ბავშვები უყურებენ, თუ როგორ ჩაგრავს დედა მამას ან პირიქით და ამ უმსგავსობის აღსაკვეთად ვერაფერს აკეთებენ. ალბათ დამეთანხმებით, რომ დედ-მამის ჩხუბს ყველა ბავშვი განიცდის და ხშირად, ამის გამო ისინი იმდენად კომპლექსდებიან, რომ მომავალში საკუთარი ოჯახის შექმნაზეც კი უარს ამბობენ, ამის ეშინიათ.
ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც მართალია, თინეიჯერი აღარ გახლავთ, სწორედ ამ ასაკში იყო, როცა სახლიდან წამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ დედ-მამის ჩხუბს ვეღარ გაუძლო და გოგონა ფაქტობრივად, ქუჩაში აღიზარდა.
მლეთელი, 38 წლის:
– 14 წლის ისე გავხდი, ჩემს ოჯახში ხმამაღალი ლაპარაკი არ გამიგონია, მაგრამ მერე დაიწყო ის ჯოჯოხეთური ყოფა, რომელსაც ვერ გავუძელი და სახლიდან გავიქეცი. მოკლედ, დღე არ გავიდოდა ისე, რომ ჩემს მშობლებს ჩხუბი არ მოსვლოდათ. მართალია, ხშირად ამის მიზეზიც არ ჰქონდათ, მაგრამ შეეძლოთ, უმიზეზოდაც გაუთავებლად ეკინკლავათ, ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ვერ გეტყვით, რომ ერთურთი არ უყვარდათ, მაგრამ მაინც, ასე იქცეოდნენ, ეს კი ჩემზე ძალიან მოქმედებდა; როცა ისინი ჩხუბს იწყებდნენ, ოთახში ვიკეტებოდი და იმის შიშით, რომ შეიძლება, ერთმანეთისთვის რაიმე დაეშავებინათ, ციებიანივით ვკანკალებდი, მინდოდა მეყვირა: შეწყვიტეთ-მეთქი, მაგრამ ხმას ვერ ვიმორჩილებდი. მოკლედ, ეს ყველაფერი კოშმარი იყო. მართალია, ჩხუბით რომ დაიღლებოდნენ და გულს იჯერებდნენ, მერე ერთმანეთს ისე ესიყვარულებოდნენ, ვითომც არაფერი მომხდარა, მაგრამ მე არც მათი ეს საქციელი მომწონდა, არ მესმოდა, თუ ერთმანეთი უყვარდათ, მაშინ რატომღა ჩხუბობდნენ ხოლმე? ჩემ გარდა იმ სახლში კიდევ ორი ბავშვი – ჩემი და-ძმა იზრდებოდა. სიმართლე გითხრათ, მათ ეს ამბავი დიდად არ აწუხებდათ, მეტიც – ამ ყველაფერზე იცინოდნენ და მეუბნებოდნენ: სულელი ხარ, ყველაფერს ასე რომ განიცდი. ხომ იცი, ერთმანეთს მალევე შეურიგდებიან, ამით ნერვებს იწყნარებენო. მე არც მათი მესმოდა: აბა, როგორ შეიძლება, მშობლების ჩხუბს გულგრილად უყურო, ეს არ გაწუხებდეს? მოკლედ, ამ ჯოჯოხეთს ზუსტად 2 წელი გავუძელი, მერე კი სახლიდან წამოვედი და ნახევრად ქუჩაში გავიზარდე.
– როგორც ვიცი, საცხოვრებლად ბიძასთან გადახვედით…
– დიახ, დედაჩემის ძმასთან გადავბარგდი. მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა, სახლიდან დილით რომ გავიდოდა, ღამე ბრუნდებოდა და არც მეკითხებოდა, მთელ დღეს სად, ვისთან ერთად ან როგორ ვატარებდი. მისთვის მთავარი ის იყო, რომ ჩემთვის საჭმელი ეჭმია, სხვაზე არაფერზე ზრუნავდა. თუმცა, მისი მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ შემიფარა. მოკლედ, თავისუფლებით ვისარგებლე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი, უბნელ ბიჭებთან ერთად “ვბირჟაობდი” და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ისინიც, როგორც მეგობარს, ისე მიყურებდნენ, ჩემთან ყველა თავიანთ საიდუმლოს ჰყვებოდნენ და სულაც არ გრძნობდნენ დისკომფორტს იმის გამო, რომ გოგოს ეძმაკაცებოდნენ. მგონი, ქალად ვერც აღმიქვამდნენ მანამ, ვიდრე 19 წლის არ გავხდი და კაბა არ ჩავიცი.
– 19 წლის ასაკამდე კაბა მართლა არ ჩაგიცვამთ?
– მას შემდეგ, რაც შინიდან წამოვედი, მხოლოდ შარვალს ვიცვამდი და იცით, ამას რატომ ვაკეთებდი? – ამით გამოვხატავდი პროტესტს საკუთარი ოჯახის მიმართ. თავიდან, ასე ჩაცმულს სკოლაში არ მიშვებდნენ, მასწავლებლები გამუდმებით მსაყვედურობდნენ, მაგრამ ვინაიდან ფრიადოსანი ვიყავი, ბოლოს ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს და უფლებას მაძლევდნენ, რაც მინდოდა, ის ჩამეცვა; თანაც, მათ ვუთხარი, ამას რატომაც ვაკეთებდი და გამიგეს…
დედ-მამის უსაქციელობის გამო იმდენად ვიყავი დაკომპლექსებული, რომ საკუთარი ოჯახის შექმნაზე არასდროს მიფიქრია. ჰოდა, დღემდე, გასათხოვარს მეძახიან, მაშვალს მაშვალზე მიგზავნიან, მე კი მათ უკან ვაბრუნებ – მისამართი შეგეშალათ-მეთქი.
– მშობლებს როდის შეურიგდით?
– დედ-მამასთან სტუმრად ბავშვობაშიც მივდიოდი ხოლმე, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრებაზე კატეგორიული უარი მაშინ განვაცხადე, როგორც კი შინიდან წამოვედი.
– თუ იცით, ისინი დღემდე ცდილობენ, ერთფეროვანი ცხოვრება ჩხუბით “გაილამაზონ”?
– როგორც უნდა გაგიკვირდეთ, იმ უცნაურ ჩვევას (თუ რა ვიცი, ამას რა უნდა დავარქვა) სიბერეშიც ვერ შეელივნენ და დღესაც ხშირად ჩხუბობენ, შვილიშვილები კი მათ საქციელზე კარგად ხალისობენ, ერთობიან… ასეთი მშობლები რომ არ მყოლოდა, ვინ იცის, დღეს როგორი ოჯახი მექნებოდა, მეც მეყოლებოდა შვილები, მაგრამ… შიში ოხერი ყოფილა.
წყარო: mshoblebi.ge