“უკრაინაში ომი რომ დაიწყო, პირველი რაც მითხრა – შენს მეგობრებს უთხარი, ყველას შევიკედლებთო..” – ირა პეტრიაშვილი

საბავშვო მწერლის, გურამ პეტრიაშვილის ქალიშვილი, ირა პეტრიაშვილი მშობლების შეხვედრის ისტორიას იხსენებს:

“ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი თბილისში გაიცნეს, ქუჩაში. მამაჩემი მაშინ სამოყვარულო კინოებს იღებდა. მივიდა და – გოგონა, არ გინდათ, კინოში გადაგიღოთო? და დედაჩემის პასუხი – უი არა, მე ხომ ლამაზი არა ვარ, ჯობია ჩემი დაქალი გადაიღოთ, აი ფოტოც მაქვსო.

დედას წლებია ჩანთით დააქვს “სანტავიკი” – ქუჩაში რომელიღაც ბავშვს თითი თუ გაეჭრა ან მუხლი გადაიტყავა, ეგეთი შემთხვევებისთვის.

თბილისის ომის მერე სოფელში ვიმალებოდით, მთელი ზაფხული და შემოდგომა დედას მოყვანილი ბოსტნეულისგან შედგებოდა ჩვენი ძირითადი რაციონი. წყალი არ გვქონდა ეზოში და მეზობლის ეზოდან ეზიდებოდა. მთელი სოფელი ამ გიჟი უკრაინელი ქალის სანახავად მოდიოდა, რომელსაც ყველაზე მოვლილი და კოხტა ბოსტანი ჰქონდა.

დედა 72 წლისაა. აქვს სმარტფონი, ვაიბერში გიფებს მიგზავნის, ნიუსებს ინტერნეტში კითხულობს, წიგნებს კი პოკეტბუქში. მაგრამ ჭურჭლის სარეცხის მანქანაზე მეუბნება, ძაან რთულია და ვერაფერი ვერ გავუგეო.

ერთხელ თბილისის ომის დროს ვიღაცა ხალხი მოვიდა ჩვენთან და დედას უთხრეს, საკუთარი თვალით ვნახეთ, გურამი როგორ დახვრიტესო. მე არ ვიცი, თქვენ რა ნახეთ და ის კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალიაო. წყნარად გაისტუმრა. ერთხელაც არ უტირია ჩვენს დასანახათ, ერთხელაც არ გვაგრძნობინა, რომ რამის ეშინოდა.

დედა მასწავლებელია. არასოდეს არ უკრძალავდა ბავშვებს გაკვეთილზე ჭამას. ბავშვს ჭამის გამო როგორ უნდა ვეჩხუბოო?

ხინკალსაც მაგრად აკეთებს და ბორშსაც.

მარტო რომ წავედი კვიპროსზე დასასვენებლად, მესიჯი მომწერა – შვილო, აბა შენ იცი, კარგად გაერთეო.

დედა ნამდვილი პოტერჰედია. ერთ-ერთი ტომი იმდენჯერ გადაიკითხა, რომ ყდა გაცვითა.

დედას ეგონა, ბიჭი ვიქნებოდი. სახელიც შერჩეული ჰქონდა – არსენა. არსენა ყაჩაღის საპატივცემულოდ.

უკრაინაში ომი რომ დაიწყო, პირველი რაც მითხრა – შენს მეგობრებს უთხარი, ყველას შევიკედლებთ, ყველა ჩამოვიდესო.

ყველა დედას მშვიდობა და ბედნიერი დედობა მინდა ვუსურვო.”-წერს ირა.

კომენტარები

სხვა სიახლეები