ვნებები მობილური ტელეფონის გამო

ექიმები გვაფრთხილებენ: საყოველთაო “მობილიზაცია” შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. გაუფრთხილდით თავს!

წუთსაც ვერ ძლებთ მობილური ტელეფონის გარეშე? ძილის დროსაც კი ბალიშის ქვეშ გიდევთ? ხელი რეფლექსურად მისკენ გაგირბით – SMS-შეტყობინება ხომ არ მოვიდა, ან ვინმეს ზარი ხომ არ გამოგრჩათ? ტექნიკის ეს სასწაული ჩვენთვის პირველი საჭიროების საგნად იქცა. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ის?

ოფიციალურად ყველა მობილურს ახლავს სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ ნივთი შეესატყვისება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს, თუმცა ეჭვი მათი უვნებლობის თაობაზე მაინც არსებობს. ყველა ჩვენგანმა ფიზიკის სასკოლო კურსიდანვე იცის, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. არსებობს მონაცემები, რომ მობილური ტელეფონების გამოსხივება იწვევს უძილობას, მეხსიერების გაუარესებას, თავის ტკივილს, უმიზეზო დაღლილობას, არტერიული წნევის მატებას, ტვინის სიმსივნეს, კიბოს, ალცჰაიმერის დაავადებას და სხვა სნეულებებს. მავნე გამოსხივებას აქვს აკუმულაციის, დაგროვების თვისება, ამიტომ თავდაცვის გზებსა და საშუალებებზე უმჯობესია წინასწარ ვიფიქროთ. გამოსხივებისგან თავის დასაცავად მაქსიმალურად შეამცირეთ ზარების ხანგრძლივობა, ბავშვებს კი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დართეთ მობილურით სარგებლობის ნება. ესპანელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ მობილური ტელეფონით ორწუთიანი საუბარი ბავშვის თავის ტვინის რიტმს ორი საათით ცვლის. ორსულობისას მობილური კავშირის ჭარბ გამოყენებას ჰიპერაქტიური ბავშვების დაბადებამდე მივყავართ. ავტომობილში, ლიფტსა და სხვა ლითონისკორპუსიან დახურულ სივრცეში მობილური ტელეფონის გამოყენებისას საფრთხე უფრო მეტია. იაპონიაში კანონით აიკრძალა მატარებლებში მობილური ტელეფონით სარგებლობა. დაფიქრდით თქვენს ჯანმრთელობაზე და შენობაში ყოფნისას ისარგებლეთ ჩვეულებრივი და არა მობილური აპარატით.

გაჯეტხაფანგები
ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გარდა, არანაკლებ სახიფათოა გაჯეტებზე: მობილურ ტელეფონებზე, სმარტფონებზე, ჯიბის კომპიუტერებზე MP3-ფლეიერებზე, – ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც. ფსიქოლოგები ამ ჩვევას გაჯეტდამოკიდებულებას უწოდებენ. თუ ბოლო თაობის და გამორჩეული მარკის ტელეფონის ფლობისკენ მიისწრაფვით და გამუდმებით ხელში გიჭირავთ – თამაშობთ ან წამდაუწუმ ამოწმებთ ფოსტას, ესე იგი გაჯეტდამოკიდებული ბრძანდებით. ეცადეთ, უფრო გონივრულად გამოიყენოთ კაცობრიობის ეს უდიდესი გამოგონება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები