ნატალია ვოდიანოვას დის შესახებ არაერთხელ დაუწერია. ბევრმა იცის ამ რუსი კონკიას ამბავი – რუსეთის პროვინციაში გაზრდილმა ღარიბმა გოგონამ სრულიად შემთხვევით ამოყო თავი მოდის სამყაროში, საკმაოდ წარმატებული გახდა და ახლა სხვებსაც ეხმარება. თუმცა მისი დედა და უმცროსი და კვლავ რუსეთში ცხოვრობენ და ნატალია ხშირად ჩადის მათთან. ნატალიას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ნატალია მასზეც ძალიან ზრუნავს და მისნაირ ადამიანებზეც. ხშირად უსაუბრია ინტერვიუებშიც, ახლა კი თავის გვერდზე დიდი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ ოქსანას დისკრიმინაციას ეხება:
“ძვირფასებო, სიტუაცია, რომელიც ჩემს დას ოქსანას გუშინ შეემთხვა, ერთეული შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომელშიც ყველა ოჯახი ცხოვრობს, სადაც განსაკუთრებული განვითარების მქონე ბავშვები იზრდებიან. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს სიგნალია საზოგადოებისთვის, რომელიც იქნებ მან მოისმინოს.
დავწრილებით გიამბობთ, რათა არ დავამახინჯო მოვლენათა ქრონოლოგია:
გუშინ, როცა დედა მიშაობდა, ძიძამ წაიყვანა სასეირნოდ ჩემი და. ოქსანას რამდენიმე წლის წინ დაუდგინეს აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის დიაგნოზი, ის განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანია. შეუძლია რამდენიმე საათი ისეირნოს, ხანდახან – 6 საათიც კი და ჩვეულებრივ, დედა და ძიძა კაფეში შედიან ხოლმე, რომ ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ შეისვენონ, ჩაი დალიონ და განაგრძონ სეირნობა.
გუშინ ძალიან ცხელოდა და ერთსაათიანი სეირნობის მერე დაღლილები შევიდნენ ერთ-ერთ კაფეში – “ფლამინგოში”. სამუშაო დრო იყო და კაფეში ერთი კლიენტის გარდა არავინ იყო. მათ მაშინვე მიუახლოვდა ოფიციანტი და უთხრა, რომ აქ ისე ჯდომა არ შეიძლება, რაიმე უნდა შეუკვეთონ. ძიძამ ფინჯანი ჩაი სეუკვეთა, რაზეც ოფიციანტმა უპასუხა, რომ ჩაი “ფლამინგოში” მხოლოდ დიდი ჩაიდნებითაა და 300 მანეთი ღირს. ძიძას ეძვირა და ოქსანას შოკოლადი უყიდა.
მოულოდნელად კაფეს მეპატრონე მივიდა მათთან და უხეშად მოსთხოვათ: “თუ შეიძლება, წადით. თქვენ ჩვენს კლიენტებს აფრთხობთ. წადით იმკურნალეთ და თქვენი ბავშვიც ამკურნალეთ. მერე მოდით საზოგადოებრივ ადგილას”.
ძიძამ ბოდიში მოუხადა, უპასუხა, რომ ეს განსაკუთრებული ბავშვია, ჯობს ცოტა დაისვენოს და მერე თვითონ წავა. მეპატრონე გაჯიუტდა, უარი თქვა ლოდინზე და დაცვის გამოძახებით დაემუქრა. ჯერ არასდროს გამოუგდიათ კაფედან არც დედაჩემი და არც ოქსანას ძიძა. ამიტომ გაოგნებულმა ძიძამ დედაჩემს დაურეკა, რომ ეკითხა, როგორ მოქცეულიყო ასეთ სიტუაციაში – იცოდა, რომ ოქსანასთვის რაიმეს დაძალება სრულიად გამორიცხულია.
სანამ დედა მათკენ მიდიოდა, ოქსანას დაცვის წევრი დაუდგა გვერდით და არ მოცილებია. ხოლო როცა დედაჩემი მივიდა, ასე მიახალეს: “წადით, თორე, ფსიქიატრებს გამოვიძახებთ და სარდაფში ჩაგკეტავთ”.
კაფეს ერთადერთმა კლიენტმა, რომელიც უკვე იხდიდა ანგარიშს, ოფიციანტს სთხოვა, ბავშვისთვის თავი დაენებებინათ, ის არავის უშლიდა ხელს.
დედაჩემმა რომ გაიგო, რა ხდებოდა, სცადა ნამუსზე აეგდო კაფეს ადმინისტრაცია: ბავშვი ისვენებს, არავის ხელს არ უშლის, სუფთად ჩაცმულია, მოვლილია, არავის აშინებს, თანაც, კაფე უკვე სრულიად ცარიელია, ეს ბავშვი კი განსაკუთრებულია, თვითონ უნდა დაისვენოს და წავიდეს, ძალით თუ გააგდებენ, ძალიან ინერვიულებს, შეიძლება იტიროს და იყვიროს კიდეც. დედა ცდილობდა აეხსნა ეს ყველაფერი, მაგრამ მეპატრონემ ახლა მას გაუმეორა:
“წაიყვანეთ. ჯერ უმკურნალეთ და მერე იარეთ საზოგადოებრივ ადგილებში”.
ამის მერე უკვე ძალით ეცადნენ მათ გაყვანას, პოლიციითაც დაემუქრნენ. დედა, ძიძა და ოქსანა გამოვიდნენ, თუმცა დედა შებრუნდა და შეპირდა მათ, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა. რადგან ეს არ იყო მისი კერძო საქმე, ეს უკვე იყო ზოგადად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულება.
როცა უკვე გამოდიოდა, იცებ პოლიცია მიადგა ავტომატებით და გამოუცხადეს: “სდექ! წამოგვყევით განყოფილებაში. წვრილმანი ხულიგნობისთვის გიჭერთ”.
ოქსანა ვერ ჩასვეს მანქანაში, მხოლოდ დედა წაიყვანეს ადგილობრივ განყოფილებაში. როცა იქ მიიყვანეს და გაერკვნენ, ვინ იყო, შეეშინდათ – ამ საქმეს ჩვენ ვერ მოვკიდებთ ხელსო, და ცენტრალურ განყოფილებას გადასცეს. იქ კი დედამ თავად დაწერა საპასუხო განცხადება “ფლამინგოს” მეპატრონის მისამართით…
ძალიან ვწუხვარ ყოველივე ამის გამო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანის ღირსების შელახვისა და დისკრიმინაციის გამო კაფეს მეპატრონე წაეყვანათ განყოფილებაში, დედაჩემი წაიყვანეს. რატომ უნდა გაეტარებინა მთელი დღე განყოფილებიდან განყოფილებაში სიარულში და შეურაცხყოფაში?
მინდა ყველა თქვენგანს მივმართო, დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომ ბედნიერები იყვნენ. დავეხმაროთ, რომ მათი ცხოვრება არ იყოს მხოლოდ სარებალიტაციო ცენტრები და სკოლები. ამაზე უამრავი ადამიანი მუშაობს, რომ ინკლუზიური საზოგადოება ააშენონ”.