თუ გსურთ თქვენი შვილი კომუნიკაბელური იყოს

თუ გსურთ თქვენი შვილი კომუნიკაბელური იყოს თუ გსურთ, თქვენი პატარა დაუმეგობრდეს სხვა ბავშვებს, უნდა ასწავლოთ მას თანატოლების კოლექტივთან შეთვისება. ამის ერთადერთი გზა არსებობს – ურთიერთობა . ურთიერთობა – ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც ისწავლება და რომლის სწავლაც არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელია. ამისთვის ბავშვი გამუდმებით უნდა ვავარჯიშოთ.
ბავშვებს არც ისე ბევრი საშუალება აქვთ ურთიერთობისათვის. საბავშვო ბაღში სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული, გარდა ამისა, არსებობს უამრავი “არ შეიძლება”, სკოლაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ძლივს ასწრებენ ერთმანეთისთვის ორიოდე სიტყვის თქმას, სწავლისაგან თავისუფალ დროს კი სხედან თავიანთ სახლებში და უყურებენ ტელევიზორს ან თამაშობენ კომპიუტერით. ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ოჯახებში, სადაც თითო ბავშვია. ბავშვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ თანატოლებთან ურთიერთობას და თამაშს, თანაც არა კონსტრუირებულ, განმავითარებელ თამაშს, რომლებიც უფროსების მიერ არის მოფიქრებული და ორგანიზებული, არამედ იმისას, რასაც თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები ამუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს და ამგვარად ხდება მათი თვისებების, ხასიათის ჩამოყალიბება.
სტუმრების მოსაწვევად არ არის საჭირო განსაკუთრებული საბაბი. საკმარისია, ბავშვს რამდენიმე თავისუფალი საათი გამოუძებნოთ. უფროსებს შეუძლიათ, ამ ხნის განმავლობაში მიხედონ თავიანთ საქმეებს: მოამზადონ სადილი, იკითხონ, დაისვენონ.

ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაციები:

• მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვის მოიწვევს სტუმრად. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ – დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
• სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროსა და ხანგრძლივობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი მიღება მხოლოდ 1-2 საათს გაგრძელდება. შემდგომში შეიძლება სტუმრობის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
• გააფრთხილეთ შვილი, რომ ის მასპინძელია და ვალდებულია, იზრუნოს სტუმარზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი, მისცეს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
• გააცანით ბავშვს ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ აიღონ უფროსების ნივთები, თამაშის დამთავრების შემდეგ სათამაშოები აალაგონ, არ იყვირონ, როცა მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
• ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბავშვს მეგობრების თანდაწრებით. აღმზრდელობითი ლექცია სხვა დროისათვის გადადეთ. შენიშვნები მიეცით მაშინ, როცა მარტონი დარჩებით.
• მიეცით ბავშვებს საშუალება, ითამაშონ თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე. “გიორგი, ეს სათამაშო აიღე!” “ითამაშეთ დედაშვილობანა!” – ასეთმა რეპლიკებმა შესაძლოა საერთოდ დააკარგვინონ ბავშვებს თამაშის სურვილი.
წყარო: mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები