როგორც ამბობენ, ობიექტური რეალობა არ არსებობს – არსებობს რეალობის მხოლოდ სუბიექტური იდენტიფიცირებები, გარემო კი ისეთია, როგორსაც ხედავ. ეს, ალბათ, ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელ ჭიქას შორის სხვაობაა, როდესაც გამოხატულება იდენტურია და სხვაობას მხოლოდ აღქმის დამოკიდებულება გვაძლევს.
შეგვიძლია ირონიით ისიც ვთქვათ, რომ ქართველი ტელემაყურებელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებას ცდილობს, გარკვეულწილად, არჩევანით განებივრებულია. მას ტელევიზორის მართვის პულტის ღილაკზე თითის მარტივი დაჭერით შეუძლია რეალობის ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ამ შემოთავაზებული რეალობის მიღების გზაზე კი ტელემაყურებელს საინფორმაციოს წამყვანები, პროდიუსერები და ჟურნალისტები დაეხმარებიან, დაწყებული ახალი ამბების მიმდევრობისა და პრიორიტეტების განსაზღვრით, გაგრძელებული თემების ხედვის კუთხითა და წყაროების სპეციფიკური შერჩევით.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართველი მაყურებელი რეალობას თავად ირჩევს. ყოველივე ზემოთ თქმულს უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ, თუმცა, უკანასკნელ დროს დაკვირვებული ადამიანი ადვილად შენიშნავდა ე.წ. სატირულ-იუმორისტულ ტენდენციებს რაც თავს ზოგიერთი მაუწყებლის საინფორმაციო სივრცეში იჩენს. მეტი დამაჯერებლობისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, წამყვან გიორგი გაბუნიას ტექსტს მოვიყვან: „მმართველი გუნდის გეგმის მიხედვით დღეს ჩვენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული განახლებული მთავრობა უნდა გვყოლოდა, მაგრამ არ გვყავს, იმიტომ რომ კოალიციის გეგმებში პრეზიდენტმა ჩაა…ბიჯა.“ ამ ასო–ბგერათა წყობას („ჩაა..“) და იმ პაუზას, რომელიც მას მოსდევს, ცხადია,მაყურებელი გარკვეული მიმართულებით მიჰყავს. სავარაუდოდ, წამყვანს მომარჯვებული ექნება არგუმენტი, რომ უბრალოდ ენა დაება და სიტყვა ერთიანად ვერ წარმოთქვა, მაგრამ თუკი რამდენჯერმე მოვისმენთ და დავაკვირდებით, მარტივად დავრწმუნდებით, რომ სწორედ გამიზნულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს უნახავს უცხოურ მედიაში სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურის გამონათქვამების გაშარჟება, ირონია, ცინიზმიც, თუმცა აქ მნიშვნელოვანია გადაცემის ფორმატი, რომელიც მაყურებლისთვის გაცხადებულია და წამყვანს ამის შესაძლებლობას აძლევს.
ალბათ, გასაკვირია, მაგრამ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას აბსოლუტურად არ აღელვებს, როდესაც ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაში ღიად ადანაშაულებენ. ის ფორმალურადაც კი არ მიიჩნევს საჭიროდ ბრალდება უარყოს. თითქოს ეს დასაძრახი კი არაა, პირიქით. ის კმაყოფილი გამომეტყველებით აგრძელებს გადაცემას – თითქოს კარგიც არის, რომ საჯაროდ გაცხადდა, რომელ პოლიტიკურ ორბიტაზე იმყოფება ჟურნალისტური საქმიანობის ჟამს. 9 საათიან კურიერში 13 წუთიანი ჩართვის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, წამყვანმა მხოლოდ სამი კითხვა დაუსვა, რამდენჯერმე კი რეპლიკით დაეთანხმა მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
გასაკვირი არ არის, რომ იმავე პოლიტიკური ორბიტის განწყობა გასდევს მთელ გადაცემასაც. საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის 8 წუთიანი ქრონომეტრაჟის გამოკითხვა, რომელშიც 66 გამოკითხულიდან 64 მთავრობის საქმიანობას მკვეთრად უარყოფითად აფასებს, გარკვეულ ეჭვს აჩენს. ცხადია, მსგავსი გამოკითხვები რეალურ დროში არ მიმდინარეობს და მაყურებელს გამოკითხვაზე გარკვეული კონტროლი არ აქვს. ჩანაწერის მონტაჟი შესაძლებელს ხდის გამოკითხულთა პასუხები გადაირჩეს პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ერთადერთ ფაქტორს მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა წარმოადგენს. თუმცა, როდესაც ტელეწამყვანი არც უარყოფს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს, სანდოობის ხარისხი დაბალია.
„რუსთავი 2“ არ გახლავთ ერთადერთი ქართულ სამაუწყებლო სივრცეში, რომელიც საკუთარ რეალობას გვთავაზობს. ობიექტური ინფორმაციის ძიებაში კი ქართველ ტელემაყურებელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა განსხვავებულ რეალობებში მოგზაურობისა.
დათო ყანჩაშვილი