“ძალიან ბევრჯერ შემისწორებია ბევრისთვის, რომ ტერმინი “ზანგი” შეურაცხმყოფელია”-მარიამ სანოგო

მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო „რუსთავი 2-ის“ ახალი გადაცემის „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანი გახდა.

მარიამ სანოგო: ამ ფორმატის გადაცემა ჩემთვის სიახლეა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოლოდინს გადააჭარბა და უკვე ძალიან „ჩამითრია“.

– ამ გადაცემის ეთერში გამოჩენას დიდი კრიტიკა მოჰყვა. როგორ რეაგირებ ამაზე?

– სიმართლე გითხრათ, სოციალურ ქსელებში კომენტარებს ბევრი წელია, არ ვკითხულობ, რადგან ვიცი, რომ ქართველ საზოგადოებას ახასიათებს ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება. არაერთხელ შევხვედრივარ გამოხატვის ჩემთვის მიუღებელ ფორმას და ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ სოციუმის წევრი ვარ და გარკვეული შეხედულებების შესახებ, რა თქმა უნდა, ვისმენ და ვიცი. რაც შეეხება „პრაიმ ჰაუსის“ მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას, ეს მოსალოდნელი იყო. ახლის მიღება ყოველთვის გვიჭირს და ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

– სამოდელო ბიზნესში – თავისთავად და უკვე ეკრანზეც, შემდგარი და წარმატებული ადამიანი ხარ. ბავშვობის ოცნებები ტელევიზიას უკავშირდებოდა თუ სამოდელო ბიზნესს?

– არცერთს (იცინის). ხშირად მეუბნებოდნენ, რომ კარგი ტელეწამყვანი ვიქნებოდი, რაც ჩემთვის უცნაური მოსასმენი იყო, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია, არც სურვილი მქონია. რაც უნდა უცნაური იყოს, მოდელობაც არ იყო ჩემი ინტერესის სფერო. ძალიან მინდოდა ბალერინობა და საკმაოდ გვიან შევეგუე იმ ფაქტს, რომ ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ბალერინა ვერ გავხდებოდი. შემდეგ მაინტერესებდა არქეოლოგია. დამამთავრებელ კლასებში საკმაოდ სერიოზული განწყობები მქონდა ამ პროფესიისადმი და სწავლის გაგრძელებასაც არქეოლოგიურზე ვაპირებდი, როცა მოულოდნელად სამოდელო სფერო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი შეიცვალა.

– ბავშვობის ოცნებებთან გამომშვიდობება არ გაგიჭირდა?

– როცა პატარა ვიყავი, ბალერინობა მეტ-ნაკლებად რეალური ჩანდა. ვცეკვავდი და თითქმის ყველა დასის დადგმა მაქვს ნანახი, რაც კი თბილისში ჩამოსულა, მაგრამ როცა ცოტა წამოვიზარდე და სიმაღლეში სწრაფი ზრდა დავიწყე, თვალსაჩინო გახდა, რომ ბალერინა ვერ ვიქნებოდი. საბედნიეროდ, ეს ისეთ ასაკში არ მომხდარა, რომ ამ ოცნებაზე უარის თქმა ძალიან მტკივნეული ყოფილიყო. რაც შეეხება არქეოლოგიას, დღეს ხმამაღლა რომ ვამბობ, არქეოლოგია მაინტერესებდა და მოდელი გავხდი-მეთქი, მე თვითონ მეცინება, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ისტორია ძალიან მიყვარდა, არქეოლოგია საოცრად მაინტერესებდა. დამამთავრებელ კლასებში, ამ მხრივ, ძალიან ვაქტიურობდი, სემინარებს ვისმენდი, მუზეუმებს ვსტუმრობდი, არქეოლოგებთან ვურთიერთობდი. ამ პერიოდში, შემთხვევით, ერთ-ერთ ჩვენებაზე აღმოვჩნდი სტუმრად და დედაჩემს შესთავაზეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ თაკო ჩხეიძის სააგენტოში დავიწყებდი სიარულს. ასეც მოხდა და უცებ დამენიშნა რამდენიმე ჩვენება, გადაღებები. პირველივე მოდის კვირეულზე სრული ბუმი იყო – 18 ჩვენებაზე გამოვედი და მაშინვე „ჩამითრია“ მოდელობამ. ამიტომ არქეოლოგია გვერდზე გადავდე, უფრო სწორად, ინტერესის სფეროდ დავტოვე, მაგრამ პროფესიად აღარ ამირჩევია. შემდეგ, ასევე ძალიან მოულოდნელად, ჩემს ცხოვრებაში ტელევიზია შემოვიდა. შემოთავაზება მივიღე, ქასთინგზე მივედი და მეორე დღესვე მითხრეს, რომ დამამტკიცეს.

– დაიბადე საფრანგეთში, მაგრამ ძალიან პატარა იყავი, როცა დედასთან ერთად საქართველოში გადმოხვედი საცხოვრებლად. იყო კანის ფერი უსიამოვნებებისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების მიზეზი? როგორი იყო ამ პროცესში დედის როლი ყველა სირთულის გათვალისწინებით?

– ნამდვილად ისეთ პერიოდში ჩამოვედით საქართველოში, როცა უცხოელების მიმოსვლა ნაკლებად იყო და ფერადკანიანი ადამიანი, მით უმეტეს, დიდი იშვიათობა იყო. მახსოვს, ჰყვებოდნენ ხოლმე, ვარანცოვზე ცხოვრობდა ვიღაც ერთი და კიდევ სადღაც მეორე, მოკლედ, თითზე ჩამოსათვლელად ვიყავით (იცინის). თუმცა, რომ ვთქვა, ჩემს ბავშვობაში რასისტული ფონი იგრძნობოდა, მართალი არ იქნება. პირიქით, ჩემ გარშემო ძალიან თბილი გარემო იყო. განსხვავებულობის გამო განსაკუთრებულ და სასიამოვნო დამოკიდებულებას ვგრძნობდი და ამის გათვალისწინებით, ყურადღების ცენტრში ყოფნას ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ, თუნდაც, უბრალოდ, ქუჩაში გასვლისას. გამოკვეთილი რასიზმი ბავშვის მიმართ არ ყოფილა. დედაჩემი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი სიტუაცია ცივი გონებით შეაფასოს. სულ მასწავლიდა, არ არის აუცილებელი კონფლიქტური სიტუაცია შექმნა. თუ მორალურ საზღვრებს არ კვეთენ, შეიძლება, რაღაცები იუმორის ფარგლებშიც მოაქციო, თუ ცუდად შეგეხებიან, თავიც უნდა დაიცვა, მაგრამ ყველაფერი შენს განწყობაზეა დამოკიდებულიო. ვიღაც თუ ცოტა ზედმეტ ინტერესს გამოხატავს, მასაც უნდა გაუგო და მეც ძალიან წყნარად ვპასუხობ კითხვებს კანის ფერთან თუ მამაჩემის წარმომავლობასთან დაკავშირებით. არ ვთვლი, რომ ამის გამო აგრესია უნდა გამიჩნდეს. როდესაც უსიამოვნო კომენტარი მომისმენია, თუნდაც ქუჩაში, იუმორით მიპასუხია. ისეც მომხდარა, ქართველი არ ვგონებივარ, ქართულად რომ გამოვეპასუხე, ბოდიში მოუხდიათ და ყველაფერი მშვიდად დასრულებულა. რამდენიმე კონფლიქტური სიტუაციაც ყოფილა, რომელშიც არასდროს დამიჩაგრავს საკუთარი თავი (იცინის). შეიძლება, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში გამოვხატოთ. ძალიან ბევრჯერ შემისწორებია ბევრისთვის, რომ ტერმინი ზანგი შეურაცხმყოფელია და არ მეზარება, ყოველ ჯერზე ამას ვიმეორებ.

– მამის როლი მარიამის ცხოვრებაში…

– რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მამაჩემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. რეალურად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყოველთვის დიდი მანძილი გვაშორებდა, ვიცოდი, ვინ იყო მამაჩემი, ვიცოდი, რას წარმოადგენდა და პატივს ვცემდი. აგრესია არასდროს მქონია. ვისურვებდი, რომ რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ მის მიმართ წყენა ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, რომ შეეძლო რაღაცებში უფრო მეტად მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება და უარესი მამებიც არსებობენ, უკეთესებიც და მამაჩემს ძალიან ცუდი მამების სიაში ნამდვილად ვერ ჩავწერ.

– არ გქონდა პროტესტი იმის გამო, რომ გვერდით არ გყავდა?

– იქიდან გამომდინარე, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ მქონდა და ამ თემაზე დედასთან და ჩემი ოჯახის სხვა წევრებთან ღიად ვსაუბრობდი, ზუსტად ვიცოდი, რატომ არ იყო მამა ჩემთან და სად იყო ამ დროს. დედას მასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა, მე – ცოტა ნაკლებად, მაგრამ მეილებით მაინც ვეკონტაქტებოდი, ზოგჯერ რეკავდა და ასე შემდეგ. ურთიერთობაში სრული წყვეტა არ გვქონია.

– მამა საფრანგეთში ცხოვრობს?

– არა, აფრიკაში. თავიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და საქმიანობიდან გამომდინარე, იქაც უწევს ყოფნა, მაგრამ აფრიკაში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ იყო ჩამოსული აქ და ჩემი დაც ჩამოიყვანა. პირველად აქ 1996 წელს იყო, როცა საშინელი გაჭირვება გვქონდა და შვიდი წლის წინ რომ ჩამოვიდა, გაოგნებული იყო თბილისში მომხდარი ცვლილებებით. ვერ წარმოედგინა ასეთი სწრაფი ცვლილება და აღფრთოვანებული იყო.

– თვითონ არ გიფიქრია აფრიკაში ჩასვლაზე და ოჯახის ახლოს გაცნობაზე?

– სულ ვგეგმავ და სულ რაღაც მიზეზების გამო ვდებ. ახლა – მით უმეტეს, როცა პატარა შვილი მყავს, უფრო რთულია. თუმცა, ძალიან მაინტერესებს და იმედია, მოვახერხებ. ბუნებრივია ჩვენ ძალიან ახლო მამაშვილური ურთიერთობა, არ გვაქვს, მაგრამ დღეს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთისადმი. ჩემს შვილსაც კითხულობს, მუდმივი მიმოწერა და ფოტოების გაცვლა გვაქვს. ჩემს დასთან და ძმებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. რომ გითხრათ, ერთად ცხოვრებას ვაპირებთ-მეთქი, არაბუნებრივი იქნება, არც ვაპირებთ და ვერც მოვახერხებთ, მაგრამ ცივილური და კარგი ურთიერთობა გვაქვს.

– მარიამი როგორი პარტნიორია მეუღლისთვის?

– ჩემი აზრით, არ ვარ რთული, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, ურთიერთობა არ უნდა იყოს სტრესული და დრამატული. დილით გაღვიძება, მერე სახლში დაბრუნება და მასთან ერთად საქმის კეთება უნდა გიხაროდეს.

– მეუღლეც ძალიან უნდა გედგას გვერდით, სხვა შემთხვევაში ასეთი აქტიურობა რთული იქნებოდა.

– გვერდიდან ჩანს და ბევრს ჰგონია, რომ სახლში, ფაქტობრივად, არ ვარ. სინამდვილეში, ვახერხებ დროის კარგად გადანაწილებას, თვალი არ მეცეს (იცინის). მეც ვმუშაობ, მეუღლეც და სახლიდან ორივე გავდივართ, მაგრამ ის, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდეთ გარეთ, გამორიცხულია, მით უმეტეს, რომ ძიძაც არ გვყავს. სამსახურშიც ძალიან მიწყობენ ხელს და შეხმატკბილებულად ვართ.

– მარიამი – როგორც დედა…

– არ ველოდი, რომ ასეთი დედა ვიქნებოდი. ბავშვი საკმაოდ პატარამ, 23 წლის ასაკში, გავაჩინე და იმაზე ბევრად ორგანიზებული აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ჩემი შვილის გარშემო გადაეწყო, ეს ასეც უნდა იყოს და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები