ვისლავა შიმბორსკა, პოლონელი პოეტი და ნობელიის პრემიის ლაურეატი, 1923 წლის 2 ივლისს, პოლონეთში, ბნინში დაიბადა.
ვისლავა 1931 წლიდან კრაკოვში ცხოვრობდა. 1945-1948 წლებში სწავლობდა პოლონურ ლიტერატურასა და სოციოლოგიას იაგელონის უნივერსიტეტში, მაგრამ არ დაუმთავრებია.
1953-1981 წლებში კი, კრაკოვის გაზეთში Życie Literackie (ლიტერატურული ცხოვრება) მუშაობდა.
მისი პირველი ლექსები სახელწოდებით: „Szukam słowa“ / „ვეძებ სიტყვებს“ , – 1945 წელს გაზეთ Dziennik Polski– ში დაიბეჭდა, ხოლო პირველი კრებული „Dlatego żyjemy“ / „ამისთვის ვცხოვრობთ“ 1952 წელს გამოვიდა.
ვისლავა შიმბორსკას პოეზიის მოცარტი შეარქვეს – მისი ლექსები უამრავ ენაზეა თარგმნილი.
შიმბორსკა, ასევე, თარგმნიდა, ძირითადად, ფრანგ პოეტებს პოლონურ ენაზე.
1996 წელს მას ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა.
ვისლავა 2012 წლის 1 თებერვალს, კრაკოვში გარდაიცვალა.
„კვირა +“ გთავაზობთ გია ჯოხაძის მიერ თარგმნილ ვისლავა შიმბორსკას სიტყვას, წარმოთქმულს 1996 წელს, ნობელის პრემიის მინიჭების გამო.
პოეტი და სამყარო
სიტყვის წარმოთქმისას ყველაზე რთული პირველი ფრაზაა. მგონი, ეს უკვე მოვახერხე. მაგრამ ვგრძნობ, რომ შემდეგი ფრაზებიც არ უნდა იყოს ადვილი – მესამე, მეექვსე, მეათე, თვით უკანასკნელიც კი, მე ხომ პოეზიაზე საუბარს ვაპირებ. ამ თემაზე იშვიათად ვლაპარაკობ, ძალზე იშვიათად. და ყოველთვის თან მდევს განცდა, რომ ეს უხეიროდ გამომდის. ამიტომაც ჩემი გამოსვლა არ იქნება ძალზე დიდხნიანი. ყოველგვარი არასრულყოფილება უფრო იოლი მოსათმენია, როცა მას მცირე დოზით გვთავაზობენ.
დღევანდელი პოეტი სკეპტიკურია და ეჭვიანიც კი – შესაძლოა, უწინარესად – საკუთარი თავისადმი. ის არცთუ დიდი ხალისით წარუდგება მავანს პოეტად – თითქოს ამის ოდნავ რცხვენოდეს კიდეც. ჩვენს ხმაურიან ეპოქაში უფრო ადვილია საკუთარი ნაკლი აღიარო – რა თქმა უნდა, თუ ის ეფექტურად გამოიყურება – ვიდრე ღირსება, რომელიც უფრო ღრმადაა დამალული და რომლისაც ბოლომდე თვითონვე არა გვწამს. სხვადასხვა ანკეტაში ან შემთხვევით ნაცნობებთან საუბრისას, როცა პოეტი იძულებულია თავისი საქმიანობის სფერო დაასახელოს, იგი არჩევს განუსაზღვრელ ,,ლიტერატორობას” – ან თავის დამატებით სპეციალობას. ცნობას, რომ ჩვენს წინ პოეტი დგას, ჩინოვნიკები ან ავტობუსის მგზავრები მსუბუქი ურწმუნობითა და შიშით ხვდებიან. მგონი, ამგვარსავე რეაქციას აწყდება ფილოსოფოსი. მაგრამ ფილოსოფოსი მაინც უკეთეს მდგომარეობაშია: მას ძალუძს თავისი პროფესიის რომელიმე საპატიო წოდებით დამშვენება. ფილოსოფიის დოქტორი – უფრო სოლიდურად ჟღერს.
პოეზიის დოქტორები კი არ არსებობენ. ასე რომ იყოს, ,,პოეტს” სპეციალური განათლება, გამოცდების რეგულარულად ჩაბარება, ბიბლიოგრაფიითა და შენიშვნებით, ბოლოს და ბოლოს, საზეიმოდ გადაცემული დიპლომებით შემაგრებული თეორიული ნაშრომების ქონა დასჭირდებოდა. ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებდა, რომ საკმარისი არ არის თუნდაც ბრწყინვალე ლექსებით აღსავსე ფურცელი: პოეტად რომ მიგიჩნიონ, საჭიროა – და ეს აუცილებელი პირობაა – რომელიღაც ბეჭდიანი ქაღალდი. გავიხსენოთ, რომ სწორედ ასეთი ქაღალდის უქონლობის გამო გადაასახლეს ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი, რუსული პოეზიის სიამაყე იოსიფ ბროდსკი. ის ,,მუქთახორად” მიიჩნიეს, რადგან არ გააჩნდა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პოეტობის ნებას დართავდა.
რამდენიმე წლის წინათ მისი პირადად გაცნობის ბედნიერება და სიამოვნება მხვდა წილად. შევატყვე, რომ ჩემთვის ცნობილ სხვა მგოსანთაგან მას უყვარდა საკუთარი თავის ,,პოეტად” წარმოჩენა, ამ სიტყვას შინაგანი წინააღმდეგობის უქონლად წარმოთქვამდა, ერთგვარად გამომწვევად თავისუფლადაც კი. ალბათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდობისას გადატანილი სასტიკი დამცირება ჯერაც არ დავიწყნოდა.
უფრო ბედნიერ ქვეყნებში, სადაც ადამიანის ღირსებას ასე აშკარად არ ქელავენ, პოეტები, ბუნებრივია, ესწრაფიან, რომ დაბეჭდონ, წაიკითხონ მათი ლექსები, გაუგონ მათ, მაგრამ არ, ან თითქმის არ ცდილობენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვათაგან გამორჩევას. არადა, სულ ახლახან, ჩვენი საუკუნის ათიან წლებში, თავიანთი გამომწვევი სამოსით, ექსცენტრული ქცევით პოეტებს უყვარდათ პუბლიკის შოკში ჩაგდება. თუმც ეს ყოველთვის საზოგადოებრივი აზრის მოთხოვნით გამოწვეული სანახაობა გახლდათ. ადრე თუ გვიან, დგებოდა მომენტი, როცა პოეტი კარს გამოიხურავდა, გაიძრობდა ამ მოსასხამებს, მოელვარე ზიზილ-პიპილოებს, სხვა პოეტურ აქსესუარებს და აღმოჩნდებოდა მდუმარებაში, საკუთარი თავის მოლოდინში, ჯერ ისევ ცარიელი ფურცლის პირისპირ. იმიტომ, რომ, სწორედ ესაა მთავარი.
ნიშანდობლივი მოვლენა: ბევრ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ დიდ მეცნიერებსა და მხატვრებზე. პატივმოყვარე რეჟისორები მიზნად ისახავენ, დამაჯერებლად ასახონ შემოქმედებითი პროცესი, რომლის შედეგადაც დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ან ხელოვნების ცნობილი ნიმუშების მოწმენი გავხდით. მეცნიერის მუშაობის ჩვენება ძალზე კარგად შეიძლება: ლაბორატორიას, სხვადასხვა ხელსაწყოს, მოქმედ მექანიზმებს შეუძლიათ, ცოტა ხნით მიიპყრონ მაყურებლის ყურადღება. ამის გარდა, ეკრანზე შეიძლება ძალზე მოხერხებულად აჩვენო ყოყმანისა და დაძაბული მოლოდინის მომენტი: შედგება თუ არა მანამდეც ათასგზის გამეორებული ექსპერიმენტი, თუ მცირეოდენ ცვლილებებს არად ჩავაგდებთ?
თვალსასეირო იქნება ფილმები მხატვრებზეც – ძნელი არ არის, აჩვენო სურათის შექმნის ყველა სტადია, პირველი შტრიხიდან – ტილოზე ფუნჯის უკანასკნელ მოსმამდე. ფილმები კომპოზიტორებზე მუსიკითაა აღსავსე – პირველი ტაქტებიდან, რომლებიც შემოქმედს მოესმის, საბოლოო, მოწიფულ, გაორკესტრებულ ნაწარმოებამდე. ყველაფერი ეს ძალიან მიამიტურია და არაფერს ამბობს სულის იმ უცნაურ მდგომარეობაზე, რომელსაც შთაგონებას ეძახიან, თუმც მაყურებელს მართლაც ძალუძს, რაღაც იხილოს და რაღაც მოისმინოს.
პოეტებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა. მათი საქმიანობა უიმედოდ არაფოტოგენურია. ადამიანი ზის მაგიდასთან ან წევს დივანზე, და გაშტერებული მზერა კედლისა თუ ჭერისთვის მიუპყრია, დროდადრო წერს შვიდ პწკარს, რომელთაგან ერთს საათნახევრის შემდეგ გადახაზავს. შემდეგი ერთი საათის განმავლობაშიც არაფერი მოხდება. რომელი მაყურებელი გაუძლებს მსგავს სანახაობას? მე შთაგონება ვახსენე. კითხვაზე ,,რა არის ეს?” – თუ ~კი ეს საერთოდ არსებობს – თანამედროვე პოეტები ორჭოფულ პასუხს იძლევიან. არა იმიტომ, რომ არასოდეს დასდენიათ ამ შინაგანი იმპულსის მადლი.
მიზეზი სხვაა. ძნელია, აუხსნა სხვას ის, რაც თვითონაც კარგად არ იცი. მეც, როცა ამას მეკითხებიან, საქმის არსს შორიდან ვუვლი. ასე ვპასუხობ ხოლმე: შთაგონება სულაც არ გახლავთ პოეტთა, და საერთოდ, შემოქმედთა განსაკუთრებული პრივილეგია. არის, იყო, და ყოველთვის იქნება ადამიანთა განსაზღვრული კატეგორია, რომელსაც შთაგონება ეწვევა ხოლმე. ისინი შეგნებულად ირჩევენ თავიანთ საქმეს და სიყვარულითა და ფანტაზიით შრომობენ. არიან ასეთი ექიმები, არიან ასეთი მასწავლებლები, არიან ასეთი მებაღეები; კიდევ ასობით პროფესიის ჩამოთვლა შეიძლება. მათთვის სამუშაო უაღრესად თავშესაქცევ თავგადასავლადაც კი იქცევა – თუ ისინი უპასუხოდ არ დასტოვებენ მათკენ მიმართულ ნებისმიერ გამოწვევას. მიუხედავად სირთულისა, მარცხისა, მათი ინტერესი არ ცხრება. ნებისმიერ გადაჭრილ პრობლემას თან ახალი კითხვების მთელი წყება სდევს. შთაგონება, რაც უნდა იყოს იგი, მარადიული ,,არ ვიცი”- დან იბადება.
ასეთები არცთუ ისე ბევრნი არიან. დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა იმისთვის შრომობს, რომ საარსებო მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, მუშაობს, იმიტომ, რომ უნდა იმუშაოს. ისინი გულის კარნახით როდი ირჩევენ თავიანთ საქმეს: მათ ნაცვლად არჩევანს ცხოვრებისეული პირობები აკეთებს. საძულველი, მოსაწყენი სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აფასებ, რომ სხვებს ასეთიც არა აქვთ, მწარე ხვედრია, რომელიც კი ადამიანს ოდესმე რგებია. არც ის მგონია, რომ უახლოეს ასწლეულში რომელიმე ბედნიერი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. მიუხედავად ამისა, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ მე, თუმც კი პოეტებს შთაგონებაზე მონოპოლიას ვართმევ, მათ მაინც ბედის ნებიერთა მცირერიცხოვან ჯგუფში ვუჩენ ადგილს. მაგრამ აქ მსმენელი შეიძლება შეეჭვდეს.
ათასი ჯურის ჯალათებს, დიქტატორებს, ფანატიკოსებს, ძალაუფლებისათვის რამდენიმე – მთავარია მათი ხმამაღლა წარმოთქმა – ლოზუნგით მებრძოლ დემაგოგებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ისინიც ასეთივე გამომგონებლობითა და გზნებით ეძლევიან მას. მაგრამ მათ ,,იციან”. მათ იციან, და ის, რაც იციან, მათთვის აბსოლუტურად საკმარისია. არავითარი ზეიდუმალი მათ არ აინტერესებთ, რადგან შესაძლოა, ამან საკუთარი სიმართლის რწმენა შეურყიოთ. ნებისმიერი ცოდნა კი, რომელიც მორიგ კითხვებს არ შობს, მალევე კვდება, სიცოცხლისათვის აუცილებელ სიმძაფრეს კარგავს. უკიდურეს შემთხვევებში – და ამის მაგალითები მოიძებნება უძველეს და თანამედროვე ისტორიაში – ის, შესაძლოა, საზოგადოების სიცოცხლისათვის საშიშადაც კი გადაიქცეს.
ასე ძლიერ ამიტომაც ვაფასებ ორ პატარა სიტყვას: ,,არ ვიცი”. მცირეს, მაგრამ ყოვლისშემძლეს. ისინი გვიხსნიან იმ სივრცეს, რომელიც ჩვენშივეა და იმასაც, რომელშიც ჩვენი ციცქნა დედამიწა ჩაკარგულა. ისააკ ნიუტონს საკუთარი თავისათვის რომ არ ეთქვა, არ ვიციო, მის ბაღში, მისავე თვალწინ, ვაშლები სეტყვასავით ჩამოიყრებოდა, ის კი, საუკეთესო შემთხვევაში, აკრეფდა მათ და მადიანად შეექცეოდა. ჩემს თანამემამულე მარია სკლადოვსკაია-კიურის რომ არ ეთქვა, არ ვიციო, ის ქიმიის მასწავლებელი იქნებოდა კეთილშობილ ქალთა პანსიონში და ასე _ თავისთავად კეთილშობილურ საქმიანობაში – გაატარებდა მთელ თავის ცხოვრებას. მაგრამ მან თქვა: ,,არ ვიცი”, და სწორედ ამ სიტყვებმა ჩამოიყვანა იგი, თანაც ორგზის, სტოკჰოლმში, სადაც მოუსვენარ და მარად მაძიებელ ადამიანებს ნობელის პრემიას გადასცემენ.
პოეტმაც, თუ ის ნამდვილი პოეტია, დაუღალავად უნდა იმეოროს თავისთვის: ,,არ ვიცი”. ყოველი თავისი ლექსით ის ცდილობს, რაღაც ახსნას, მაგრამ როგორც კი წერტილს დასვამს, ეჭვი შეიპყრობს, ხვდება, რომ ეს ახსნა უასაკოა და ცალმხრივი. და მაშინ, ის კიდევ ერთხელ ცდის, და კიდევ ერთხელ, მერე კი მისი უკმაყოფილების ამ მოწმობებს ლიტერატურის ისტორიკოსები უზარმაზარი სკრეპით შეკრავენ და ,,შემოქმედებით მემკვიდრეობას” დაარქმევენ.
ხანდახან სრულიად იდეალურ სიტუაციებს წარმოვიდგენ ხოლმე. მაგალითად, გავკადნიერდი და წარმოვიდგინე, თითქოს მომეცა საშუალება, ეკლესიასტეს გავსაუბრებოდი, ავტორს გოდებისა ნებისმიერი ადამიანური წამოწყების ამაოებაზე. მე მას მდაბლად დავუკრავდი თავს – ის ხომ ყველაზე დიდი – ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის – პოეტია. მაგრამ შემდეგ ხელსაც ჩავავლებდი. ,,არაფერია ახალი ამ მზისქვეშეთში”, – შენ ბრძანე ასე, ეკლესისასტევ. მაგრამ შენ თვითონაც ხომ ახალი ხარ ამ მზისქვეშეთში. და პოემაც, შენ რომ დაწერე, ახალია ამ მზისქვეშეთში, იმიტომ, რომ შენამდე იგი არავის დაუწერია. შენი მკითხველებიც ახლები არიან ამ მზისქვეშეთში, რამეთუ შენამდე მას ვერ წაიკითხავდნენ. კიპარისიც, რომლის ჩრდილშიაც იჯექი, სამყაროს შექმნიდან როდი იზრდებოდა აქ. მას სათავე შენი კვიპაროსის მსგავსმა რომელიღაც სხვა ხემ დაუდო, მაგრამ არა ზუსტად ასეთმა. ამას გარდა, ნება მომეცი, გკითხო, ეკლესისასტევ, როგორი ახლის დაწერა გსურს ამ მზისქვეშეთში: რაღაც ისეთის, შენს მსჯელობას რომ სრულყოფდა? ან იქნებ, არ გასვენებს საცთური, უკვე დაწერილიდან რომელიმე დებულება უკუაგდო? შენს პოემაში სხვებთან ერთად, სიხარულიც წარმავლად მოიხსენიე, რა მოხდა მერე? ჰოდა, იქნებ მასზე იყოს შენი ახალი პოემა ამ მზისქვეშეთში? უკვე ჩაინიშნე რაღაცები, წინასწარ მოხაზე, რასაც დაწერ? იმედი მაქვს, ამას არ იტყვი: უკვე ყველაფერი დავწერე, დასამატებელი არაფერი მაქვსო. ამას არ იტყვის დედამიწის ზურგზე არც ერთი პოეტი, მით უფრო ისეთი დიდი, როგორიც შენ ხარ.
სამყარო, რასაც უნდა ვფიქრობდეთ მასზე – შეშინებულნი მისი უკიდეგანობით და მის წინაშე საკუთარი უძლურებით, გულდაწყვეტილნი მისი გულგრილობით ცალკეულ არსებათა _ ადამიანთა, ცხოველთა, და იქნებ, მცენარეთა – ტანჯვისადმი (ნეტავ რატომ ვამტკიცებთ, რომ მცენარეებს ტანჯვა არ ძალუძთ?); რასაც უნდა ვფიქრობდეთ, ვარსკვლავების გამოსხივებით განმსჭვალულ მის სივრცეებზე, რომელთა გარშემო თანდათან ჩნდება რომელიღაც პლანეტები – უკვე მკვდრები? ჯერჯერობით მკვდრები? – ეს უცნობია: რაც უნდა ვთქვათ იმ სამყაროსეულ Gთეატრზე, რომლის ბილეთიც, მართალია, გვაქვს, მაგრამ იგი სასაცილოდ მცირე დროითაა ვარგისი, ორი თარიღით შემოსაზღვრული; რაც უნდა ვიფიქროთ ამ სამყაროზე, ის საოცარია.
მაგრამ განსაზღვრება ,,საოცარი” გულისხმობს ერთგვარ ლოგიკურ ხაფანგს. ჩვენ ჩვეულებრივ ხომ ის გვაოცებს, რაც ცნობილი და საზოგადო ნორმიდან გადახრილია, იმ სიცხადეში ვერ თავსდება, რომელსაც შევჩვევივართ. ჰოდა, ასეთი ცხადი სამყარო უბრალოდ არ არსებობს. ჩვენი გაოცება თავისით წარმოიქმნება და რაიმესთან შედარების შედეგად არ გამომდინარეობს.
გეთანხმებით, ყოველდღიურ მეტყველებაში, რომელიც გვაიძულებს, არ დავუფიქრდეთ თითოეულ სიტყვას, ხშირად ვსარგებლობთ განსაზღვრებებით: ,,ჩვეულებრივი ცხოვრება”, ,,ჩვეულებრივი სამყარო”, ,,საგნების ჩვეულებრივი წესრიგი”. მაგრამ პოეზიაში, სადაც ყველა სიტყვა იწონება, არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური. არც ერთი ბორცვი და არც ერთი ღრუბელი მის ზემოთ. არც ერთი დღე და მას მოყოლილი არც ერთი ღამე. და უმთავრესი – არავის არსებობა ამ ქვეყანაზე.
როგორც ჩანს, პოეტებს კვლავაც ბევრი საქმე ექნებათ.
და ბოლოს, ვისლავა, ყველაზე ქალური, რაც ნიშნავს, ყველაზე ადამიანურს.
მირჩევნია კინო.
მირჩევნია ხვადი კატები.
მირჩევნია მუხები ვარტის პირას.
მირჩევნია დიკენსი დოსტოევსკის.
მირჩევნია ჩემს თავს – კაცობრიობაზე შეყვარებულს.
ჩემი თავი – ადამიანის მოყვარული.
მირჩევნია მწვანე ფერი.
მირჩევნია არ ვამტკიცებდე,
თითქოს ყველაფერში გონებაა დამნაშავე.
მირჩევნია გამონაკლისები.
მირჩევნია ადრე ჩავიდე.
მირჩევნია ექიმებს სხვა საკითხებზე ველაპარაკო.
მირჩევნია ძველი, ზოლებიანი ილუსტრაციები.
მირჩევნია სასაცილო ვიყო, როდესაც ლექსს ვწერ,
ვიდრე სასაცილო ვიყო, როდესაც ლექსს არ ვწერ.
სიყვარულის მრგვალი თარიღების აღნიშვნას
მირჩევნია ყოველდღე ვზეიმობდე სიყვარულს.
მირჩევნია გარდაცვლილთა სულების საიუბილეო გახსენებას
ყოველდღე მახსოვდეს ისინი.
მირჩევნია მორალისტები არაფერს რომ არ მპირდებიან.
პრაქტიკული სიკეთე მირჩევნია
მეტისმეტი ნდობით თვალახვეულ სიკეთეს.
მირჩევნია დედამიწა სამოქალაქო ტანსაცმელში.
მირჩევნია დაპყრობილი ქვეყნები დამპყრობ სახელმწიფოებს.
მირჩევნია მქონდეს დამატებითი შენიშვნები.
მირჩევნია ქაოსის ჯოჯოხეთი წესრიგის ქაოსს.
მირჩევნია ძმაბი გრიმების ზღაპრები გაზეთის მოწინავეებს.
მირჩევნია გაფოთლილი ტოტები უფოთლო ყვავილებს.
მირჩევნია კუდიანი ძაღლები კუდმოჭრილ ძაღლებს.
მირჩევნია ღია ფერის თვალები.
რადგან მე თვითონ მუქი თვალები მაქვს.
მირჩევნია გამოსაწევი უჯრები.
ბევრი რამ, რაც აქ არ დავასახელე,
მირჩევნია ბევრ რამეს, რაც აგრეთვე არ დამისახელებია.
მირჩევნია ცალკე აღებული ნულები –
ნებისმიერი ციფრის უკან ჩამწკრივებულ ნულებს.
მირჩევნია მწერების ასაკი ვარსკვლავთა ასაკს.
მირჩევნია ხეს მივუკაკუნო.
მირჩევნია არ ვკითხულობდე: რამდენ ხანს და როდის.
მირჩევნია ყოველთვის მხედველობაში მქონდეს ის შესაძლებლობაც,
რომ ყოფიერებას თავისი საზრისი აქვს.