1980 წელს დაამთავრა თბილისის პირველი სკოლა და სწავლა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში, თუმცა მისი კინოდებიუტი თეატრალურ ინსტიტუტამდე დიდი ხნით ადრე – 14 წლის ასაკში შედგა, როცა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლში გადაიღეს.
ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან სამი დაუსრულებელი დარჩა. 1984 წელი – გ. შენგელაიას ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა;1975 წელი – ა. რეხვიაშვილის „საფეხური“; 1988 წელი – ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (რომლისთვისაც კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო აქტიორული ნამუშევრისთვის მთავარი პრიზით დააჯილდოვეს); 1990 წელი – „ქალაქის ცხოვრება“; 1986 წელი – ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“; 1987 წელი – გ. მგელაძის „ფესვები“; 1985 წელი – ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“; 1987 წელი – კაიდანოვსკის „სტუმარი“ და სხვა.
29 წლის მსახიობი 1992 წლის 7 სექტემბერს, ქართულ-აფხაზური ომის დროს, ზემო ეშერასთან დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მეგობრული და თავისუფალი ბუნების ადამიანი იყო, რომლისთვისაც მიუღებელი გახლდათ „ჩარჩოები“ და დოგმები. მიუხედავად იმისა, რომ თეკლა ბატონიშვილის შტოდან, ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო, განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩეოდა.
1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოს შეადარა.
14 წლის ლევან აბაშიძე სანდროს როლში. კინოფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. „ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. განგების მადლიერი ვარ, რომ მიხეილ თუმანიშვილთან მოვხვდი“.
ბავშვობაში ლევანი ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ხშირი სტუმარი ყოფილა. ერთხელ შეყვარებულის გამო უჩხუბია და თითი მოუტეხავს. მერე ეს თაბაშირი შეუნახავს და სკოლაში საკონტროლო წერების დროს იყენებდა.
ლევანის პანაშვიდზე 12-13 წლის ბიჭები მისულან. ლევანის დედას უკითხავს, – ვინ ხართ, ბიჭებოო, ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, – უპასუხიათ ბავშვებს.
იური გრიგოროვიჩი – რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. სოლიკო ვირსალაძე – ქართველი თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი და მისი შვილიშვილი, მსახიობი ლევან აბაშიძე.
„ფილმის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც, თეატრთან ერთად, ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი“.
„ლევანის გაუთავებელ რომანებს შორის იყო გამორჩეული რომანი მოლდაველ მსახიობ გოგონასთან მიკასთან, – იხსენებს ლევან აბაშიძის დედა მანანა ხიდაშელი, – მიკა აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი. თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა: დედა, მე ცოლს არასოდეს შევირთავ, მაგრამ ძალიან გთხოვ, მიკამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ცხოვრობდა… მერე ინსტიტუტი დაამთავრა და წავიდა. რეკავდა, ლევანის დაღუპვა საშინლად განიცადა. დღემდე მეხმიანება, მირეკავს, ახლაც არ თხოვდება, მე სულ აქედან ვუკიჟინებ, გათხოვდი-მეთქი“…
ლევან აბაშიძის შეყვარებული მიხაელა სტრიმბიანუ: „დაკრეფდა ჩემთვის მინდვრის ყვავილებს და მოჰქონდა. თუ არ იყო მინდვრის ყვავილები, იებს ყიდულობდა. ყოველთვის მოჰქონდა ნამცხვარი“…
ერთხელ ბიჭვინთაში შეყვარებულის სანახავად ფეხმოტეხილი წასულა და თაბაშირიანი ფეხით მეშვიდე სართულზე ასულა – მხოლოდ იმიტომ, რომ კართან ყვავილები დაეტოვებინა…
ლევან აბაშიძე და ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი „ნაცნობობით“. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ჰოდა, აი, ამ ფილმში შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი“.
ლევან აბაშიძისთვის მიუღებელი იყო ვარსკვლავური ცხოვრება, როცა მისი თანატოლები ომში იღუპებოდნენ. მიზეზს ეძებდა, რომ ფილმის გადაღებები მიეტოვებინა და ომში გაქცეულიყო.
მშობლებს რამდენიმეჯერ უთხრა, – აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო.
5 სექტემბერს გადაღებებიდან თბილისში დაბრუნდა, 6 სექტემბერს სოხუმში გაფრინდა და 7 სექტემბერს ბრძოლის ველზე ყუმბარამ იმსხვერპლა.
ლევან აბაშიძეზე შეყვარებულმა გოგონამ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გაბედა მისთვის სიყვარულის გამხელა და მსახიობის სახლის ფანჯრებთან გაჩნდა წარწერა: „ლევან, მიყვარხარ“. მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა – „მე უფრო ძალიან მიყვარხარ“, მესამე დილით – „მე ყველაზე ძალიან მიყვარხარ“ და ასე დაუსრულებლად…
წყარო: http://funtime.ge