“ნუ ჩაკლავთ ბავშვში ლიდერს… სიჯიუტე ძლიერი ხასიათის ნიშანია” – როგორ მივუდგეთ ჯიუტ ბავშვს

ბევრი ფსიქოლოგის აზრით, სიჯიუტე არის ტერმინი, რომელიც უფროსებმა მოიფიქრეს და ის მათი გადმოსახედიდან შეფასებული მოვლენებითაა ნაკარნახევი. ბავშვის გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ის არაფერს აშავებს და ცუდს არაფერს ითხოვს – უბრალოდ თავის სურვილების შენარჩუნება და ასრულება უნდა. ვინაიდან ბავშვს შეზღუდული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ვერ აცნობიერებს თავისი ქმედებების შედეგებს, ვერ ხედავს საფრთხეს. უბრალოდ დაჟინებით მოითხოვს ინტერესისა და შემეცნებითი საჭიროებების გამო.
„არ მინდა ფაფის ჭამა”,” მანქანა მიყიდე”, “ქუდს არ დავიხურავ”, “ქუჩაზე თვითონ გადავალ”, “არ მეძინება”, “ბაღში არ წავალ”… ასევე შეიძლება იყოს ისტერიკები ყვირილით, ტირილით და საზოგადოებრივ ადგილებში იატაკზე გართხმით… ითვლება, რომ სიჯიუტისკენ ბიჭებს მეტი მედრეკილება აქვთ, თუმცა გოგონები ხშირად არ ჩამორჩებიან.
ჯიუტი შვილების ხელში ფსიქლოგიურად მხოლოდ ის დედები და მამები “გადარჩებიან”, რომლებსაც “რკინის” ნერვული სისტემა აქვთ და რომლებიც არ მუშაობენ, ნაკლებად არიან დატვირთულნი საოჯახო საქმეებით და შვილების გაზრდაში სხვები ეხმარებიან – ერთი სიტყვით, ბევრი საქმე არ აქვთ და არსად ეჩქარებათ. მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ? როგორ აღვზარდოთ გაჯიუტებული და თავისნათქვამა შვილები და ამ დროს ვაკეთოთ უამრავი საქმე დროულად და ხარისხიანად? სპეციალისტებს გარკვეული რეკომენდაციების “შემოშველება” შეუძლიათ.
ჩვეულებრივ, სიჯიუტე ბავშვის ცხოვრების გარდამტეხ წლებში მწვავდება – სამი წლის, შვიდი წლის, მოზარდობის ასაკში – ეს გასათვალისწინებელია, როგორც ცხოვრების საერთო კონტექსტი. თუ შეამჩნევთ, რომ ადრე მაინც შეიძლებოდა რაღაცნაირად შეთანხმებულიყავით თქვენს ჯიუტ შვილთან, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია, მაშინ ბოლო მოვლენები და განწყობები გააანალიზეთ – შესაძლოა, მშობლებთან კონფლიქტით ბავშვი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. თავისუფლდება უარყოფითი ემოციებისან, შფოთვისგან და ფსიქოლოგიური სიმშვიდის დასამყარებლად დახმარება და თანადგომა სჭირდება.
ოჯახში, სადაც ბავშვებისგან მკაცრ დისციპლინას მოითხოვენ, მშობლებთან კონფლიქტი შეიძლება პროტესტის ფორმა იყოს შეზღუდვების წინააღმდეგ.
ამერიკელმა მწერალმა ურსულა ლე გუინმა ერთხელ აღნიშნა: „შემოქმედებითი ზრდასრული ის ბავშვია, რომელიც გადარჩა“. ძალიან სწორი განმარტება! ბავშვები სპონტანურები და გაბედულები არიან, გრძნობენ თავიანთ საჭიროებებს და იციან, როგორ მიაღწიონ მათ. მშობლებმა კი საზღვრები დაუწესეს, რომ თავად უკეთ გაართვან თავი მათ აღზრდას, საზოგადოებისთვის კომფორტულები გახადონ, რათა საზოგადოებამ არ გარიყოს ისინი. თუ დაფიქრდებით, აღზრდა არის ის, რაც ბავშვს ზღუდავს, ხდის მას ისეთის, როგორებიც სხვები არიან.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბავშვის სიჯიუტე პირველ რიგში მიზანდასახულობის და ძლიერი ხასიათის ნიშანია. ამ ბავშვებს, თუ არ გატეხეს და ჩაკლეს ეს სულისკვეთება, ძალიან მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლიათ.
მშობლებისთვის მოსახერხებელია, როცა ბავშვი დამჯერია და არ ქმნის პრობლემებს. პატარა მეამბოხესთან ურთიერთობა უფრო რთულია. ჯიუტი ბავშვი არ ასრულებს მოთხოვნებს, რომლებიც ხშირად საკმაოდ გონივრულია – მაგალითად, საჭიროა აჩქარდეს, მაგრამ შეგნებულად ზოზინობს, ცივ ამინდში ქუდს იხდის და გაციების რისკის ქვეშ დგება და ასე შემდეგ.
ჯიუტი ბავშვები მშობლებისგან მეტ მოთმინებასა და პედაგოგიურ შესაძლებლობებს ითხოვენ. ამიტომ, უფროსები რთული ამოცანის წინაშე დგებიან. ბავშვთან ურთიერთობაში დიდი მოქნილობა და შემოქმედებითობა სჭირდება.
როგორი უნდა იყოს მშობლის ქცევის სტრატეგია?
უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ იმაზე, ზედმეტად ხომ არ აძალებთ რამეს, თავად ხომ არ ხართ ჯიუტი? იქნებ თქვენი შვილი თქვენივე მეთოდით გპასუხობთ? არასოდეს აჩვენოთ თქვენი ფიზიკური უპირატესობა. უფრო დიპლომატიური და ეშმაკური იყავით, ბავშვს გარკვეული დოზით დამოუკიდებლობაც მიეცით და უფროსის ავტორიტეტიც შეინარჩუნეთ.
შვილების ნდობისა და მათთან გულწრფელი კონტაქტის შესანარჩუნებლად მშობლებს დიდი ძალისხმევა და განვითარებული ემოციური ინტელექტი სჭირდებათ, რათა თავადაც გაერკვნენ, რა გრძნობები უჩნდებათ ბავშვის სიჯიუტის საპასუხოდ და რა მოუხერხონ ამ ემოციებს.
მშობლებსა და შვილებს შორის ყოველთვის უნდა იყოს მეგობრული დამოკიდებულება და პატივისცემა. უფრო ხშირად დაუსვით კითხვები თქვენს ჯიუტ შვილს: „რას ფიქრობ“, „რა გინდა” და ა.შ. და არ დაგავიწყდეთ დროდადრო მისი შექება.
უფროსები თანმიმდევრულები უნდა იყვნენ: თუ დღეს რაღაც არ არის ბავშვისთვის ნებადართული, ხვალაც იგივე აკრძალვა უნდა მოქმედებდეს.
მშობლის ბრმა სიყვარული ადვილად გადადის “ყველაფრის უფლების მიცემაში”. ამით ბავშვი აუცილებლად ისარგებლებს და მით უმეტეს, ჯიუტი ბავშვი. ამიტომ, შვილისთვის მკაფიო საზღვრები დააწესეთ. დაუყოვნებლივ მიუთითეთ და დასჯის შესახებაც გააფრთხილეთ. დაარღვევს წესს? შეასრულეთ დაპირებული სასჯელი (რა თქმა უნდა, არა ფიზიკური)- სიჯიუტე განპირობებულია იმით, რომ ბავშვს არ ესმის თავისი ქმედებების შედეგები.
ჯიუტ ბავშვს ძალიან არ გაუმართლებს, თუ მშობლებიც ჯიუტები ჰყავს. დედ-მამამ გონიერება უნდა გამოიჩინონ და ჯიბრში არ ჩაუდგნენ პატარას. ეს, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს დააზიანებს, რადგან ის ვერ შეძლებს ზრდასრულთან გამკლავებას.
თუ ბავშვის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, იფიქრეთ – იქნებ ღირს მისთვის ნების მიცემა? ასე განვითარდება მისი დამოუკიდებლობა და ჩამოუყალიბდება ნდობა, რომ თუ მოინდომებს, მიაღწევს მიზანს.
გარკვეული პრობლემების გამოსასწორებლად შესანიშნავი გზაა თამაში. ბავშვს ზრდასრულის როლები მოარგეთ. ნახავთ, რამდენად სწრაფად აჰყვება თამაშს და ისე დაგიჯერებთ ყველაფერს, თვითონაც ვერ მიხვდება.
კიდევ ერთი ხრიკი: მიეცით საშუალება, აირჩიოს გამოსავალი თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან. მაგალითად, უარს ამბობს საუზმეზე. ჰკითხეთ: ბეტმენის საყვარელი სენდვიჩი უჩევნია თუ სამეფო დესერტი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბავშვი უარს იტყვის, რადგან თქვენ:
ისე მიუდექით, როგორც დიდს;
არჩევანი მას დაუთმეთ;
თავადაც აინტერესებს საყვარელ გმირეთან ასოცილებული საუზმე.
უნდა შეძლოთ „მოლაპარაკება“ 3-4 წლის ბავშვთან. მიმართეთ ღიმილით, იდუმალი ტონით, დაიწყეთ ფრაზა სიტყვებით „მოდი… (წავიკითხოთ წიგნები, დავაძინოთ თოჯინები და ა.შ.)“ და დაასრულეთ დამაზუსტებელი კითხვით: „კარგი?“
როგორც მაგალითებიდან ჩანს, ის მშობლები, რომლებიც მოახერხებენ და არ დათრგუნავენ ბავშვის ინიციატივას, არამედ ჭკვიანურად მიუდგებიან და გონივრულად იმოქმედებენ – მათი შვილი საზოგადოებისთვის კომფორტულ ადამიანადაც გაიზრდება და ამავე დროს, თავის ძლიერ თვისებებს და ორიგინალობას არ დაკარგავს.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები