10 რამ, რაც ბავშვს არ უნდა აუკრძალოთ

1. დამოუკიდებლად ჭამა
მშობლისთვის გაცილებით მარტივია, საკუთარი ხელით აჭამოს, ვიდრე ბავშვის ყოველი კვება დაბანა-დარეცხვა-წმენდა-დალაგებით დასრულდეს. კოვზის სწორად დაჭერა, საკვების თეფშიდან ამოღება და პირისკენ წაღება ისე, რომ ძირს არაფერი დაუცვივდეს, ბავშვისგან ძალას, მოთმინებას და საზრიანობას მოითხოვს. ნუ მოაკლებთ ამ უნარების დროულად განვითარების შანსს. დანაკარგების გარეშე ეს პროცესი ვერ ჩაივლის, თუმცა ისეთ დიად მიზანთან, რასაც ბავშვის დამოუკიდებლობა ჰქვია, დასვრილი მაისური რა მოსატანია.

2. თქვენთვის დახმარების გაწევა
“ხელი გაუშვი”, “არ მიეკარო”, “თავი დაანებე” – ეს ფრაზები რამდენიმე წელიწადში შეიცვლება ამ სევდიანი ფრაზით: “არაფრის გაკეთება არ უნდა, საშინელი ზარმაცია”. თავს ნუ აარიდებთ პატარას შესრულებული საქმისგან გამოწვეულ ალიაქოთს. სახლი დალაგდება, სამაგიეროდ ის გრძნობა, რომ “რაღაც გააკეთა” თქვენთვის, ბავშვს მომავალში ბევრი კარგი საქმისკენ უბიძგებს. მიეცით მას საქმე – ამაზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ.

3. საღებავებით ხატვა
სამწუხაროდ, პატარა მხატვრებს ფანტაზიის გაქანების საშუალებას თითქმის არასოდეს აძლევენ. მიზეზი სტანდარტულია – ყველაფერს დასვრის და თავადაც ამოევლება. ამ “ზარალს” მინიმუმამდე დაიყვანთ, თუ გამოუყოფთ ადგილს, რომელსაც მარტივად მოაწესრიგებთ, მიეცით არატოქსიკური საღებავები, ჩააცვით ისე, რომ დალაქავება არ დაგენანოთ. შემოქმედება – განსაკუთრებით კი ხატვა – არა მარტო წარმოსახვას ავითარებს, ემოციების სწორად გადმოცემასაც ასწავლის. მისი შინაგანი განცდების შემოქმედებაში გადმოტანა იდეალური განტვირთვაა. ბავშვის ნახატებით მისი სულიერი სამყაროს მდგომარეობაც შეგიძლიათ შეისწავლოთ.

4. სამოსის გახდა
ხშირად ბავშვებს ტანსაცმლის გახდა მოსწონთ, ჩვენ კი ვღელავთ, რომ გაცივდება და ავად გახდება. ამის გამო თავადაც ნერვებს ვიშლით და ბავშვის სიჯიუტეც ერთ დავიდარაბას იწვევს. სინამდვილეში ნახევარი საათით ფეხშიშველი “ტანტალი” არაფერს დაუშავებს. თუ წინააღმდეგობას არ გაუწევთ, ეს წამოწყება (გახდის სურვილი) უფრო მალე გადაუვლის ან უფრო ადვილად დაგიჯერებთ, რომ ჩაიცვას. ამ პერიოდული გაშიშვლებებით მისი იმუნიტეტი უფრო ძლიერდება.

5. წივილ-კივილი და გიჟივით სირბილი სახლში
ამ ყველაფერს მეცნიერულ ენაზე ემოციების ხმამაღლა გამოხატვა ეწოდება. ბავშვისთვის ეს ერთგვარი თამაშია, რომელიც მას ჭარბი ენერგიისგან ათავისუფლებს. რა თქმა უნდა, დარიგება და აღზრდა აუცილებელია, მაგრამ შეკავება უფრო საზოგადოებაში, ქუჩაში, საბავშვო ბაღში ყოფნის დროს გამოიყენოს. სახლში კი სრული თავისუფლება მიეცით.

6. სკვერებში სპორტულ კომპლექსებზე ძრომიალი
სკვერებში ირგვლივ მხოლოდ “არ ჩამოვარდე”, “ახლოს არ გაეკარო”, “ნუ მიცოცავ”, “ნუ დარბიხარ” ისმის. ამდენ წიოკს ჯობია ასწავლოთ, როგორ აცოცდეს, როგორ იქანაოს, როგორ ისრიალოს სწორად. თავად უნდა დაეხმაროთ ამაში. მათში ისე ძლიერია წინააღმდეგობის დაძლევის, ცნობისმოყვარეობის გრძნობა, რომ მათი შეფერხება სიკეთეს ნამდვილად არ მოიტანს. ამიტომ თავი დაანებეთ, რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენს, ცხოვრებას უფრო გამართული შეხვდება.

7. წყალთან თამაში
გამოუყავით ზონა, სადაც შეუძლია წუწაობა. არც იფიქროთ, რომ პირველივე ახსნის შემდეგ დაწესებულ ზღვარს არ გადავა, სამაგიეროდ თანდათან შეეჩვევა და უფრო მოწესრიგებულად ითამაშებს. როცა მის გაბრწყინებულ სახეს დაინახავთ, ინანებთ, რომ ამ სიამოვნებას უშლიდით.

8. იმ ნივთების აღება და დათვალიერება, რომლებიც შეიძლება ადვილად დაიმსხვრეს
ნუ ეჩხუბებით ბავშვს, თუ შემთხვევით რაიმე გაიტყდა. ბავშვის ანალიტიკური აზროვნება ჯიუტად “მოითხოვს” დაადგინოს, რა არის “შიგნით”. ზოგჯერ ამ ნივთის გატეხვა კი არა, უბრალოდ დათვალიერება უნდა. მიეცით ამის საშუალება, თან აუხსენით, რომ შეიძლება გატყდეს. ბავშვები იმაზე უფრო მიხვედრილები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია.
9. საკუთარი აზრის გამოხატვა
აცადეთ, თამამად გამოთქვას აზრი. თუნდაც ეს აზრი არ მოგწონდეთ, დაფიქსირების საშუალება მაინც მიეცით. არ უნდა შეწყვეტა რეპლიკებით: “შენ რა გესმის”, “მე უკეთ ვიცი”, “ამაზე კრინტი არ დაძრა” და ა. შ. ჯობია ესაუბროთ როგორც თანატოლს და თქვენი აზრები უფრო მისაღები გახდება მისთვის.

10. მულტფილმების ყურება
საათობით ტელევიზორის წინ ჯდომა რომ ცუდია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა მულტფილმებს საერთოდ არ უნდა უყუროს. პირიქით, თავისი ასაკისთვის შესაფერისი მულტფილმი შეგიძლიათ ერთად ნახოთ და შემდეგ იმსჯელეთ. ეს სასიამოვნო და ბევრისმომცემი საუბარი იქნება.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები