17 წლის ელენე ლოლაძის გამოსვლა „X ფაქტორის“ სცენაზე ყველას დაამახსოვრდა. მოზომილი ემოციით გულით ნამღერს წინ კონკურსანტის მიძღვნა ახლდა. ელენემ „X ფაქტორში“ გამოსვლა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა. ცრემლები ვერ შეიკავა, სიმღერის სახელწოდება დაავიწყდა, ემოციებმა დაჯაბნა. „არ ვიცი, დედა მხედავს თუ არა, მაგრამ მინდა წარმატებას მივაღწიო“, – თქვა გოგონამ.
ტკივილით სავსე იყო ნამღერიც და ეს გამოსვლაზეც აისახა. ობოლი გოგონას სიმღერა ჟიურისა და მაყურებლის გულამდე ადვილად მივიდა. „დედა არ ცდებოდა, რომ უნდოდა სცენაზე გამოსულიყავი, კარგი ქენი რომ მოხვედი. შეუძლებელია მას ასეთი ნამღერი არ გაეგო“, – ეს იყო გიორგი გაბუნიას რეპლიკა.
გოგონას გამოსვლას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა მისი ნამღერი დაიწუნა, არ იყო მზად კონკურსზე გამოსასვლელადო. დედის გარდაცვალების თემით სპეკულირებსო. ეს სილამაზის კონკურსი არ არის, თუ სიმღერისთვის მზად არ იყო, სად გამოდიოდაო. ამას ელენეზე არ უმოქმედია, მან დედის სურვილი შეასრულა. ეს კი მისთვის უძვირფასესია. არც იმას აქცევს ყურადღებას, რომ წერენ, მე ბაბუა მომიკვდა და მეც გავალ სადმე კონკურსზეო.
ელენე ახლა ბებიასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მალე სოხუმში გაემგზავრება. დროებით დეიდასთან ერთად იცხოვრებს. მამა ცალკე ცხოვრობს და ქალიშვილს ფინანსურად უზრუნველყოფს. ყველაზე საყვარელი ადამიანი ელენემ თებერვალში ფილტვების მწვავე პნევმონიით დაკარგა.
ელენე ლოლაძე:
– ბევრისთვის მიუღებელია, დედა დაგეღუპოს და სიმღერის კონკურსში მონაწილეობდე. ყველაზე კარგი რაც შემეძლო გამეკეთებინა იყო ის, რომ გავსულიყავი და თავი მეცადა მუსიკალურ კონკურსში. დედა ყველაფერში მეხმარებოდა და უნდოდა, რომ რაიმესთვის მიმეღწია. რაც დედას გაუხარდებოდა მე ყოველთვის იმას გავაკეთებ. დედა მეუბნებოდა, რომ მეტი უნდა მეშრომა, მე მეტი შემიძლია.
დედას რომ ვახსენებ ყოველთვის გული მიჩუყდებაო, ამბობს. ასე მოხდა საჯაროდაც, ფილარმონიის სცენაზე. ელენე დედისერთაა და დღესაც უჭირს იმის გაცნობიერება, რომ დედა გარდაცვლილია. ვოკალში სხვადასხვა პერიოდში ემზადებოდა, ბოლო დროს სოფო ტოროშელიძესთან დადიოდა.
„მოუმზადებლად “იქს ფაქტორში“ გასვლა საპასუხისმგებლო იყო. მე გავედი და დედის დახმარებით ვიმღერე. ხალხის კრიტიკაც იყო და მეც ვიცი, რომ კარგად არ მიმღერია. მაგრამ მართლა მთელი გულით და დიდი გრძნობით ვიმღერე. წერდნენ შაყირით – ბაბუა გარდამეცვალა და მეც გავალ “იქს ფაქტორში“ სამღერლადო. ბოროტებაა იმის თქმა, რომ მე ვსპეკულირებდი დედის გარდაცვალების თემით. ეს როგორ უნდა გამოიყენო? მე მინდოდა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი მქონოდა, მეტი არაფერი. სიმღერა ყველაფერზე მეტად მეხმარება. ასეთ რთულ სიტუაციაში მით უმეტეს. მე გამოსვლა მიღირდა დიდი სითბო და სიყვარული მივიღე. ძალიან მიხაროდა, რომ ხალხი მწერდა და თბილი სიტყვებით მეხმიანებოდა. მამშვიდებდნენ, თანამიგრძნობდნენ. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. ამაზე მაგარი დღეს ჩემთვის არაფერია. ყველამ იგრძნო ჩემი ნამღერი, ემოცია მაყურებლამდე მივიტანე. ეს ჟიურის წევრებმაც ზუსტად აღიქვეს. განსაკუთრებით ანრის სიტყვები გამიხარდა. ოთხივემ კარგად შემაფასა. მინდოდა ყველაფერი სამართლიანად მომხდარიყო და ასეც მოხდა. ჩემი გამოსვლა სწორად მიიღეს. მეგობრები მოდიან და მეღადავებიან, ამ ქურთუკით ისეთი პოპულარული გახდი მასში ფოტო გადაგვაღებინეო“.
– სიმღერა შენი ჰობია?
– არა, მთელი ცხოვრება ვმღერი. სიმღერა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. როცა არ ვმღეროდი ვღიღინებდი მაინც. სიმღერა ყველაფერია. მინდა მეტი გავაკეთო. სულ რომ მითხრან ვერ მღერიო, მაინც ავდგები და ვიმუშავებ თავზე. სიმღერის გარდა დავეუფლები პროფესიას და ეს არის მენეჯმენტი.
დედა
„დედას არ უავადმყოფია, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. მუშაობდა, სიცოცხლისუნარიანი იყო. ვერაფერს შეატყობდით, რომ რაიმე აწუხებდა. გაცივდა, რასაც ფილტვების ანთება დაერთო. მერე პნევმონია გართულდა. იშვიათი სირთულის ვირუსი შეეყარა. 44 წლის 14 იანვარს გახდა, საავადმყოფოში რომ დავაწვინეთ მაშინ. ბოლო თვე-ნახევარი აპარატზე იყო შეერთებული. აძინებდნენ რომ იოლად გამოსულიყო. რას არ ვაკეთებდი იმ დროს, რომ ოჯახს ფინანსურად გვერდში დავდგომოდი. საავადმყოფოში დღეში 1000 ლარი გვქონდა გადასახდელი. ძლიერ წამლებს უკეთებდნენ. ფინანსურად წელში გამართული ოჯახიდან არ ვარ. ამიტომ იმ მომენტში რაც შემეძლო, ვაკეთებდი. მომღერლებს ვაწუხებდი და საქველმოქმედო კონცერტებს ვაკეთებდით. მეხმარებოდნენ სოფო ტოროშელიძე, ნინა სუბლატი, თორნიკე ყიფიანი. სულ ორის ორგანიზება მოვასწარით. მესამე კონცერტის წინა დღეს დედა დაიღუპა. დედას სახელზე ჩატარდა ტურები, ერთი ყაზბეგში. შეიძლება მაქსიმუმი ვერ გავაკეთე, მაგრამ რაც შემეძლო ვცდილობდი. ზოგს უკვირდა ჩემი ასეთი საქციელი. ჭამა არ მახსოვდა. მთელი დღე გათიშული დავდიოდი…
ძალიან რთული დასაჯერებელი გახდა ჩემთვის დედის გარდაცვალების ფაქტი. საშინელება იყო, არც მახსოვს. სკოლიდან მეგობარმა წამომიყვანა, დედაშენი ცუდად არისო. სახლის სადარბაზოში რომ შევედი, პირველ სართულზე ჩემი ბინის კარი ღია დამხდა და კივილის ხმა გამოდიოდა. მას შემდეგ არაფერი მახსოვს. არ მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მისამძიმრებდა. ახლა უფრო და უფრო მიჭირს, მაგრამ თან ვძლიერდები. ვერ ვეჩვევი უდედობას, მაგრამ იმას ვიაზრებ, რომ უფრო უნდა გავძლიერდე და მაგრად დავდგე. ფსიქოლოგი ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ, ალბათ, დამჭირდება. საშინლად ვარ. ნევროზი ავიკიდე. ღამით მაწვება ფიქრები. ყველაფერზე ვფიქრობ. არ მეძინება. მეგორები და დედის დარიგებები მეხმარება. დედა დამოუკიდებლად მზრდიდა. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბევრი რჩევა მახსოვს მისგან, სამომავლოდ რომ გამომადგება. ეს ძალიან მეხმარება. უნდა იყო ძლიერი და არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოო. უნდა გყავდეს ბევრი მეგობარი და იქიდან რამდენიმე უნდა აარჩიოო. დედის გარეშე მოქმედება რთულია. ყოველ საქციელზე ვფიქრობ, დედა ამაზე რას იტყოდა-მეთქი. ყველა დეტალს ვუღრმავდები. არჩევანის გაკეთებას მე მანდობდა, ცუდს და კარგს ერთმანეთისგან მე მარჩევინებდა. დღეს მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მაგრამ ასეთი დამოუკიდებლობა ნამდვილად არ მინდოდა“.
ელენე 183-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ჩინეთში იყო სამი თვე, რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა კონცერტებზე მღეროდა. სცენაზე დგომის პრაქტიკა შევიძინეო, ამბობს.
– და „იქს ფაქტორის მერე თაყვანისმცემლები მოგემატნენ?
– ამბობენ, გარეგნულად კარგი გოგო ვარ J გოგონებიც და ბიჭებიც თანაბრად არიან, ბიჭებს ვერ გამოვყოფ. მე უფრო ბავშვური ვარ დ ყურადღებას არ ვაქცევ ბიჭებს მოვწონვარ თუ არა, ყურადღებას არ ვამახვილებ.
– შეყვარებული ხარ?
– დიახ. ის ჩემზე ერთი წლით უფროსია. მას დედაც იცნობდა. ის დამეხმარა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში…