რატომაა ჟურნალისტიკა მსოფლიოში საუკეთესო პროფესია

ამ გაგანია ეროვნული გამოცდების პერიოდში განსაკუთრებით ხშირად მახსენდება ჩემი თავი 10 წლის წინ, 2005 წელს, ეროვნული გამოცდების სულ პირველი ნაკადი ვიყავით, უნარ-ჩვევების ლამის საკრალიზებული და მითიური გამოცდაც ჩავაბარეთ და 5 შესაძლო ფაკულტეტი ავირჩიეთ.

მახსოვს, ამ ხუთიდან პირველი სამი თსუ-ს ჟურნალისტიკა იყო. (ახლა გაუმჯობესდა სისტემა, მაშინ უშუალოდ სპეციალობებს ვირჩევდით. ჩვენ დროს იყო: საერთაშორისო, ტელერადიო და პრესის ჟურნალისტიკა). აღარ მახსოვს, როდის გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. ალბათ მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ქართულში თავისუფალი თემების წერა მიყვარდა და თან თამამი, კომუნიკაბელური და აქტიური ხუთოსანა გოგოც ვიყავი. ამიტომაც, ასე, თავისთავად გადაწყდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია, ალბათ, ყველას მსგავსი ისტორია გაქვთ, ვინც ჟურნალისტიკაზე ჩააბარეთ.

ამ პოსტში არ მინდა იმაზე საუბარი, თუ რა ცუდია, რომ აბიტურიენტები ვერ გადიან ვინმე პროფესიონალთან ინდივიდუალურ კონსულტაციას მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით და რამხელა მნიშვნელობა აქვს უმაღლესი სასწავლებლების მიერ მოწყობილ ღია კარის დღეებზე დასწრებას, მაგრამ, მე მგონი, ვერ ავცდები. ძალიან ვნანობ, რომ ბაკალავრიატზე ჟურნალისტიკა ავირჩიე. კიდევ კარგი, ჩემს დროს უკვე შეიძლებოდა ძირითადი და დამატებითი სპეციალობების არჩევაც + თავისუფალი კრედიტებით რაიმე ღირებულის შესწავლა. საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ძალიან ზოგადი ცოდნა მივიღე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. კარგი იქნებოდა, რამე უფრო კონკრეტული მესწავლა 4 წლის განმავლობაში.

ამიტომაც, თუკი ვინმე ჟურნალისტობაზე ოცნებობთ (რაც, თავისთავად, შესანიშნავი არჩევანია!), დამიჯერეთ, აჯობებს, ბაკალავრიატის საფეხურზე ჯერ კონკრეტული მეცნიერება ისწავლოთ (ახლანდელი განათლების სისტემა გაძლევთ ამის საშუალებას), გაიღრმავოთ ცოდნა რომელიმე კონკრეტულ დარგში (ეკონომიკა, ფინანსები, სამართალი, ხელოვნება, სოციოლოგია, პოლიტოლოგია და ა.შ.), შემდეგ აუცილებლად კარგად ისწავლოთ ერთზე მეტი უცხო ენა (ინგლისური+რუსული როგორც მინიმუმ) და მხოლოდ ამის მერე ისწავლეთ ჟურნალისტიკა (გნებავთ, მაგისტრატურა გააგრძელეთ, გნებავთ – მხოლოდ კურსები გაიარეთ). ასე დასაქმების გაცილებით მეტი შანსიც გექნებათ და თქვენი, როგორც პროფესიონალის წონა, გაცილებით მოიმატებს!

ახლა კი ისევ იმას დავუბრუნდები, თუ რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ჟურნალისტობა. 17 წლისამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკა არაა მარტო სპეციალობა. და გინდაც სამუშაო ადგილი  შეიცვალო, ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს ვერასოდეს დაივიწყებ. მაგალითად, ნებისმიერ სამსახურში ყოველთვის გადაამოწმებ ინფორმაციას 2-3-ჯერ, გინდაც არ გევალებოდეს და გინდაც არ იყოს საჭირო; ყურადღებას მიაქცევ ნებისმიერ დეტალს და საკითხის ყველა მხარეზე საკმარისზე მეტს იმუშავებ (ყველა მხარე ხომ თანაბრად უნდა ჩართო!); გექნება უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, არასოდეს დაყოფ ადამიანებს სოციალური ფენის და სამუშაო ადგილის მიხედვით და თავაზიანად მოუსმენ ყველას, რაც არ უნდა უმნიშვნელო რაღაცას გეუბნებოდეს (იმიტომ რომ შენთვის რიგითი გლეხის და პრეზიდენტის კომენტარი თანაბრად მნიშვნელოვანია); ყველგან ივლი ბლოკნოტით და პასტით, ნებისმიერ იდეას, საკითხს თუ დავალებას ჩაიწერ; შენთვის ნებისმიერი სხვა სამუშაო გარემო იქნება ნაკლებად სტრესული, ბოლოსდაბოლოს, ნიუსრუმში გაქვს ნამუშევარი, რა შეიძლება იყოს ამაზე სტრესული და დაძაბული?:))) და ვერასოდეს ვერავინ დაგასწრებს სამუშაოს დროულად შესრულებას, სისწრაფე ძვალ-რბილში ისე გექნება გამჯდარი, რომ გეცოდინება: უფროსი რომ დავალებას გაძლევს, ის ხვალისთვის კი არა, “გუშინისთვის” უნდა. ჰოდა, შენც ამ ტემპით, “გუშინისთვის” აკეთებ. 🙂

ასე რომ, თუკი ჟურნალისტობა გადაწყვიტე, იყავი მზად: 

ყოველდღე იყო სხვადასხვა პროფესიის – თუკი ჩემსავით მერყევი ადამიანი ხარ, რომელმაც ვერასდროს გადაწყვიტა რა უნდოდა, ცხოვრებაში ეკეთებინა, იმიტომ, რომ ფიზიკა და ამერიკული ლიტერატურა (ნუ, ეს სიტყვაზე 😀 )  თანაბრად აინტერესებდა, ე.ი. ჟურნალისტიკა შენთვის ზედგამოჭრილია. კი, ყველა ზედაპირულს დაგიძახებს, ყველა ცოოტათი ზევიდან გადმოგხედავს, იმიტომ რომ ერთი დილეტანტი ჟურნალისტი ხარ, რომელიმე კონკრეტული სფერო არ გისწავლია (ბევრჯერ დამწყვეტია გული ამის გამო, სხვათა შორის, ჩემს არაჟურნალისტ მეგობრებსაც ხშირად გავუქილიკებივარ), მაგრამ, სამაგიეროდ, ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, რითაც ეს ქაოტური პროფესია გავსებს: შენ ყველა სფეროს ახალი ამბების ეპიცენტრში ხარ: ასე თუ ისე, იცი რა ხდება შუა აზიაში, რა აღმოჩენებს აკეთებს ნასა, ვინაა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, როდის გამოუშვებს ახალ ალბომს რედიოჰედი… თან ეს ყველაფერი შენ გაინტერესებს და იმიტომ იცი. ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა დილით რომელიმე თემაზე იწყებ მუშაობას, წარმოდგენაც არ გაქვს, ვთქვათ, რომელიმე რეგიონის ეკოლოგიურ პრობლემებზე და საღამოს უკვე თავს ექსპერტად გრძნობ. იცი, რატომ არ უნდა (თუ უნდა) აშენდეს ხუდონჰესი, რა საფრთხეს უქმნის ქალაქს “პანორამა თბილისის” პროექტი, რატომ ეცემა ლარის კურსი… რაზეც დილით წარმოდგენაც არ გქონდა, მიახლოებითაც კი არ იცოდი, საღამოს ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს, სადიპლომო გაქვს დაცული.

მიეჩვიე, რომ გრაფიკი იქნება არანორმალური – არანორმალურში იმას ვგულისხმობ, რომ განა 6-ის მაგივრად 7 საათზე მორჩები სამსახურს, არა! წინასწარვე იცოდე: ჟურნალისტიკა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ახალი ამბავი ღამის 12 საათზე დაიწყოს, პროდიუსერმა/რედაქტორმა უბოდიშოდ გაგაღვიძოს (რა დროს ბოდიშია, როცა ქვეყანა თავზე გენგრევა!) და მასალაზე გაგგზავნოს. ესაა საქმე 24 საათი კვირაში 7 დღე გადაჭარბების გარეშე. მეტსაც გეტყვი: შენ თვითონვე ვერ მოისვენებ მშვიდად სახლში, როცა ბომბი ამბავი ხდება სადღაც გარეთ უშენოდ. და თუ მოისვენებ, მაშინ აუცილებლად შეიცვალე პროფესია 🙂

486348761_6916b0d501_z
წინასწარ არასოდეს იცი, დილით ოფისში მისული საღამოს საიდან დაბრუნდები სახლში
ან დაბრუნდები თუ არა იმ საღამოს. და, საერთოდაც, ვინმემ ახსენა საღამო? შეიძლება მეორე დილით დაბრუნდე. შენ ვერ აკონტროლებ სამყაროში მიმდინარე პროცესებს. არ იცი, რას იზამს შენი პრეზიდენტი, ამჯერად რა დაარტყამს თავში და რა სისულელეს იტყვის პარლამენტში რომელიმე დეპუტატი ან შს მინისტრი; ვის მოკლავენ და რის ნიადაგზე; რას გაჩეხავენ; რა გაფუჭდება, რა მოუვა თავში შენს აგრესორ მეზობელს და როდის დაგცხებს… გუშინ პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდი და შამპანურს სვამდი ფუჟერით? ან, სიტყვაზე, კანის კინოფესტივალზე მიიღე აკრედიტაცია და ჭკუაზე არ ხარ? (შე ბედნიერო!) ხვალ შეიძლება შიდა ქართლის კონფლიქტურ ზონაში წახვიდე და იმ ადამიანს ელაპარაკო, ეზოში რუსებმა საზღვარი რომ გაუვლეს. თუ არ გიყვარს ცვლილებები ამ დონეზე, მაშინ ჟურნალისტიკაშიც არაფერი გესაქმება.

უნდა იყო სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი – შენ თვითონვე ვერ მოისვენებ, თუკი ამბის გაშუქებას სხვა დაგასწრებს. ეს ტემპი გაიძულებს ისწავლო სწრაფად ბეჭდვა, სწრაფად სიარული (და დაივიწყე 10სმ-იანი ქუსლები და მსგავსი სისულელეები), სწრაფად ჭამა, სწრაფი აზროვნება, სწრაფად ლაპარაკი! – კი, ამის გამო სულ სტრესში ხარ, სულ კრიზისული სიტუაცია გაქვს, გამოშვებამდე 1 წუთით ადრე აბარებ გამზადებულ მასალას პროდიუსერს, ამბავი მომხდარი არაა, რომ პრეს-კონფერენციიდან ან შემთხვევის ადგილიდან უკვე პოსტავ ახალ ამბავს სპეციალური ჰეშტეგებით შენი ვებ-პორტალის ფეიჯის სახელით და მაშინაც ვერ ამოისუნთქავ ბოლომდე, როცა ამ ყველაფერს მორჩები, იმიტომ რომ ამის მერე მომენტალურად სხვა ამბავზე მიდიხარ. მაგრამ ეს იმხელა ადრენალინს გაძლევს, არ არსებობს, ამან დაგღალოს.

თანამედროვე ტექნიკის ცოდნის გარეშე ვერაფერსაც ვერ იზამ – შენს არაჟურნალისტ მეგობრებში ერთადერთი იქნები, ვინც სმარტფონის ფუნქციების ასივე პროცენტს წარმატებით იყენებს; ვინც სოციალურ ქსელებში მუდმივად ხაზზეა, ვინც აფასებს კარგ მობილურ ტელეფონს და ფოტოტექნიკას და ვინც სოციალურ ქსელებში მხოლოდ ძაღლების, ბავშვების და კატების ფოტოებს არ აშეარებს… იცი ყველა უკანასკნელი სიახლე, რასაც კი ფეისბუქი ან ტვიტერი აანონსებს, ახალ სოციალურ ქსელში პირველი რეგისტრირდები და ა.შ.

ვიღაცა მაინც უკმაყოფილო იქნება შენით, ყველას მოსაწონ საქმეს ვერასოდეს გააკეთებ – ილოცე, რომ შენით უკმაყოფილო მხოლოდ რესპონდენტი (ძირითადად, პოლიტიკოსი) იყოს და არა – რედაქტორი, ან, მთლად უარესი – მკითხველი. ერთხელ, ერთ-ერთი აქციის გაშუქებისას თავში ცოცხი მირტყეს. აღარ ვიტყვი, რამდენ რესპონდენტს დაურეკავს აღშფოთებულს მასალის გამოქვეყნების შემდეგ და უსაფუძვლო პრეტენზიები წამოუყენებია. მე თუ მკითხავ, კარგია, როცა რესპონდენტი, (მით უმეტეს, ხელისუფლების წარმომადგენელი) შენით უკმაყოფილოა. ე.ი. საქმეს სწორად აკეთებ. როცა ჟურნალისტს პრემიერი ან პრეზიდენტი რამით აჯილდოვებს, ე.ი. რაღაც ისე ვერ არის.

დაურეკავ ნებისმიერს და საქმეს მაქსიმუმ ერთ საათში მოაგვარებ – ჩემი ერთ-ერთი რედაქტორი მეხუმრებოდა, ირინკა ის ადამიანია, რესპონდენტს გასვენებაშიც რომ ჩაწერსო. კი, შეუცვლელი რესპონდენტი ნამდვილად არ არსებობს და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ კარს გიკეტავენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე. (მით უმეტეს, ხშირია შემთხვევები, როცა ჟურნალისტები ღია კარს ამტვრევენ ხოლმე) მაგრამ იმ წუთას, მხოლოდ იმ ადამიანის კომენტარი გამომადგებოდა (რაღაც კანონ-პროექტზე მუშაობდა იმ კონკრეტული პარტიიდან ის ერთი ქალი). ხოდა მეც რა მექნა, ერთი საათის განმავლობაში ლამის ასჯერ დავურეკე. ასმეერთეჯერ ძალიან უკმაყოფილოდ, მაგრამ ამომწურავი პასუხი მაინც გამცა. თუკი უცხო ადამიანებთან ასე კონტაქტი გერიდება და თავსაც ვერაფერს უხერხებ, ან ტექსტი წინასწარ დაწერე და ტელეფონში წაუკითხე (პატარა რომ ვიყავი და რესპონდენტებს ვურეკავდი, ასე ვშვრებოდი :)))) ), ან შეეშვი და რამე სხვა საქმე აირჩიე.

ფეისბუქზე მეგობრების ლიმიტს მუშაობის დაწყებიდან 2-3 წელიწადში უპრობლემოდ მიაღწევ – მე ახლა 2220 მეგობარი მყავს ფბ-ზე. აქედან 90%-ს პირადად ვიცნობ. ყოველდღე, საშუალოდ, 10 ადამიანს გაიცნობ, ყოველდღე უამრავ საინტერესო ტიპთან მოგიწევს შეხვედრა. ყოველდღე მოისმენ უამრავ განსხვავებულ და საინტერესო აზრს, გაიგებ ერთმანეთისგან ტოტალურად განსხვავებულ იდეებს და, შეიძლება, ჩემი არ იყოს, შენც ჩათვალო, რომ ადამიანების კოლექციონერი ხარ. აი, ზოგი ხომ ფულს აგროვებს, ზოგი – მარკებს. შენ – საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს შეაგროვებ.

შეგეცვლება მსოფლმხედველობა – ცხადია, ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჟურნალისტის მსოფლმხედველობა ფართოა, ან ჟურნალისტები ყველაზე შემწყნარებელი ტიპები არიან. ალბათ, გამართლება უნდა, რომ კარგ რედაქციაში, კარგ რედაქტორთან მოხვდე. მე ძალიან გამიმართლა და საუკეთესო რედაქტორებთან ვიმუშავე საუკეთესო გამოცემებში. მათთან მუშაობამ და უამრავ რესპონდენტთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ სამყარო მრავალფეროვანია. არ არსებობს მედლის მხოლოდ ორი მხარე; არ არსებობს მხოლოდ შავი და მხოლოდ თეთრი, რომ ამქვეყნად უამრავი აზრი, იდეა, ფერი და შეხედულებაა და არაა აუცილებელი, მაინცდამაინც შენი იყოს სწორი. როცა სამყაროს ასეთ მრავალმხრივს და მრავალფეროვანს დაინახავ, ჩათვლი, რომ ცხოვრება ამისთვის ღირს. ეს მოგზაურობას ჰგავს.

და კიდევ უამრავი რამ არსებობს, რისთვისაც ღირს, იყო ჟურნალისტი: მაგალითად, შეხვდე საინტერესო ადამიანებს, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს, იმოგზაურო, შეხვიდე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, გალერეებში, კონცერტებსა და თამაშებზე სრულიად უფასოდ ერთი პრეს-ბარათით…

ასე რომ, თუკი ამ ყველაფრისთვის მზად ხართ, აუცილებლად აირჩიეთ ეს ჯადოსნური და ყოვლისმომცველი პროფესია. :

წყარო: http://dreamers-enia.blogspot.com

კომენტარები

სხვა სიახლეები