მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთხელ იდგა რთული პერიოდი, ისეთი, როცა არ ემღერებოდა, არ ეღიმებოდა და თითქოს ცხოვრება დასრულდა. თუმცა, ეს პერიოდები გადალახა, გაუჭირდა, მაგრამ ისევ ამღერდა, ისევ გაიღიმა და ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება. ათი წლის წინ მეხივით გავარდა მისი ძმის, გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ამბავი – 25 წლის ნიჭიერი მსახიობი მოკლეს. ელენესთვის ეს ყველაზე დიდი ცხოვრებისეული დარტყმა იყო. როგორც მომღერალი ამბობს, ის თავის ძმას სულ ესაუბრება და ახლა, როცა 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახი დაენგრა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ძმის გვერდში დგომა.
ელენე ფოჩხუა: ძალიან ცელქი, აუტანელი, მავნე და გიჟი ბავშვი ვიყავი. სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ბავშვობიდან მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, დავიჭერდი დეზოდორს ხელში, ვითომ მიკროფონი იყო, ვმღეროდი და ჩემი ძმა კი გაიძახოდა, მე მსახიობი უნდა გამოვიდეო და იყო ერთი ამბავი სახლში. ბებიას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ რომ გავიზარდე, მიხვდნენ, ჩემგან ექიმი არ დადგებოდა და მხოლოდ მიკროფონის ჭერა და სიმღერა მინდოდა. ასე რომ, მე და გიორგი უფრო ერთი ჭკუის ვიყავით და უფრო ვუგებდით ერთმანეთს.
– გიორგის გარდაცვალებამდე თუ გქონდა წინათგრძნობა?
– სანამ გიორგი გარდაიცვლებოდა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა, ჭირისუფალი იჯდა… დღემდე არ ვიცი, ეს რატომ გავიფიქრე. ზოგადად, სიზმრები მიხდება. სისხლი თუ დამესიზმრა, ვიცი სისიხლითა და ხორცით ახლობელი გარდამეცვლება. სწორედ, ასეთი სიზმარი დამესიზმრა წინა ღამით, სანამ ჩემი ძმის გარდაცვალებას გავიგებდი: თავიდან ბოლომდე სისხლში ვიყავი ამოსვრილი და მეორე საღამოს გავიგე ეს საშინელი ამბავი.
– თუ გესიზმრება და რას გეუბნება?
– დიდი ხანია, გიორგი აღარ დამსიზმრებია. არადა, მინდა, მოვიდეს. სხვათა შორის, ადრე მესიზმრა, ვიჯექით და ვეხვეწებოდი, მითხარი, რა მოხდა, ვინ მოგკლა-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა: კარგი გეტყვიო. იწყებდა ამბის მოყოლას და ამ დროს დარეკა ტელეფონმა და ზარმა გამაღვიძა. ვერ მოასწრო საკუთარი მკვლელის ვინაობის თქმა.
– გიორგი 25 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. უკვე ათი წელი გავიდა, ის ისევ 25 წლის არის, ჩვენ კი წლები გვემატება. როგორ გგონია, ახლა როგორი იქნებოდა?
– ძალიან მალე გავიდა ათი წელი გიორგის გარეშე. ვიცი, ძალიან კარგად იქნებოდა თავის პროფესიაში, რადგან დიდი გეგმები ჰქონდა, კიევში აპირებდა წასვლას, სარეჟისოროზე უნდა ესწავლა. ზუგდიდის თეატრს არ ჰყავდა რეჟისორი და თქვა: მოდი, ამ ყველაფერს კიევში ვისწავლი კარგად და ჩემს ქალაქში ჩამოსული, თეატრს მივხედავო. ჩემთვის ის სულ 25 წლის დარჩება და მეც რომ მივალ იქ, ისევ ახალგაზრდა პატრონად და ზურგად დამხვდება. ათი წლის წინ დადგა პერიოდი, როცა არ მემღერებოდა, მეგონა, არასოდეს გავიღიმებდი და ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ამ ტკივილს შვილების ხათრით გავუძელი. ერთი სული მქონდა, ზუგდიდიდან თბილისში ჩამოვსულიყავი, მეგონა, სახლში რომ შემოვიდოდი, აქ დამხვდებოდა. რომ გავაღე კარი და რეალობას თვალი გავუსწორე, მივხვდი, ტყუილი იმედები მქონდა და კიდევ უფრო მეტკინა. ისეთი განადგურებული ვიყავი, სიარული მიჭირდა. იმ პერიოდში რესტორანში ვმღეროდი. არ მემღერებოდა, მაგრამ დავძლიე ჩემი თავი და სამსახურში წავედი. ცრემლი მახრჩობდა, მაგრამ ვმღეროდი. ასე მეგონა, სახრჩობელაზე ვეკიდე, ეს ბოლო ამომღერება იყო, მაგრამ მაინც შევძელი, გავუძელი. ამან მიშველა, ამით გადავიტანე დარდი. რომ ამბობენ, ტკივილი ნელდებაო, გამორიცხულია! უბრალოდ, ეჩვევი ტკივილთან ერთად ცხოვრებას. როცა რამე მიჭირს, მინდა, გიორგის ვუთხრა. როცა რამე მიხარია, მინდა, პირველს მას გავაგებინო… არ დამიჯერებთ, ხანდახან მავიწყდება, რომ ჩემი ძმა აღარ არის ამქვეყნად და ტელეფონს რომ დავწვდები მასთან დასარეკად, მერე მახსენდება. სხვათა შორის, დღემდე ვწერ გიორგის „მესინჯერში“. გარდაცვალების მერე, ვურეკავდი, გამორთულიაო, რომ მეუბნებოდა, ვთიშავდი და მერე, ისევ ვრეკავდი. თვეების მერე დავრეკე და ვიღაც ბიჭმა მიპასუხა. შოკი მივიღე, გავქვავდი. მას უყიდია ნომერი.
– გიორგის გარდაცვალების მერე საფლავზე ან სახლში რაიმე უცნაური ხომ არ მომხდარა?
– საფლავზე არა, მაგრამ დედა იყო სასწაულის შემსწრე. ხომ ამბობენ, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მინიშნებებს დააკვირდით, სასწაულები ხდებაო. მოკლედ, გიორგის გარდაცვალების მეორმოცე დღეს დედა სარეცხს ფენდა ეზოში, უცებ მოფრინდა თეთრი მტრედი და მხარზე დააჯდა. დედამ, სიხარულით დაიყვირა, რომ ჩვენც დაგვენახა. მტრედს კი შეეშინდა და გაფრინდა. სხვათა შორის, დედას ხშირად ესიზმრება გიო. მომიყვა: სანამ გარდაიცვლებოდა, 5-6 დღით ადრე, აივანზე ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა, მომიბრუნდა და მითხრა, სამოთხე დამესიზმრა, ასეთი სასწაული თუ არის, ნამდვილად ღირს იქ წასვლაო. დედა გაჯავრებია: რა დროს შენი იქ წასვლა და სამოთხეა, რეებს ბოდიალობო. ფაქტია, გიორგიმ გარდაცვალებამდე სიზმარში ნახა სამოთხე, სადაც ის ახლაა.
– მახსოვს, საქმე თავიდან ჯგუფურის მუხლით იხილებოდა, საბოლოოდ, ერთი ადამიანი ცნეს მკვლელობაში ბრალდებულად, მიუსაჯეს პატიმრობა და საქმე დაიხურა. თუ არ ვცდები, ამნისტია შეეხო და საპატიმრო უნდა დაეტოვებინა.
– საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული, მაგრამ დაიხურა. ჯგუფური მკვლელობა იყო, თუმცა სასჯელს მხოლოდ ერთი იხდის. ცამეტი წელი მიუსაჯეს, შემდეგ ამნისტია შეეხო – ცხრა წელს და ცხრა თვეს მოიხდიდა. ჯერ ზის, გამოსული არ არის. არც კი ვიცი, ქუჩაში რომ შემხვდეს ჩემი ძმის მკვლელი, რა რეაქცია მექნება. გიორგის წასვლით ბევრი რამ დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. იმ წუთებში მეგონა, ცხოვრების დასასრული იყო, თუმცა, მაინც გავაგრძელე, ოჯახს ვჭირდებოდი და სხვა გზა არ იყო. დამერწმუნეთ, როცა საშინელებას გაიგებ, თუ იმ წუთას არ გაგისკდა გული, ჩათვალე, ასწლოვანი ხარ. თუმცა, ტრაგედია გცვლის, სხვანაირ ადამიანად გაყალიბებს. მე ყველაზე დიდი გულშემატკივარი დავკარგე და უკვე ათი წელია, მას მხოლოდ ფიქრებში ვესაუბრები. ახლა, როცა რთული პერიოდი მაქვს, ყველაზე მეტად მჭირდება მისი გვერდში დგომა.
– რას გულისხმობ რთულ პერიოდში?
– ოჯახის დანგრევას. სამწუხაროდ, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა – დავშორდით და მიზეზი ღალატია. ცოლად მოიყვანა, ხელი მოაწერეს და ერთად ცხოვრობენ. ადრეც გვქონდა ამის გამო კონფლიქტი, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მერე მეხვეწა და შევრიგდით. თუმცა, ისევ იგივე განმეორდა და წამსვლელი უნდა წავიდეს. სამი თვე ძალიან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავერთე, ვმუშაობ, საღამოობით რესტორანში ვმღერი, შვილები და მეგობრები გვერდში მიდგანან და ამან გადამატანინა, ეს რთული პერიოდი.
წყარო: თბილისელები