ბოშათა ბანაკის ცხოვრების სკანდალური დეტალები

არ არსებობს სხვა ისეთი ხალხი, რომელზეც იმდენ იდუმალ ისტორიას ჰყვებიან, რასაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც რით განსხვავდებიან ბოშები სხვებისგან?
არ არსებობს სხვა ისეთი ხალხი, რომელზეც იმდენ იდუმალ ისტორიას ჰყვებიან, რასაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც რით განსხვავდებიან ბოშები სხვებისგან?

ხალხი – დღესასწაული

საოცარი არაფერია მასში, რომ ამ მხიარულმა ხალხმა საკუთარი დღესასწაული მოიპოვა. 1971 წლის 8 აპრილს თავიანთ პირველ მსოფლიო კონგრესზე ბოშებმა საკუთარი თავი ერთიან ერად აღიარეს, მიიღეს ჰიმნი (ხალხური სიმღერა ”ჯელემი”) და დროშა: წითელი ბორბალი ცისფერი და მწვანე ზოლების ფონზე. თავად დროშის სიმბოლიკას ასე ხსნიან: ცისფერი ზოლი – ეს ზეცაა, მწვანე – უკიდეგანო ტრამალი, ბორბალი – ხალხის სული. მაგრამ რატომ არის ბორბალი წითელი? იკითხავთ თქვენ. იმიტომ, რომ ბოშები – ეს დღესასწაულია, სამყაროსთვის სპეციალურად მიძღვნილი იმ მიზნით, რომ ადამიანთა ცხოვრება გაალამაზოს.

მაშ ასე, 8 აპრილი ბოშათა საერთა­შო­რისო დღედ მიიჩნევა. საზეიმო დღეებში მთელ პლანეტაზე ტარდება ბოშათა საერთაშორისო ფესტივალები, ეწყობა თემატური ფოტოგამოფენები, ფილმების ჩვენება, მიმდინარეობს კონცერტები ცეცხლოვანი ცეკვებითა და განუმეორებელი სიმღერებით, რაც მომთაბარე ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა. მრავალ ქვეყანაში 8 აპრილს ქუჩებში ანთებული სანთლებით აწყობენ მსვლელობებს მოხეტიალე ხალხის მძიმე ხვედრის სახსოვრად.

ორ მდინარეს შორის

მრავალი საუკუნის განმავლობაში არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა ამოუცნობი ტომი. საქმე ის გახლავთ, რომ ბოშურ კულტურაში არ დარჩენილა გადმოცემა მათი სამშობლოს შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი ემხრობა თეორიას, რომ ბოშური ტომი თავდაპირველად ბინადრობდა ორ მდინარეს – ჩინურ ცისა და ინდურ განგს შორის. სხვა სახალისო ვერსიების თანახმად, ბოშები წარმოიშვნენ გერმანელი ებრაელებისგან ანდა ატლანტიდის ცივილიზაციის სასწაულებრივად გადარჩენილ შთამომავლებს წარმოადგენენ. შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ ბოშები ევროპაში ეგვიპტიდან ჩავიდნენ. ახალი დროებისთვის ეს შეხედულება გაიფანტა, თუმცა ინგლისში მათ დღემდე ”ეგვიპტელებს”, ხოლო უნგრეთში – ”ფარაონის ხალხს” უწოდებენ, ბოშები კი საკუთარ თავს ”რომას” ეძახიან.

მეცნიერულად შედარებით დამაჯერებლად მიიჩნევა თეორია, რომ ბოშები სხვადასხვა ქვეყანაში V-X საუკუნეებში ინდოეთიდან გადასახლდნენ. რადგანაც არ შემორჩენილა არც არქეოლოგიური, არც წერილობითი მტკიცებულებები, დასკვნები მომთაბარე ხალხის წარმოშობის შესახებ მათი ენის მეშვეობით გაკეთდა, რომელიც სანსკრიტის (ძველი ინდური ენის) მონათესავეა.

რაც შეეხება ბოშების სამშობლოდან გასვლის მიზეზებს, ისინი ყველასათვის უცნობია. ინდოეთიდან ლტოლვილი ბოშები დიდხანს ცხოვრობდნენ წინა აზიის ქვეყნებში, საიდანაც თანდათან დასავლეთისკენ გადაინაცვლეს. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ბოშებმა დღემდე შემოინახეს ენისა და ადათ-წესების ერთიანობა. ამავე დროს ბევრი რამ შეითვისეს იმ ქვეყნების ხალხთა კულტურიდანაც, სადაც ცხოვრობენ, განსაკუთრებით სარწმუნოების მხრივ.

”ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება…

ბოშათა ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია თემის არსებობაა, რაც დიდი ხანია გაქრა სხვა ხალხებში. ბოლო ხანებამდე იგი მომთაბარე ბანაკს წარმოადგენდა. ეს რამდენიმე ოჯახის გაერთიანებაა, რომლებიც ყოველთვის ერთ გვარს არ მიეკუთვნებიან. გაერთიანება უმთავრესად ხდებოდა მოგზაურობის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების მიზნით და ზოგჯერ საკმაოდ დიდ ზომებს იღებდა – რამდენიმე ათეულ ფურგონამდე. ბანაკის შიგნით ყოველთვის არსებობდა მკაცრი იერარქია, საზოგადოების ყოველმა წევრმა იცოდა თავისი ადგილი.

ასეთი იერარქიის მწვერვალზე ”ბარონები” იდგნენ – რაც, უნდა აღინიშნოს, რომ ბოშათა ცხოვრების ერთ-ერთი გავრცელებული მითია. სინამდვილეში არავითარი ბარონები (ისევე როგორც არც მარკიზები და გრაფები) ბოშათა შორის, რა თქმა უნდა, არასოდეს არსებულან. ”ბარო” ბოშური ენიდან ითარგმნება, როგორც ”დიდი”, ”უფროსი”, ანუ მამაკაცი, რომელიც ბანაკში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ბელადი. ცხადია, თუ ბანაკის სათავეში გონიერი, გამოცდილი ადამიანი იდგა, ბოშათა საზოგადოების კეთილდღეობა ეჭვს არ იწვევდა.

ბანაკში გავლენის ხარისხით შემდეგი იყვნენ უხუცესები. მათ რჩევებს, როგორც წესი, ყველა ითვალისწინებდა. ტრადიციის თანახმად, არც მათ და არც მათ ცოლებს არ უწევდათ ”ზრუნვა არსებობისათვის” – მათ შვილები და შვილიშვილები უზრუნველყოფდნენ. კიდევ ერთი საფეხურით ქვემოთ იდგნენ მოზრდილი მამაკაცები. ჩვეულებრივ, ისინი სხვადასხვა ხელობას მისდევდნენ, ვაჭრობდნენ ცხენებით. ზოგჯერ ამ ცხოველთა

ქურდობასაც არ თაკილობდნენ, რაც, ბოშური ადათით, განსაკუთრებულ იღბალსა და ალღოს მოითხოვდა.
ქალები ბანაკში გავლენით თითქმის არ სარგებლობდნენ. ამასთან, რაც უფრო მეტი შვილი ჰყავდა ბოშა ქალს და რაც უფრო დიდ წარმატებას აღწევდნენ ისინი ცხოვრებაში, მით უფრო მეტი წონა ჰქონდა ქალბატონის სიტყვას. ორივე სქესის ახალგაზრდებსა და ბავშვებს საერთოდ არ ჰქონდათ ”ხმის უფლება”.

სოციალური იერარქიის გარდა, ბანაკის საზოგადოება მკაცრად იცავდა ე.წ. ”ბოშათა კანონს”. ამ ”საკანონმდებლო კრებულის” მუხლები არასოდეს დაწერილა, ისინი თაობიდან თაობაში ზეპირად გადადიოდა და ჩვენს დრომდე მშვიდობით მოაღწია. აკრძალული იყო მკვლელობა, გაუპატიურება, მატერიალური ზარალის მიყენება.

კანონთა ნაწილი აყალიბებს სტუმართან მოქცევის წესებს მისი ეროვნების მიუხედავად, პატივისცემასა და ზრუნვას მის კომფორტზე. კანონით გაცილებით მკაცრად არის რეგლამენტირებული თვისტომთა ქცევები: ბოშათა შორის ურთიერთობის ფორმები, დღესასწაულთა ტრადიციები, შესაფერი პროფესიები და ტანსაცმლის შერჩევაც კი.

ყველაზე საშინელი განაჩენი, რაც შეიძლება, მსჯავრდადებულს გამოუტანონ, თემიდან დამნაშავის გაძევება, ბოშათა საზოგადოებიდან განდევნაა. რადგანაც თემის სასამართლო სამართლიანია, მაგრამ მკაცრი, თემის ყოველი წევრი ამჯობინებს, დაიცვას წინაპართა ნაანდერძევი წესები ყოველდღიურ ყოფაქცევაშიც, თვისტომებთან ურთიერთობებშიც და პროფესიის არჩევაშიც.

თანამედროვე მსოფლიო გამუდმებით იცვლება, სახეს იცვლის მომთაბარე ბოშა ხალხიც. დღეისათვის მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1% მომთაბარეობს. მომთაბარე ბოშები კარვებში ან ფურგონებში ცხოვრობენ. ბარგის გადასაზიდად და სამგზავროდ ცხენებშებმულ ჩარდახიან ოთხთვალა ფურგონებს იყენებენ. დანარჩენები კი უკვე დიდი ხანია ცხოვრების ბინადარ წესს მისდევენ, თუმცა ბოშურ სიმღერებში, ცეკვებსა და მათდამი მიძღვნილ ფილმებსა და სპექტაკლებში ჯერ კიდევ ცოცხლობს რომანტიკული ტომის სახე, რომელიც ფერადოვანი ეტლებით მოგზაურობს მთელი მსოფლიოს გზებზე.

ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები