თქვენში არსებული შინაგანი ბებრუხანას შესახებ… შინაგან ბავშვზე ყველას გსმენიათ, არა?

 

შინაგან ბავშვზე ყველას გვსმენია, არა? უმანკო არსება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენში ცხოვრობს.
იგი გამუდმებით ითხოვს სიყვარულს და მზრუნველობას. ითხოვს ჩვენთან გამუდმებულ კონტაქტს, რომ საკუთარი თავის თანაგრძნობა გვასწავლოს. ამ თეორიის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. იგი ნამდვილად თამაშობს დიდ როლს ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის საკითხში.
ადრე, როცა ცხოვრებაში საკუთარი თავის სიძულვილის ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა , სარკესთან ბავშვობის ფოტოები დავიკიდე. ვუყურებდი 2 წლის უსაყვარლეს უცოდველ გოგონას და ჩემს თავს ვეუბნებოდი – თუკი რამეს საკუთარ თავს დაუშავებ, უშავებ ამ ბავშვს, თუკი რამეს ცუდს უსურვებ საკუთარ თავს, უსურვებ ამ პატარა გოგოს. ამან საკუთარი თავის მიმართ უფრო კეთილი გამხადა, ბევრი რამ ვაპატიე საკუთარ თავს. ზუსტად ასეთივე პრაქტიკას ვეწეოდი სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც. წარმოვიდგენდი ხოლმე მათ პაწაწინა, ბუთქუნა, უმანკო ბავშვებად გამოცდილების ნაკლებობის გამო შეცდომებს რომ უშვებდნენ და შემწყნარებელი ვხვდებოდი…
შინაგანი ბავშვი, ძალიან მაგარი რამეა. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა.
თუმცა უკანასკნელ ხანებში მასზე ფიქრში ნაკლებ დროს ვატარებ, უფრო მეტად შინაგან ბებრუხანაზე ვარ ფოკუსირებული – მოხუც ქალბატონზე, რომელიც ჩემში ცხოვრობს და რომლადაც ერთ დღეს უნდა ვიქცე.

იმიტომ რომ ის მაგარი ტიპია.
ნამდვილი, მოხუცი ქალები ხომ მაგარი ტიპები არიან.

მე იმ ქალებზე ვლაპარაკობ, რომლებმაც უკვე ყველაფერი გამოსცადეს და აღარაფრის ეშინიათ. ქალებზე, რომელთაც უამრავჯერ ჩახედეს თვალებში დამხობის პირას მისულ სამყაროს და სიკვდილს. ქალებზე, რომელთაც საკუთარი ოცნებები საყვარელ ადამიანებთან ერთად დამარხეს და მაინც გადარჩნენ. გადაიტანეს… მათზე, ვინც ნახა და იცხოვრა ტკივილით. მათზე, ვისმა შინაგანმა ბავშვმაც ათას გამოწვევას გაუძლო და … გაიზარდა.
სამყარო საშიში ადგილია. მაგრამ ნამდვილ ბებრუხანას ადვილად ვერ შეაშინებთ.
ვიღაცას შეიძლება ცუდად მოხვდეს ყურში სიტყვა ,,ბებრუხანა“, მაგრამ მე არ მხვდება. მე მას პატივს ვცემ. მე მას ვაფასებ. ბებრუხანა ხომ ჩვენი ზღაპრების, მითების, ფოლკლორის კლასიკური გმირია, პერსონაჟი, რომელიც დიდ სიბრძნეს და ზებუნებრივ უნარებს ფლობს. იგი ხანდახან მიწისქვეშა სამყაროს მცველია, აქვს საოცარი ხედვა მაშინაც კი, როცა ბრმაა. მას არ ეშინია … არ ეშინია სიკვდილის და ეს ნიშნავს რომ არაფრის ეშინია.
ამ ბოლო დროს ბებრუხანების ფოტოები ჩამოვიკიდე ოთახში. გაგაცნოთ ფავორიტები?

ეს უკრაინელი ბაბუშკაა, რომელიც ჩერნობილში ცხოვრობს. არიან ასეთი მოხუცი ქალებიც, რომლებიც რადიოაქტიურ ზონაში დაბრუნდნენ უკანასკნელ ხანებში.

იცით რატომ ცხოვრობენ იქ? იმიტომ რომ მოსწონთ. მათ ჩერნობილი მოსწონთ. უყვართ აქაურობა, რადგან აქაურები არიან. კატასტროფის შემდეგ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და ეცხოვრათ კრიმინალურ, ღარიბულ ქალაქში. დაბადებით გლეხები ვერ შეეგუენ ლტოლვილობას, ჰოდა, დამოუკიდებლობა არჩიეს და დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად დაბინძურებულ, საშიშ ზონაში დაბრუნდნენ. თავიანთი კომუნაც დაარსეს აქ, ჩვენი სამყაროს ყველაზე შემზარავ რაიონში.

უსაფრთხოა? არა, რა თქმა უნდა! თუმცა 90 წლიანი მძიმე ცხოვრების შემდეგ საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა ,,უსაფრთხო“ ?

ისინი აქაურ წყალს სვამენ. რაზე ფიქრობენ? ,,ჩვენ დავბერდით. რისი უნდა გვეშინოდეს? რადიაციის? ამ ასაკში? ვის ადარდებს…“

ერთადერთი, რაც მათ სურთ, თავისუფლებაა. ისინი საკუთარ თავზე ზრუნავენ და ერთმანეთზე.

მათ ამ რადიოაქტიურ მიწაზე ბოსტნეული მოჰყავთ, ამზადებენ შეშას, ხდიან არაყს. შემდეგ საქეიფოდ იკრიბებიან, ჭამენ, სვამენ და სიცილით იხსენებენ მეორე მსოფლიო ომის ბოროტებასა და სტალინს. ისინი ყველაფერზე იცინიან… მერე კი წავლენ და კიდევ ერთ რადიოაქტიურ საკვებზე გაზრდილ ღორს გამოუსვამენ ყელში დანას… და კუპატებს დაამზადებენ არაყზე მისაყოლებლად.
ეს ქალები ყველაზე მაგარ, ახალგაზრდა კაცებზე მაგარი ტიპები არიან – ჩერნობილის ბებრუხანები ნებისმიერ ჩემპიონს ჩააფსმევინებენ შიშისგან! თითი მოკაკვეთ, ბიჭებო!

ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ახალგაზრდობას რომ არომანტიკულებენ. ჩვენ იმ კულტურის ნაწილი ვართ, სადაც ახალგაზრდობა ითვლება სრულყოფად. შეხედეთ ამ ძლევამოსილ, კლასიკურ ბებრუხანას ფოტოზე, რომ მივხვდეთ რა სულელები ვართ, როცა გვგონია, რომ ახალგაზრდობას უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია. ის არ გვაძლევს სიბრძნეს, სიბრძნეს რომელიც მხოლოდ გადარჩენის და სირთულეების გადალახვის შედეგად გვეძლევა, მაშინ, როდესაც უშიშრად შეგიძლია ჩახედო სიკვდილს თვალებში. არავითარი სიმშვიდე არ შეედრება იმ ადამიანის სიმშვიდეს, რომელიც ატომურ იარაღზე მშვიდად აშენებს ბაღს, ვითომც აქ არაფერი.

ჰოდა….

ამ ბოლო დროს, როდესაც ჩემი შინაგანი ბავშვი პანიკაში ვარდება, ჩემს თავს ვეკითხები – ჩემი ბებრუხანა რას იზამდა?

შენც იგივე ჰკითხე! აბა, რას გიპასუხებს.

ერთ გარანტიას გაძლევთ. არასოდეს გეტყვით: იდარდე!

დიდი შანსია რომ გიპასუხოთ: გაუძელი!

ჰოდა, გაუძელით, ჩემო მომავალო უმაგრესო ბებრუხანებო!

წყარო: https://www.mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები