1996 წელი. წინანდალი, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი. ეზოში შესვლამდე კლასის დამრიგებელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიას გვიყვება.
ემოციები და შთაბეჭდილებები, რომელიც სახლ-მუზეუმში შესვლის შემდეგ მივიღე, ახლაც კარგად მახსოვს. მას შემდეგ იყო ბევრი მუზეუმი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები… რამდენიმე დღის წინ კი ისეთ განსხვავებულ და უცნაურ მუზეუმში აღმოვჩნდი, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.
ჩვეულებრივი მუზეუმებისგან განსხვავებით, ამ “საგამოფენო დარბაზში” წარმოდგენილი ექსპონატები არც ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამკაულები, არც ჭურჭელი ან ისტორიული ნივთებია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მუზეუმში, პალეობიოლოგიური, ორნითოლოგიური (ფრინველები), მამოლოგიური (ძუძუმწოვრები), იქთიოლოგიური (თევზები) და აგრეთვე ბოტანიკური (ჰერბარიუმების სახით) 500-მდე ექსპონატია. პირველ ემოციებს გაოცება, გაოცებას კი შიში ცვლის, როდესაც კოლბებში მოთავსებულ ანომალური ნაყოფისა და ემბრიონების განყოფილებასთან ვჩერდებით. ეს ის ადგილია, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს შეძლებენ ნახონ ექსპონატები…
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქალბატონი ელენე აბზიანიძე საუბარს მუზეუმის ისტორიით იწყებს. ამბობს, რომ ექსპონატების ნაწილი თითქმის ორი საუკუნისაა.
– ბიოლოგიური მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრასთან დაარსდა, გასული საუკუნის 40-იან წლებში, პროფესორ ვალერიან როსტომბეგოვის მიერ. მინდა გითხრათ, რომ მუზეუმი ყოფილ საბჭოთა კავშირის სამედიცინო ინსტიტუტებს შორის ერთადერთი იყო. აქ დაცული საექსპოზიციო მასალების ნაწილი წარმოადგენს კავკასიის მუზეუმის (1852-1919) ექსპონატებს. 1983 წელს, ხანძრის გამო ექსპონატების ნაწილი დაზიანდა. წლების განმავლობაში მუზეუმი გაუქმებული იყო. 1996 წელს, როდესაც უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა და აღმოვაჩინე, რა მდგომარეობაში იყო მუზეუმი თავისი უნიკალური მასალით, ძალიან მომინდა მისი აღდგენა. ორი თვის განმავლობაში, ყველა თანამშრომელი ვიყავით ჩართული პროცესში. მიუხედავად უმძიმესი გარემო პირობებისა, შევძელით მუზეუმის აღდგენა. მართალია, გრძელი და რთული გზა განვვლეთ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ მომავალ თაობას შემოვუნახავთ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა წლების წინ შექმნეს. დღეს ეს მუზეუმი უკვე ჩვენი ისტორიაა. აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად მოწვეული გვყავდა სამუზეუმო საქმის ექსპერტი, გია ზარქუა, რომელმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა, აღადგინა თითოეული ნიმუში და შექმნა შესანიშნავი ექსპოზიციები.
– იქნებ უშუალოდ მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებზე მოგვიყვეთ…
– მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები. პალეობიოლოგიური ექსპონატებიდან აღსანიშნავია სილურული, კემბრიოული და იურიული პერიოდის მოლუსკების, ტროლობიტების, ამონიტებისა და გრაფტოლიტების უნიკალური გაქვავებული მასალები. შემდგომ წლებში მუზეუმის მასალები შეივსო ქართველი მეცნიერების მიერ, საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემური და უნიკალური ჯგუფებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ემბრიოლოგიური ექსპოზიცია – ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების (ამნიოცენტული გარსით) ამსახველი ექსპონატები. არანაკლებ საინტერესოა ემბრიოლოგიური პათოლოგიების ამსახველი პრეპარატები (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, და სხვა).
– რაც შეეხება ანომალიების გამომწვევ მიზეზებს?
– მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი. ასევე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მემკვიდრული დაავადებები შედარებით იშვიათია. თანდაყოლილი დეფექტები, მიოკარდიუმის ინფარქტი, სიმსივნეები, გონებრივი განვითარების დარღვევები, დიაბეტი გვხვდება ყოველი სამი ადამიანიდან ორში და ისინი უარყოფითად მოქმედებს დაავადებულ ინდივიდთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ბევრი ამ დაავადებებიდან გენეტიკური ფორმისაა და გაცილებით ხშირია ავადმყოფთა ნათესავებში, ვიდრე – პოპულაციაში; ისინი გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთმოქმედებით და
P.s. დაახლოებით ერთი საათი დავყავი სამედიცინო უნივერსიტეტში. იქ მიღებული შთაბეჭდილებები სხვა მუზეუმებში მიღებული შთაბეჭდილებებისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა… ელენე აბზიანიძის ინფორმაციით, ბოლო დროს ანომალიების ფაქტები გახშირდა. სამწუხაროა, რომ მისი ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, არც ზუსტი რაოდენობის და არც გამომწვევი მიზეზების მხრივ… ახლა მიდის ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მშობლების ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საკმაოდ მაღალი პროცენტული წილი მოდის თანდაყოლილი მანკებით დაბადებული ბავშვების სახით.
წყარო: http://www.gzapress.ge