ბავშვთან ჩხუბს აზრი არა აქვს, პირიქით, აუარესებს შედეგებს – მეცნიერებმა ამის 5 მტკიცებულება წარმოადგინეს

უფროსების უმეტესობამ, იცის, რომ ბავშვთან ჩხუბი ემოციების ამოფრქვევის საშუალება უფროა, ვიდრე ეფექტური აღმზრდელობითი ხერხი. ამის მიუხედავად, ყვირილი წლობით გრძელდება. არადა მინიმუმ 5 სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ყვირილი, ლანძღვა და დადანაშაულება ზიანს უფრო აყენებს ბავშვს, ვიდრე სიკეთეს.

მიზეზი No1. ბავშვს, უბრალოდ, არ ესმის თქვენი
ოთხ წლამდე ბავშვთან ჩხუბი იმ იმედით, რომ ის „შეიგნებს რამეს“, უშედეგო ვარჯიშია. 4 წლამდე ბავშვს „სხვის ტყავში შეძრომა“ არ შეუძლია, მის ტვინში საჭირო ნერვული ბოჭკოები ჯერ არ მომწიფებულა.

2017 წლის მარტში ლეიდენისა და ლაიფციგის მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს და გაარკვიეს, რატომ არ შეუძლია პატარა ბავშვს უფროსის საყვედურის აღქმა და მისი თანაგრძნობა.

ექსპერიმენტის ფარგლებში, სამი წლის ბავშვებს ამბავი უამბეს ბიჭზე, რომელმაც მაგიდაზე შოკოლადის ფილა დატოვა და ეზოში სათამაშოდ წავიდა. სანამ ის გარეთ იყო, დედამ შოკოლადი კარადაში შეინახა. კითხვაზე, სად მივიდოდა ბიჭი შოკოლადის ასაღებად, ყველა ბავშვმა თავდაჯერებულად უპასუხა: კარადასთან. როდესაც მათ უთხრეს, რომ ბიჭი მაგიდაზე ეძებდა შოკოლადის ფილას (სადაც დატოვა) და გაკვირვებული იყო, რომ ვერ იპოვა, ბავშვებს არ ესმოდათ, რატომ მოხდა ეს და რატომ არ მივიდა ბიჭი შოკოლადის ასაღებად პირდაპირ კარადასთან. ანუ პატარებმა სხვისი თვალით ვერ შეხედეს სიტუაციას.

დაიმახსოვრეთ: ოთხი წლის ასაკში ბავშვი უკვე იწყებს სხვა ადამიანების აზროვნების გაგებას. სანამ ეს არ მოხდება, ის გარკვეულწილად ეგოისტური რჩება. და ეს არ შეიძლება გამოსწორდეს რაიმე ახსნა-განმარტებით ან დარწმუნებით, მით უმეტეს, ჩხუბით.

მიზეზი No2. თუ ბავშვმა იცის, რომ ეჩხუბებით, მოგატყუებთ
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ: ბავშვი გულწრფელად მოიქცევა და აღიარებს დანაშაულს, თუ იცის, რომ ზრდასრული არ ეჩხუბება და პოზიტიურად მიუდგება მის აღიარებას.

ჩხუბის შიში ბევრად აღემატება შესაძლო დასჯის შიშს.

დაიმახსოვრეთ: ზრდასრულმა უნდა აჩვენოს, რომ არ მოსწონს ბავშვის ქმედება, მაგრამ მოსწონს ის, რომ ბავშვმა გულწრფელად უთხრა სიმართლე. არ არის საჭირო დაუყოვნებლივ საყვედურებით თავდასხმა. ეს ხელს შეუწყობს მშობელსა და შვილს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება მოზარდობის პერიოდში.

მიზეზი No3. ბავშვები, რომლებსაც ხშირად საყვედურობენ, სკოლაში ცუდად სწავლობენ
მრავალი საუკუნის განმავლობაში ჯოხი ყველაზე ეფექტურ იარაღად ითვლებოდა, რომლითაც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება შეიძლებოდა. თანამედროვე მეცნიერებმა ეს მიდგომა უარყვეს.

დღეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია: რაც უფრო მეტს საყვედურობენ მშობლები შვილს ცუდი ნიშნებისთვის, ბავშვი უფრო უარეს ნიშნებს იღებს.

„ცუდი ნიშანი მიიღე? ეს ნიშნავს, რომ სამი დღე ეზოში ვერ ითამაშებ. იჯდები და საშინაო დავალებას შეასრულებ“, ასეთი სასჯელებიც მხოლოდ ზიანს აყენებს ბავშვის წარმატებას.

თუ მოსწავლის მშობლები განათლების კონტროლის მკაცრ, ავტორიტარულ სტილს ირჩევენ, გამუდმებით საყვედურობენ და უკითხავენ ლექციებს, მაშინ მე-11 კლასში შეიძლება ნამდვილი მეამბოხე მიიღონ. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ბავშვები უფრო მეტად კარგავენ ინტერესს სკოლის მიმართ და მიდრეკილნი არიან ჩხუბისა და ანტისოციალური ქცევისკენ. ხშირი საყვედურებისა გამო ბავშვი იწყებს საკუთარი თავის უსარგებლო, „ცუდ“ ადამიანად აღქმას. და შესაბამისად იქცევა, „შედის“ ამ როლში.

დაიმახსოვრეთ: მშობლები უნდა ეცადონ, დაეხმარონ ბავშვს და არ დაკარგონ დრო ჩხუბსა და უსიამოვნებებში. ოჯახში თბილი, სანდო ურთიერთობები ხელს უწყობს მაღალ შეფასებას და კარგ ქცევას.

მიზეზი No4. ნერვიული კვება ბავშვებსაც ახასიათებთ
ნერვულ დაძაბულობასთან და მელანქოლიასთან გამკლავებას ბავშვები ხშირად საკვების დახმარებით ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ ტკბილეული განსაკუთრებით კარგად ეხმარებათ. თუ „კვებით მკურნალობა“ დიდხანს გაჭიანურდება, ის წონაში მატებითა და ჯანმრთელობის პრობლემებით დასრულდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები ანალოგიურად რეაგირებენ ნეგატიურ გამოცდილებაზე. ბოლო დრომდე ღია რჩებოდა კითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდის ბავშვებს მიდრეკილს ნერვული კვებისადმი – გენები თუ გარეგანი მიზეზები. ახლა უკვე დადასტურდა, რომ ოჯახში ატმოსფერო მთავარ როლს თამაშობს.

თუ ბავშვი ხშირად ნერვიულობს ან დეპრესიაშია, ის მეტს ჭამს და დროთა განმავლობაში ამან შეიძლება სხეულის ჭარბი წონა და სიმსუქნე გამოიწვიოს.

დაიმახსოვრეთ: დიდ შეცდომას უშვებენ მშობლები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი შვილის ტკბილეულით წახალისებას. თუ შოკოლადს ან კანფეტს ჯილდოდ იყენებთ, ხოლო მის აკრძალვას – სასჯელად, ეს ასევე ხელს შეუწყობს ნერვიულ ჭამას.

მიზეზი No5. ბავშვები ხედავენ იმას, რასაც უფროსები ვერ ხედავენ
”ნუ ეკამათებით უფროსებს, მათ შენზე მეტხანს იცხოვრეს და უფრო მეტი ესმით”, – სინამდვილეში ბავშვის ტვინი, სწორედ იმის გამო, რომ მოუმწიფებელი და არასრულყოფილია, ერთ უპირატესობას მაინც ანიჭებს მას.

2017 წლის აპრილში ამერიკელმა მკვლევარებმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 4-5 წლის ბავშვები და მოზრდილები მონაწილეობდნენ. ორივეს აჩვენეს ფანტასტიკური ცხოველების სურათები და სთხოვეს, განსაკუთრებული ყურადღებით თათები დაეთვალიერებინათ. შემდეგ მათ კვლავ ცხოველების სურათი აჩვენეს, მაგრამ ოდნავ შეცვლილი სახით. მოზრდილები უფრო მეტად ამჩნევდნენ განსხვავებებს თათების იერსახეში. ბავშვები კი ამჩნევდნენ განსხვავებებს კუდში, სახესა და სხეულის სხვა ნაწილებში, რომლებიც მათ ყურადღებით არ დაუთვალიერებიათ.

დაიმახსოვრეთ: 4-5 წლის ასაკში ბავშვი აქტიურად იკვლევს მის გარშემო არსებულ სამყაროს. მას არ შეუძლია დიდხანს შეინარჩუნოს ყურადღება ერთ რამეზე. მაგრამ, როგორც მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტის დროს გაარკვიეს, ბავშვები უკეთ ხედავენ საერთო სურათს, იმ უმნიშვნელო ელემენტებს, რომლებსაც ზრდასრული ყურადღებას არ მიაქცევს.

ჩხუბი მშობლების სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ ბავშვთან რაიმეს მიაღწიონ მას შემდეგ, რაც „ტკბილი სიტყვით“ იგივეს მიღწევის ყველა შესაძლებლობა ამოეწურათ. მაგრამ შედეგი, როგორც კვლევამ აჩვენა, ხშირად მოსალოდნელის საპირისპიროა.

ამიტომ როდესაც ემოციები მოგეძალებათ, უფროსებმა სიმშვიდე და კეთილგონიერება უნდა გამოიჩინონ და იმაზე იფიქრონ, თუ როგორ შეცვალონ ვითარება სხვა გზით.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები