წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ მისი შიში გექნებათ

ახლახან ჩემს 50 000-ზე მეტი ხელმომწერისგან შემდგარ თემს გამოკითხვა ჩავუტარე – ბევრ მათგანს დიდი სურვილი აქვს, საკუთარი თავი და თავისი საწარმო მაქსიმალურად განავითაროსდა მსოფლიო დონის მოვლენებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ამ ადამიანებს ვთხოვე გაეზიარებინათ, რა ტიპის პროგრამების გაცნობას მოისურვებდნენ და ეთქვათ, მათი კარიერული ზრდისთვის საჭირო პროგრამაში კაპიტალდაბანდებისგან თავს რატომ იკავებდნენ (სხვათა შორის, ეს ძალზე სასარგებლო სავარჯიშოა, რომელიც ყველა საწარმომ, მეწარმემ და მომსახურების მიმწოდებელმა უნდა სცადოს – თქვენს მომხმარებლებს პირდაპირ შეეკითხეთ, რა სურთ და რას საჭიროებენ. შემდეგ მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია კარგად გაიაზრეთ).

ამ ღონისძიების შედეგად, მათი სურვილების შესახებ ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. გავიგე, რატომ შემოუერთდნენ ჩემს პროგრამებს ან მათზე უარი რატომ თქვეს. აღნიშნული გამოკითხვის შედეგებმა მიჩვენა ჩემი მომხმარებლების ადგილი ცხოვრებაში, საქმესა და პროფესიაში. მათ მიერ გაზიარებული ინფორმაციის დიდმა ნაწილმა უფრო ღრმა ინფორმაციის მიღების საშუალება მომცა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათში შიშის გრძნობას იწვევენ.

გავეცანი რა გამოკითხვის კომენტარებს და ჩემი მომხმარებლების სურვილებსა და ოცნებებს, ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ამ ქალებს წინსვლისთვის საჭირო ერთი

პატარა ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავებას, დიდი წარმატებისადმი მათში ღრმად ჩაბუდებული შიში აიძულებს. ისინი კითხულობენ, ეს წინსვლა მათ რას მოუტანს და მისი მიღწევის შემთხვევაში დაპირისპირება რასთან მოუწევთ?

ექვსი ყველაზე გავრცელებული შიში, რაც ქალებს რაიმე ცვლილებისა და მათი ყველაზე დიდი ოცნების სისრულეში მოყვანისგან თავის შეკავებას აიძულებს:

“წარმატების ღირსი არ ვარ”

იმ ადამიანების მთავარი პრობლემა, რომლებსაც ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტის მიღება სურთ, მაგრამ ამას ვერ აღწევენ, ის გახლავთ, რომ გულის სიღრმეში დარწმუნებულები არიან: ისინი წარმატებას არ იმსახურებენ. უმეტეს შემთხვევაში მათ ვიღაცამ ოდესღაც, წარსულში, უთხრა, რომ საკმარისად ჭკვიანები, ნიჭიერები, გამბედავები, ძლიერები ან შეუპოვრები არ არიან და მათ რაიმე დიდი მოვლენის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ისინი ზარმაცები, ბავშვურები, სულელები არიან. რომელიმე ავტორიტეტული პერსონის აზრით, წარმატების მისაღწევად, მათ ხასიათის რომელიმე აუცილებელი თვისება აკლიათ. მათაც, ამ აბსურდული მიზეზებისგან შექმნილ ანკესს წამოგებულთ, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევთ. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება მხოლოდ “ღირსეულთა ხვედრია”. მათ არ ესმით, რომ დიდი წარმატება ხელმისაწვდომი და შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ ის სამყაროსთვის სარგებლობის მოსატანად საჭირო აუცილებელი შინაგანი და გარეგანი სამუშაოს შესასრულებლად მზად არის.

რჩევა: ამ პლანეტაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი წარმატებას იმსახურებს, რადგან არ არსებობს კანონი, წარმატებას დაბადებიდანვე მხოლოდ რამდენიმე რჩეულის კუთვნილებად რომ განიხილავდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისეთ წარმატებას მიაღწიოს, როგორიც მას სურს, მაგრამ ის ამას მანამ ვერ მოახერხებს, სანამ არ მიხვდება, რომ მის გარშემო არსებული სამყაროსეული კანონები კი არ საჭიროებენ გადახედვას, არამედ სწორედ მისი ქმედებები, მსოფლმხედველობა და ვალდებულებები.

“მე არასაკმარისად გამჭრიახი ვარ”

მეორე დამანგრეველი შიში: “მე, სხვებისგან განსხვავებით, არ გამაჩნია ის თვისებები, რომლებიც დიდი წარმატების მისაღწევადაა საჭირო”. ამგვარი შიშით შეპყრობილი ადამიანები, უყურებენ რა მათ გარშემო არსებულ კონკურენციას, ფიქრობენ: “ღმერთო ჩემო, ჩემთან შედარებით მათ იმდენად მეტის შეთავაზება შეუძლიათ!” ან “ისინი ბევრად უფრო წინ არიან ნიჭის, გამჭრიახობის, განათლების, პროფესიული კვალიფიკაციისა და ცოდნის თვალსაზრისით”. სინამდვილეში კი ის, ვინც პირველ ადგილზეა, შესაძლოა, მხოლოდ 10 (ან 100) ნაბიჯით იყოს წინ, მაგრამ თუ არ მიგაჩნიათ, რომ რაღაც უნდა ისწავლოთ და ამ ნაბიჯების გადასადგმელად რაიმეს კეთება დაიწყოთ, სასტარტო ეტაპს ვერასოდეს გასცდებით.

რჩევა: თვალს ნუ მოარიდებთ იმ ფაქტს, რომ ზრდა და განვითარება გესაჭიროებათ. პირიქით, მოეჭიდეთ მას და დღესვე, თქვენი შესაძლებლობების გასაფართოებლად, რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთეთ.

“ჩემს ცხოვრებაზე კონტროლს დავკარგავ”

ამ ტიპის შიშის არსებობის დამამტკიცებელ საბუთებს ქალებში ძალიან ბევრჯერ წავწყდომივარ – განსაკუთრებით მათში, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და მათში, ვისაც ოჯახის შექმნა სურს. ისინი შიშობენ, რომ დიდი წარმატება მათ პირად ცხოვრებას ხელში ჩაიგდებს, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს და საკუთარი სურვილის მიხედვით მის წარმართვას შეუძლებელს გახდის. მე, როგორც მრჩეველი და მწვრთნელი, ამ სხვადასხვა ტიპის შიშთან ბრძოლას კლიენტებისთვის განმარტების მიცემით ვიწყებ. ვარწმუნებ, რომ საჭიროა მათთვის შეუძლებელი ნაბიჯების პრიორიტეტებად დაწყობა და საკუთარი ცხოვრების ამ ცოდნის საფუძველზე წარმართვა. საკმარისია, ერთხელ მაინც გააცნობიეროთ, რისი ქონა და გაკეთება გჭირდებათ იმისათვის, რომ ცხოვრების ისეთ სტადიას მიაღწიოთ, როგორიც ოცნებებში წარმოგიდგენიათ. ასეთი გააზრების შემდეგ მაშინვე დაიწყებთ იმ საზღვრების შექმნას და იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც თქვენ მიერ დასახულ პრიორიტეტებს რეალობად აქცევენ.

რჩევა: თქვენს ცხოვრებაზე კონტროლს არ დაკარგავთ, თუ სადავეებს თვითონვე არ მიუშვებთ. შეადგინეთ თქვენი პრიორიტეტების სია – როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი – და თქვენი სამოქმედო არეალის საზღვრების გამიჯვნა დაიწყეთ („არას” თქმით იმ ადამიანებისა და პროექტებისთვის, რომლებიც ამ საზღვრებს არღვევენ) იმისათვის, რომ თქვენმა წარმატებამ მთელი თქვენი დრო, სიხარული და მიზანი არ შთანთქას.

“ხალხი მიხვდება ჩემს უცოდინარობას”

თვითმარქვიობის შიში (რომ თქვენ ისეთი არ ხართ, როგორადაც თავს აჩვენებთ) ბევრი ქალისთვისაა დამახასიათებელი. ქალებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა საოცრად უჭირთ, რადგან შიშობენ, რომ ხალხი მათ აზროვნებაში, მრწამსსა და ქმედებაში სერიოზულ ნაკლოვანებას აღმოაჩენს.

მათ ბლოგების საწერად იდეური აზროვნების განვითარების, ამა თუ იმ სახელოსნოს ამუშავებისა თუ წიგნის დაწერის ეშინიათ, – და ამით იმის თქმის, რისი თქმაც სინამდვილეში სურთ – რადგან ფიქრობენ, რომ სხვები მათ იდეებს გააცამტვერებენ და თავად მათ გაიძვერას, კარიერისტისა და “თაღლითის” იარლიყს მიაკრავენ.

რჩევა: ფაქტია, რაც უფრო მეტად წინ მიდიხართ, მით უფრო მეტი ხალხი ცდილობს თქვენთვის ხელის შეშლას. რაც უფრო მეტად შლით ფრთებს, პრობლემებთან და წინააღმდეგობებთან შეჯახება მით უფრო გარდაუვალია. ეს წარმატებისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. კითხვა შემდეგი გახლავთ: “რამდენად გჭირდებათ ყოველივე ეს?” თუ დიდი წარმატების მიღწევა გსურთ, მაშინ საკუთარი თავი უნდა აიძულოთ, როდესაც ხალხი თქვენ და თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს აკრიტიკებს, ემოციური სიცარიელისა და განადგურების გრძნობა არ დაგეუფლოთ. ასევე, როდესაც ხალხი ამბობს, რომ თქვენ “მაგარი” ხართ, აღტაცების გრძნობის შეკავება უნდა შეგეძლოთ. ეს ორივე უკიდურესობა – ქების აყოლაც და კრიტიციზმით განადგურებაც – წინსვლაში ხელის შემშლელია.

“საშინელება დამემართება, როდესაც მსოფლიო ჩემი არსებობის შესახებ შეიტყობს”

ჩემმა მეგობრებმა, კლიენტებმა და კოლეგებმა გამანდეს, რომ, გულის სიღრმეში, მტრულად განწყობილი სამყაროსი ეშინიათ, ასევე იმის, თუ რა მოჰყვება წარმატებას. ეშინიათ, რომ უცხო ხალხი მათ შესახებ ძალიან ბევრს გაიგებს, პირად ცხოვრებაში შემოიჭრება და ზიანს მიაყენებს. ისინი ხედავენ, რა დიდი სიძულვილის გამჟღავნება შეუძლია ინტერნეტს. თვალყურს ადევნებენ ანონიმ კომენტატორებს, რომლებიც დღეში ათასჯერ მთელი სისასტიკითა და შხამიანი სარკაზმით უსწორდებიან ადამიანებს იმისათვის, რაც მათ საჯარო სამსჯავროზე გამოაქვთ.

რჩევა: თუ “უსაფრთხოება” გსურთ, ძალიან პატარა, კონტროლირებად სამყაროში ცხოვრებით ტკბობა უნდა ისწავლოთ, მაგრამ თუ დიდი წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ უნდა გამოიმუშაოთ ჩვევა, რომელიც უცხო გარემოში თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. აღიარეთ, რომ სამყარო ძირითადად მეგობრულადაა განწყობილი თქვენ მიმართ, როცა თქვენი მხრიდან, თქვენს კუთვნილ ვალდებულებებს ერთგულად ასრულებთ იმისათვის, რომ ის ასეთი იყოს.

“შეცდომას დავუშვებ და წელში ვეღარასოდეს გავსწორდები”

დაბოლოს იმ შიშის შესახებ, – რომ რაიმე ძალიან სერიოზული საჯარო შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებით – რომელიც ყველაზე უფრო შემზღუდველად მოქმედებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მარცხმა არ უნდა შეგაშინოთ, პირიქით, ის თქვენს მეგობრად უნდა აქციოთ, თუ გსურთ უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. მაგრამ მე შემხვედრიან ისეთი ადამიანები, რომლებიც „პერფექციონისტული” და ზექმედითი ხასიათით გამოირჩევიან – რაც იმას ნიშნავს, რომ აკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე ეს გონივრულ ფარგლებში ჯდება, უფრო მეტს, ვიდრე ამას საქმე მოითხოვს, უფრო მეტს, ვიდრე აუცილებელია და ამასთან ერთად, ყველაფერში A+ შეფასებას საჭიროებენ – და დახმარების გარეშე ამ შიშის დაძლევა არ შეუძლიათ. მათ ძალზე მყიფე ეგო აქვთ. ისინი მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაინგრევა ყველაფერი, რაც კი ოდესმე უშენებიათ. როდესაც ასეთ ადამიანებს ფეხი უცდებათ და შეცდომებს უშვებენ, ისინი ამ შეცდომებს ბრძოლის გარეშე უფსკრულში მიჰყვებიან (მარცხის მიმართ შიშის ჩამოყალიბება და განმტკიცება ძირითადად ბავშვობაში მიმდინარეობს და ამაში ლომის წილი მეტისმეტად მომთხოვნ და მბრძანებლობის მოყვარულ მშობლებს მიუძღვით, რომლებმაც არ იციან, მშობლის მოვალეობების ეფექტურად შესრულება რაში მდგომარეობს).

რჩევა: თუ თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ არანაირ მარცხთან შეგუება, თავი არ მოიტყუოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი და არც საკუთარი თავის კონტროლი ძალგიძთ – თქვენ გეშინიათ (მე ეს კარგად ვიცი, რადგან მე თვითონ ზუსტად ასეთი ვიყავი). საუკეთესო გზა ამ შიშის გადალახვისა არის ის, რომ დაიწყოთ შეცდომების დაშვება და მათთან მიმართებით საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ. დროა, თქვენთვის კომფორტული ზონის ფარგლები დატოვოთ, საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება მისცეთ და შემდეგ კი საკუთარი ნამოქმედარი მოიწონოთ.

წყარო:http://forbes.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები