთელი ცხოვრება ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, არასდროს მქონდა ისეთი სამსახური, სადაც შეიძლებოდა დრო მომეპარა, ამის მიუხედავად, სამსახურს არასდროს შეუძლია ხელი რომ შვილისთვის დრო მქონოდა და მიმეცა ის, რაც მას სჭირდებოდა.
-თქვენს დატვირთულ გრაფიკს გიგო არ აპროტესტებდა?
-გვაქვს შეთანხმება, მე ჩემი საქმე მაქვს, მას თავისი. პატარა ასაკიდან გიგო დამოუკიდებელი იყო. ჯერ ვერ მეტყველებდა, მაშინაც შეეძლო ენიშნებინა რა უნდოდა და მისი სურვილი სრულდებოდა. მშობელმა თავიდანვე უნდა გაითავისო, რომ შვილი არის დამოუკიდებელი პიროვნება, აქვს თავისი ცხოვრება, ის უნდა იყოს რეალიზებული. შენ ღმერთმა გარგუნა ბედნიერება იყო მისი დედა, რაღაც პერიოდი უნდა მწყემსო მისი ცხოვრება, აღზარდო და დააყენო გზაზე. მას ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება. არასდროს იღებს საყვედურს ახსნის გარეშე. ყოველთვის იცის, რასაც ვეტყვი, იმას შევუსრულებ. ძალიან ცელქი არ იყო. პატარაობიდანვე იცოდა, რომ დასჯა იყო ცუდი, თუკი ძალიან გამაბრაზებდა, ვეტყოდი, გიგო, იცოდე დაგსჯი, ყველაზე დიდი დასჯა მისთვის ამ სიტყვების თქმა იყო. ამ სიტყვებს გაიგებდა და მაშინვე იწყებდა, დედა არ დამსაჯო. ამ სიტყვების გამოყენება ცხოვრებაში რამდენიმეჯერ დამჭირდა.
-რა ასაკში შეგეძინათ შვილი და მისი დიაგნოზი წინასწარ იცოდით?
-21 წლის ვიყავი გიგო რომ შემეძინა, მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, გიგო იქ გაჩნდა. დაუნის სინდრომი იყო მისი დიაგნოზი, ჩვენს შორის ბევრი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. წინასწარ არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიმართლა, რომ მოსკოვში მოვხვდი, იქ დავდიოდი ორგანიზაციაში, სადაც ამ ყველაფერზე ლიტერატურა იყო. თავიდანვე მოვხდი ისეთ ხალხთან, რომლებმაც ბევრი რამე მასწავლეს. ჩვილობიდან მუშაობენ ასეთ ბავშვებთან, მაგრამ ძირითადად მუშაობა დედასთან და ოჯახის წევრებთან მიდის. მოსკოვში მართლა კარგი ცენტრი იყო, უამრავი ტრეინინგი გავიარე, უამრავი ლიტერატურა შევისწავლე. ორი წელი იქ ვიყავით. იქიდან ჰოლანდიაში უნდა წავსულიყავით საცხოვრებლად, რადგან იქ გენიალური სერვისები აქვთ ასეთი ბავშვებისთვის, ყველაფერი მზად მქონდა, ბილეთებიც კი ნაყიდი იყო, მაგრამ ბოლო წუთას გადავიფიქრე, ვთქვი, ჩემი შვილი საქართველოში უნდა გაიზარდოს-მეთქი და თბილისში წამოვედით. აქ ჩამოვაყალიბე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ასოციაცია, სპეციალისტები მოსკოვში გავაგზავნეთ განათლების მისაღებად. ნამდვილად არ იყო ეს მარტივი გზა, მაგრამ ეს ბავშვები ამას იმსახურებენ.
-ორგანიზაციაში რამდენი ბავშვი გყავდათ?
-ჩვენი ორგანიზაცია 1997 წელს შეიქმნა, წარმოიდგინეთ მაშინ რა პერიოდი იყო. საქართველოში არც კი არსებობდა ასეთ ბავშვებზე მონაცემებიც კი, რამდენი იყო, სად ცხოვრობდნენ. გენეტიკის ინსტიტუტში დავდიოდი და იქ ვიღებდი სათითაოდ მონაცემებს, ვადგენდი სად შემეძლო მომეძიებინა ისინი, რომ მათთვის სერვისები შემეთავაზებინა. ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, დადასტურებული დიაგნოზები როცა ვიცოდი და ვიცოდი ბავშვი ნამდვილად სახლში წაიყვანა ოჯახმა, იმ ოჯახში მივდიოდი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა პასუხებს ვიღებდი მათი მშობლებისგან. ჩემი ქმრის ბებია ჩინელია და ჩემი შვილი მაგას ჰგავს, თქვენ რაღაც შეგეშალათ. ასეთი ჭრელი თვალები აქვს ჩემს შვილს და თქვენ ნუ გგონიათ სხვა რამე. ბევრმა საერთოდ სახლიდან გამომაგდო. ოჯახები ამას მალავდნენ, ახლაც ბევრი მალავს, ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. როცა მშობელი საკუთარ შვილს მალავს, ის ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს, რადგან თვითონ ეწევა საკუთარი შვილის დისკრედიტაციას. ყოველთვის ვამბობდი, მოკიდე შენს შვილს ხელი, ქუჩაში თავისუფლად გადი და ამაყად აწიე თავი, იმიტომ რომ ჯანსაღი განწყობა გადამდებია. 20-წლიანი პრაქტიკა მაქვს და ეს გენიალურად ვიცი. არც იმის არ უნდა მოგერიდოს, რომ ეს საზოგადოებისთვისთვის უჩვეულოა. ხალხმა არ იცის როგორ მოიქცეს როცა გხედავენ, მათგან ყველაზე კარგი გამოხატულება არის სიბრალულის თვალებით გიყურონ. აბსოლუტურად არავის სჭირდება მათი სიბრალული. საერთოდ როდესაც ფიზიკური შეზღუდვით ადამიანს ხედავენ, ისმის, ვაი საწყალი, ეს არის მათი ყველაზე დიდი თანაგრძნობა. ის არ არის საწყალი, თუ შეგიძლია იმაში დაეხმარე, რომ მისთვის გარემო იყოს ადაპტირებული, რომ იყოს რელიზებული. გენიალური იქნებოდა ამ პრობლემით არ ყოფილიყო, მაგრამ სრულყოფილი არავინაა, მთავარია რეალიზებული იყოს. გიგო ყოველთვის ჩემთან ერთად იყო. როცა კიბეებზე მოვქროდი, ყველამ იცოდა რომ ბავშვი დამრჩა სკოლაში და იქ გავრბოდი. გიგომ იცოდა, მაქსიმუმ 20 წუთს დავიგვიანებდი და ისიც მოთმინებით მელოდა. მან გენიალურად იცის, რომ მე მაქვს ჩემი საქმე. გიგოც ძალიან დატვირთულია, მას თავისი გრაფიკი აქვს, რომელსაც თვითონ ადგენს, თვითონ მოძრაობს, სულ არ არის ჩემზე ჩამოკიდებული. დროის მენეჯმენტი კარგად მაქვს აწყობილი, აუცილებლად კვირაში ერთი დღე სადმე გავდივართ დედა-შვილი, გავისეირნებთ, ან კინოში, ან თეატრში მივდივართ. აქტიური ცხოვრება გვაქვს, ვერ დავიწუწუნებთ. რაც მენანება, დროის დაკარგვაა. დრო ფულზე მეტია, ეს არის აუნაზღაურებელი და ვცდილობთ მაქსიმალურად ავინაზღაუროთ.
-თქვენი ორგანიზაციის საქმიანობას დავუბრუნდეთ, საბოლოოდ რამდენი ოჯახის დარწმუნება შეძელით?
-მაშინ მთელი თბილისის მასშტაბით 10 ბავშვის ოჯახი დავიყოლიე. არ არსებობდა გრანტები. ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩვენი ოჯახი იყო, ჩვენი სახსრებით ვარსებობდით. ამ ოჯახების დარწმუნება ადვილი არ იყო. მივედი ოჯახში, დავიწყე საუბარი და მაშინვე რომ არ გამომაგდეს, ეს დიდი მიღწევა იყო, იმას ნიშნავდა, რომ შეიძლებოდა მათთან საუბარი. თან მე ამ დროს 2 წლიანი გამოცდილება მქონდა და ეს მათთვის საინტერესოც იყო. ისინი ფიქრობდნენ, ნუთუ შეიძლება ბავშვმა სიტყვა თქვას, სიარული ისწავლოს, ბაღში, სკოლაში წავიდეს. ეს მათთვის შოკისმომგვრელი იყო. კარგი ლიტერატურე, ფოტო და ვიდეომასალები მქონდა ჩამოტანილი, ამას ვაძლევდი მათ გასაცნობად. ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, როცა ხედავდნენ, რომ ჩემი შვილი უკვე იყო რეალიზებული. გადამზადების შემდეგ პროფესიონალები ჩვენთან უხელფასოდ მუშაობდნენ, წელიწადნახევარში შეწყვიტა ორგანიზაციამ ფუნქციონირება, მაგრამ ეს მაინც დიდი მიღწევა იყო, 10-მა ოჯახმა მაინც ნახა რომ შესაძლებელია რაღაცას მიაღწიოს. ზუსტად იცოდნენ, თუ იმუშავებდნენ შედეგი იქნებოდა. მაშინ ამ თემების გაშუქებაც არ ხდებოდა. მუშაობა ასეთ ბავშვებთან ჩვილობის ასაკიდან უნდა დაიწყო. ორსულობის დროს არ ვიცოდი, ასეთი შვილი რომ მეყოლებოდა. ახლა ტესტიც კეთდება და მშობლები ემზადებიან წინასწარ ამისთვის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამას ძალიან დიდი სტრესული პერიოდი ახლავს. არავინ არ გაამტყუნოს ის მშობელი, რომელიც არაადექვატურია, მისთვის ეს არის უდიდესი შოკი. არ იცის როგორ მოიქცეს. კარგია, რომ გაჩნდა ცენტრები და ახლა ბევრი შესაძლებლობა არსებობს. გიგო რომ გაჩნდა, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თავიდან ვებრძოდით მის ჯანმრთელობას, ეს პრობლემა დავძლიეთ და თვეების მერე კი ძალიან გამიმართლა და მოვხვდი ორგანიზაციაში, სადაც ბევრი რამ ვისწავლე.
-ასეთ დროს ოჯახის წევრების დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს
-ჩემი ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ისინიც ისეთივე სტიგმატიზირებულები არიან, როგორც სხვები. არ გვინდა სხვა ქურქის შემოცმა, ჩვენთვის, დედებისთვისაც ძალიან მძიმეა, თუკი არ გაქვს ინფორმაცია, შენც ხდები სტიგმის მსხვერპლი. ძალიან მძიმეა როცა გეუბნებიან შენი შვილი ვერასდროს ისწავლის, ვერაფერს გააკეთებს. სამწუხაროდ, დღესაც მესმის, რომ ექიმები იგივე აგიტაციას უწევენ დედებს, ეს არის შოკისმომგვრელი, მითუმეტეს როცა ამხელა ასპარეზზე გამოჩნდნენ ასეთი ადამიანები და ხედავენ რომ ისინი რეალიზებულები არია, ყველგან ჩანან, ამის მიუხედავად ასეთი ფრაზები მაინც ისმის ექიმებისგან. სასიამოვნოა, რომ ჩვენ ყველაფერში პირველები ვართ, ბაღში პირველები წავედით, პირველები ვიყავით სკოლაში, პირველები გამოვჩნდით სცენაზე, სპექტაკლზე, პირველები ვამთავრებთ სკოლას. გიგო 21-ე საჯარო სკოლაში დადის, წლის დასაწყისში სპეციალური პროგრამა დგება მისთვის და ვიცით მთელი წელი რა უნდა გავიაროთ, მომავალ წელს ავიღებთ ატესტატს და პირველები ვიქნებით და ჩავაბარებთ უმაღლეს სასწავლებელში. ზუსტად ვიცი, მიაღწევს იმას, რაც უნდა.
გიგო შიუკაშვილი:
-თანატოლებთან ურთიერთობა მიხარია და მინდა კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო. მიყვარს სიმღერა, განსაკუთრებით ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები. ვუკრავ ხალხურ საკრავებზე. დოლზე დაკვრა ძალიან მომწონს. ბევრს ვკითხულობ, განსაკუთრებით ვეცნობი ავტობიოგრაფიებს. მაჩუქეს წიგნი კინოს და თეატრის მსახიობები და სიამოვნებით ვკითხულობ. ვუყურებ კინოს და მერე ვარჩევ შინაარსს. ძალიან მომწონს ცხენოსნობა, მინდა სპორტის ამ სახეობაში მივიღო მონაწილეობა და ვიყო წარმატებული. მე და დედა ხშირად დავდივართ რესტორანში, ან ბუნებაში, სადაც სუფთა ჰაერია, კარგი გარემოა. დედას უყვარს ცურვა და მეც შემაყვარა. ძალიან მომეწონა პოპულარობა, ჩვენი სპექტაკლი რომ დაიდგა, დარბაზში ხალხი ფეხზე იდგა და დიდხანს ისმოდა ტაში, ეს მომეწონა. მე კინოს მსახიობი გამოვალ.
ინგა სარჯველაძე:
-დღის ცენტრში დავდიოდით 2006 წელს და მაშინ იქ რეჟისორმა დაიწყო ამ ბავშვებთან მუშაობა, თქვა რომ დადგამდნენ სპექტაკლს. არც ერთი მშობელი არ ვუყურებდით ამას სერიოზულად, მერე ბავშვებს ფორმები ჩააცვეს, ბოლოს ათონელის თეატრის სცენაზე რომ დაიდგა სპექტაკლი და ამას ვუყურებდით მშობლები, ეს ჩვენთვის სრული შოკი იყო. ლამის დაინგრა იქაურობა ემოციებისგან. თითოეული მათგანი ისეთი რეალიზებული იყო, მშობლებს ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ეს ჩვენმა შვილებმა შეძლეს. 9 წლის მერე ეს სპექტაკლი -პატარა უფლისწული- ხელახლა წელს დაიდგა. ჩვენი რეჟისორი ლაშა როსტომაია ახლა გერმანიაში მუშაობს, ჩამოვიდა და თვენახევარში დადგა იგივე სპექტაკლი, ეს გენიალური იყო. მაშინ ვინც ითამაშა იქიდან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა, იყვნენ ახლებიც, ძალიან გახარებულები ვიყავით. გიგო მუსიკალურიც არის. კარგი პლასტიკა აქვს. ძალიან დაკავებულია, ან წრეზე დადის, ან სპორტზე, ან მეცადინეობს, ერთი სიტყვით ყველაფერში ჩართულია.
მშობლებს სულ ვეუბნები, ნუ შეშინდებით, რომ ამ ბავშვებთან გექნებათ ბევრი სამუშაო და ნურასოდეს იტყვით, მე ცხოვრებაში არასდროს არ ვიქნები რეალიზებული. ბევრს ვმუშობდი ჩემს შვილთან, მაგრამ მეც ყოველთვის რელიზებული ვიყავი, სულ მქონდა ჩემი საქმე. ბევრმა დედამ, რომელსაც ჩაკეტილი ჰყავს თავისი შვილი, არ იცის რამდენს კარგავს და რამდენს აკარგინებს შვილს. მიხედ-მოიხედეთ, დღეს ჩვენ გარეთ ვართ, ჩვენ ეს შევძელით იმ პირობებში, როცა არანაირი სერვისი არ იყო ამ ქვეყანაში. ახლა ყველა გზა გაკვალულია, სერვისებიც არის და ბევრად უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ სხვა დედებს. მთავარია არ გაჩერდე, გინდოდეს და ყოველთვის ყველაფერი გამოვა, ჩვენც ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს.
გიგო:
-მე იცით კიდევ რა მინდა? რომ ციხეში არ იყოს ამდენი ადამიანი. ჩემი დედიკო უფრო თავისუფალი იყოს და ბევრმა ადამიანმა იცხოვროს ბედნიერად და იყოს გახარებული.
-ინგა, იქნებ თქვენს საქმიანობაზეც გვიამბოთ, რატომ გადაწყვიტეთ სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობა?
-საჯარო მოხელე ვარ მთელი ცხოვრება. ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში, მერე სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის დირექტორმა მთხოვა მასთან ერთად მემუშავა. ერთი რამე აქვს სასჯელაღსრულებას, თუ გამართულად მუშაობ, მყისიერად გაქვს შედეგი. მსჯავრდებულს გარკვეული პრობლემები აქვს, მასთან მუშაობით შედეგს რომ აღწევ, პროფესიული კმაყოფილება გეუფლება, უფრო მეტად მოტივირებული ხარ. მინუსი კი ის არის, რომ სისტემა გითრევს და სხვაგან ვერ მიდიხარ. ხშირად მიწევს პატიმრებთან ურთიერთობა. დახურულ სივრცეს ყოველთვის ახლავს სტრესი, როცა შენს უკან ალაყაფის კარი იკეტება, ისეთი განცდა გაქვს, რომ ვიღაცამ შეგზღუდა, ეს ნამდვილად შემბოჭველია. პატიმართან ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ისე არ გაუმართლად, როგორც ჩვენ და განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. როცა მათთან შევდივარ, ნამდვილად არ მაინტერესებს რისთვის იხდის სასჯელს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს პიროვნებას, რომელიც ჩემს წინ დგას, იმას რა პრობლემები აქვს და რა საჭიროებები. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები როცა ბენეფიციარს ხვდებიან, მათ მართლა არ უნდა აინტერესებდეთ მისი დანაშაული. კონტაქტი ჯერ უნდა დაამყარო იმ ადამიანთან და არა მის დანაშაულთან. როგორც კი იცი მისი დანაშაული, მითუმეტეს თუ დანაშაული მძიმეა, ყველანი ადამიანები ვართ და პირველ რიგში მოდის მისი დანაშაული, მერე მისი პიროვნება. ამიტომ ჯერ ვამყარებთ პიროვნებასთან ურთიერთობას, მერე საერთოდ არ გიშლის ხელს მასთან მუშაობაში მისი ჩადენილი დანაშაული.
-რამდენად ადვილად იხსნებიან ისინი თქვენთან?
-ის მაშინვე გრძნობს შენს დამოკიდებულებას, გენიალურად ხვდებიან ამას, სხვა გრძნობა აქვთ განვითარებული, ხვდებიან ნამდვილად გულთან მიგაქვს თუ არა მისი პრობლემა, ნამდვილად გინდა თუ არა მისი დახმარება. თუ გახსნილი ხარ, ისინიც საკმაოდ გახსნილები არიან შენთან. ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომები, ამის დანერგვა სისტემაში დაიწყოი. მულტი ჯგუფი მუშაობს, ერთდროულად მუშაობს მასთან: ექიმი, ფსიქოლოგი, რეჟიმი, სოციალური მუშაკი, ყველა სათითაოდ სწავლობს ამ ადამიანს თავისი მიმართულებით, მერე ამ ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. სულ სხვა არის რეჟიმის და სოციალური მუშაკის თვალით დანახული მსჯავრდადებული, რომ არ ვიყოთ სუბიექტურები და ვიყოთ ნამდვილად რეალისტურად განწყობილები, ამისთვის მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა. მულტი ჯგუფი განსაკუთრებულად ზრუნავს პატიმარზე და ისინიც განსაკუთრებულად იხსნებიან ჩვენთან.
-პატიმართან მუშაობდა დაკავებისთანავე იწყება?
-შესვლის წუთიდან ხდება მათთან მუშაობა. არ შეიძლება მსჯავრდადებული თუნდაც რაღაც პერიოდი უყურადღებოდ გყავდეს. მისი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, მარტო დაწესებულებაში ჩაკეტვა შედეგს არ მოგცემს. მართლა რეაბილიტირებულები უნდა გამოვიდნენ ისინი იქიდან. მეორეა, როცა გამოდის გარეთ სოციუმში რომ ხვდება, ასეთ დროსაც მას სჭირდება დახმარება. საკმაოდ დიდი სტრესია, როცა ის გამოდის. მას აქვს ზუსტად ორი თვის გეგმა, ვინ უნდა ნახოს, ვისთან უნდა დალიოს, რა უნდა გააკეთოს და ამის იქით რა უნდა გააკეთოს, ამაზე გეგმაც კი არ აქვს, აქ უკვე პრობაცია უნდა ჩაერთოს, თუ ადამიანი პრობაციონერია მაშინ, თუ სასჯელი კალენდარულად მოიხადა, მაშინ იუსტიციის სამინისტროს პრევენციის ცენტრი მუშაობს მასთან. რა პრობლემები ჰქონდა, როგორ ვიმუშავეთ, ეს ისტორია მიჰყვება მას და პრევენციის ცენტრი ამის მიხედვით აგრძელებს მუშაობას. სისტემური მიდგომები ახლა ინერგება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განთავისუფლებულმა მორიგი დანაშაული არ ჩაიდინოს. აქ ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია თემის და მუნიციპალიტეტების ჩართვა. საზოგადოება სტიგმატიზირებულია, ყოფილი პატიმარი ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, ამაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება არ იყოს საზოგადოებაში. ასევე უმნიშვნელოვანესია მათი დასაქმებაც. დაწესებულებებში აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პროფესიას დაეუფლონ, თუკი ის ყველაფერს გამოივლის და დასაქმდება, მისი შემოსავალი იქნება თუნდაც მინიმუმ, ის უკვე რეაბილიტირებულია და ეს თითოეული ჩვენთაგანის დიდი გამარჯვებაა. ყველა ერთად ვიბრძვით, რომ ამას მივაღწიოთ. ამოსავალი წერტილია მივცეთ ალტერნატიული პროფესიები ამ ადამიანებს, ვასწავლოთ იმ დონეზე ხელობა, რომ რეალურად პროფესია ჰქონდეთ.
-ყველაზე მეტად ალბათ მაშინ უჭირთ, როცა პირველად ხვდებიან დაწესებულებაში, მათთან განსხვავებული მიდგომა გაქვთ?
-სტრესულია, როცა აკავებენ ადამიანს და ახალი შესულია დაწესებულებაში, სტრესულია მაშინაც, როცა -უდოს- პერიოდი უწევს და უარს იღებენ განთავისუფლებაზე, ესეც ძალიან სტესს იწვევს მათში და არანაკლებ სტრესულია, როცა თავისუფლდებიან, ამიტომ მათთან მუშაობა მუდმივად საჭიროა.
-ახლახანს გაიხსნა სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულება, იქ პატიმრები რა ნიშნით მოხვდნენ?
-დიდი ხანია ვემზადებოდით ამისთვის. ეს არის მართლა სანიმუშო რეფორმა. მე-16 დაწესებულება გახლავთ დაბალი რისკის დაწესებულება, აქ პატიმარი თავისი ქცევის მიხედვით ხვდება. როცა ადამიანს სასჯელს უსჯიან, ის ხვდება სისტემაში, ამის მერე ის თავისი ქცევით თვითონ აირჩევს რა რისკის მქონე დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. მე-16 დაწესებულებაში ნებისმიერ მსჯავრდადებულს შეუძლია მოხვედრა, თუკი ის მოიქცევა კარგად. ასეთ დროს პატიმარი აკეთებს განაცხადს, რომ უნდა დაბალი რისკის მქონე დაწესებულებაში მოხვედრა, დაწესებულებაში მასთან მუშაობს მულტი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ ადამიანს, აკეთებს შესაბამის დასკვნას და ეს ფორმა იგზავნება მერე პენიტენციურ დეპარტამენტში, სადაც კიდევ ერთი გუნდი განიხილავს მულტი ჯგუფის გამოგზავნილ დასკვნას და ის წარუდგენს საბოლოო რეკომენდაციას დაწესებულების დირექტორს. ამით ორმაგი გადაზღვევა ხდება, რომ სუბიექტურები არ ვიყოთ. თუკი მოთავსდა ადამიანი დაბალი რისკის მქონე დაწესებულებაში, მაგრამ მერე ჩაითვალა, რომ ის რეგრესისკენ წავიდა, გაუარესდა მისი მდგომარეობა, მაშინ მას ისევ უკან დააბრუნებენ. სისტემაში მუდმივად მოძრაობა მოხდება, მსჯავრდადებული მისი ქცევიდან გამომდინარე მოიხდის დაკისრებულ სასჯელს. მალე გაიხსნება მე-6 დაწესებულებაც, სადაც მაღალი რისკის მქონე პირები იქნებიან, ლაითურის გახსნას კი კიდევ სჭირდება დრო. ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმა კარგად დაალაგებს სიტუაციას და კარგ შედეგს გამოიღებს.
წყარო:http://www.gzapress.ge