ნანა ბუთხუზის პირადი ცხოვრება
“როცა შენი სურვილები და გადაწყვეტილებები სუფთაა, მათ შესრულებაში თავად სამყარო გეხმარება”, – გვითხრა მსახიობმა ნანა ბუთხუზმა, რომელიც განვლილ წლებსა და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა.
– შემოქმედი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი: მამა, მალხაზ ბუთხუზი ბალეტის მოცეკვავე იყო, მერე ცეკვას თავი დაანება და მხატვარი გახდა. დედა, მზია ცხაკაია მუსიკოსია. ბებიაც მუსიკოსი მყავდა და ძალიან უნდოდა, მის გზას გავყოლოდი. ჯერ საფუძვლიანად შემამოწმა და როცა დარწმუნდა, კარგი სმენა და რიტმის გრძნობა მქონდა, მთელი ოჯახის გადაწყვეტილებით, ფორტეპიანოზე შემიყვანეს. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს მუსიკის სწავლა ჰბეზრდებათ, რადგან ამას დიდი შრომა სჭირდება. მეც ავჯანყდი და დედას ვუთხარი, რომ ბალეტი უფრო მომწონდა. მან თავისუფალი არჩევნის საშუალება მომცა, რის გამოც დედაჩემის მადლიერი ვარ. არც კი შემეკამათა, ისე შემიყვანა საბალეტო სკოლაში.
– გამოდის, სცენას პირველად ბალეტის წყალობით ეზიარეთ.
– დიახ, ბალეტი ძალიან მიყვარდა. ცეკვა არ მბეზრდებოდა. გარდა იმისა, რომ სასწავლო პროცესს მივყვებოდი, იმპროვიზაციასაც ვახერხებდი და კლასელებთან ერთად ცეკვებს ვდგამდი. სწორედ საბალეტო სკოლაში ვისწავლე მსახიობის ოსტატობა, ბალეტის შესწავლა ჩემთვის დიდი სიამოვნება და სიხარული იყო. პირველად მაშინ დავფიქრდი, თეატრალურში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი და ასე, ნელ-ნელა მივედი დასკვნამდე, რომ მსახიობი გავხდებოდი. ამავე დროს ვხატავდი, ვძერწავდი და ჩემს პატარა ბლოკნოტში სულ რაღაცას ვწერდი, მათ შორის ლექსებსაც.
– შემოქმედი ბავშვები ყოველდღიურობას ძნელად ეგუებიან, სკოლის რეჟიმს როგორ იტანდით?
– საჯარო სკოლაში მხოლოდ სამი წელი გავატარე და ის წლები უსიამოვნოდ მახსენდება: სკოლაში ჩემთვის უინტერესო გარემო იყო და ოროსნად აღმიქვამდნენ. კარგი მოსწავლე არ მერქვა, რადგან საზეპიროები და რუტინული დავალებები არ მომწონდა; არც ისეთი ბავშვი ვიყავი, რომელსაც დააძალებ და რამეს გააკეთებინებ. რაც არ მაინტერესებდა, იმას არც კი წავიკითხავდი. მოკლედ, სკოლა დიდად არ მხიბლავდა. სამაგიეროდ, საბალეტო სასწავლებელში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, იქ გაკვეთილებიც უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. მომწონდა შემოქმედებითი და ოჯახური ატმოსფერო.
– თეატრალურ ინსტიტუტში როგორ ჩააბარეთ?
– ერთ თვეში ვისწავლე ლექსები, პროზა და ყველაფერი მე თვითონ გავარკვიე. როცა ოჯახში ვთქვი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, მამამ გადაწყვიტა, დამხმარებოდა, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ჩემი მიზანი იყო, დამოუკიდებლად მიმეღწია მიზნისთვის. ამან გაამართლა: არც “ჩაწყობილი” მქონდა, არც ფული გადამიხდია, რაც მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, და მაინც ჩავაბარე. გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი და საოცარი პედაგოგები შემხვდნენ. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი, მათი დამსახურებაა. დიდი მადლობა მათ ამისათვის, განსაკუთრებით – გიზო ჟორდანიას.
– ეს სწორი არჩევანი იყო?
– დიახ, ჩემს არჩევანში არც დედა ჩარეულა და არც მამა. ხატვაც მიყვარდა, ცეკვაც, მაგრამ გულმა მაინც სცენისკენ გამიწია. გამიმართლა, რომ მშობლებმა არჩევნის თავისუფლება მომცეს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა იმას აკეთებს, რაც უყვარს და მოსწონს.
– მსახიობის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის, მეუღლის მხარდაჭერას. თქვენ თუ გაგიმართლათ ამ მხრივ?
– შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა: გვერდით ისეთი ადამიანი მყავს, რომელთანაც უკვე 22 წელია ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე, დავით თეთრაძე არქიტექტორ-დიზაინერია. ის სიხარულით ხვდება ჩემს ნებისმიერ წარმატებას და რაც უფრო რეალიზებული ვარ, მით უფრო ბედნიერია. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თავში დარწმუნებულია, თვითონაც რეალიზებულია, თავისი საქმე უყვარს და სხვის არჩევანსაც პატივს სცემს. არ მესმის, რატომ უნდა იეჭვიანოს კაცმა მეუღლეზე ან რატომ არ უნდა მოსწონდეს, როცა ის სცენაზე დგას? პირიქით, დათოს ჩემი ყველა როლი მოსწონს და სიამოვნებით დადის ჩემს სპექტაკლებზე.
– 22 წელი ერთ ჭერქვეშ ცოტა არ არის, როგორ შეინარჩუნეთ ურთიერთობა?
– კარგად რომ დავფიქრდები, შესანარჩუნებელი და გადასარჩენი არაფერი მქონია: ერთად მოვდივართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ნერვებს არ ვუშლით. მაქსიმალურად ვინარჩუნებთ პირად სივრცეს და ამავდროულად, ყურადღებას არ ვაკლებთ. რაც მთავარია, სხვისი კარგად ყოფნა და წარმატება არ გვწყინს, პირიქით, გვიხარია. ბედის მადლიერი ვარ, რომ ძალიან ღრმა, დადებითი თვისებების მქონე ადამიანს შემახვედრა, ალბათ სხვანაირთან ვერც გავჩერდებოდი. ჩვენმა ოჯახმა ბევრ გამოცდას გაუძლო, ერთად ძალიან რთული პერიოდები გადავლახეთ და ეს ისე ლაღად, მსუბუქად მოვახერხეთ, რომ თავადაც მიკვირს. ეს 22 წელი ისე გაგვიფრინდა, რომ ერთმანეთი არ მოგვბეზრებია და ჩვენი ურთიერთობა დღესაც ისეთივეა, როგორიც წლების წინ იყო.
– ეს ყველაფერი როგორ დაიწყო?
– სხვათა შორის, ცოლად მაშინვე არ გავყევი, პირველად ცოლობა რომ შემომთავაზა. უარი ვუთხარი: ჯერ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ, რადგან სერიოზული გადაწყვეტილებაა-მეთქი. ჯერ ცალკე გადავედით საცხოვრებლად და ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე ვცხოვრობდით, ორიოდე თვის შემდეგ ამ ამბავში ოჯახებიც ჩაერთნენ და უკვე ორსულად ვიყავი, როცა გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა. ხელი უკვე მოწერილი გვქონდა. ახლა რომ დავფიქრდები, მანამდეც მყვარებია, მაგრამ რაღაც ყოველთვის მამუხრუჭებდა და გული მეუბნებოდა, რომ ეს ნამდვილი გრძნობა არ იყო. ბოლოს ისეთი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც პირველი დანახვისთანავე მომეწონა და მივხვდი, ის “ჩემი” იყო, ხალხში ამას ბედს თუ ბედისწერას ეძახიან. კარგია, როცა გულისთქმას მოუსმენ. მეც სწორედ გულის ხმას მივენდე და ამ გრძნობას არ გავექეცი. 22 წელია, ერთად ვართ და ეს სულ სხვა სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოსცემ.
– რას ფიქრობთ ქალებზე, რომლებიც ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს თმობენ?
– მე მგონი, ოჯახის შენარჩუნების მიზნით ღირსებაზე უარის თქმა და ტყუილში ცხოვრება არ ღირს. ამ დროს შენს შვილებსაც ტყუილში აცხოვრებ, რაც არასწორია. მე სილაღისა და თავისუფალი არჩევნის მომხრე ვარ, როცა ადამიანი საკუთარ თავთან მართალია. უფრო მეტიც, ჩემი მეუღლე რომ არ შემხვედროდა, გათხოვება ჩემი იდეფიქსი ნამდვილად არ ყოფილა. თუ არ გავთხოვდებოდი, ტრაგედია არც ეს იქნებოდა, მაგრამ გამიმართლა და ცხოვრების გზაზე ასეთი ადამიანი შემხვდა. სამი შვილი გავზარდეთ. ჩვენი უფროსი ვაჟი 20 წლისაა, შუათანა – 16-ის, ნაბოლარა თეოლინე კი 8-ის. ის პატრიარქის ნათლულია, რის გამოც საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ. ძიძა ან დამხმარე არასდროს მყოლია, ერთადერთი, ვინც მეხმარებოდა და მეხმარება, დედაჩემია. დილით რომ გავდიოდი, საღამოს შემოვდიოდი შინ და ჩემს შვილებს ის უვლიდა, მე კი მშვიდად, წყნარად ვაკეთებდი საქმეს. ჩვენს ოჯახში მთავარი მზარეულიც დედაა. როცა დრო მაქვს, მეც ვეხმარები, მაგრამ მისი ხელით გაკეთებული ყველაფერი უფრო გემრიელი მეჩვენება და მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდითაა, რადგან, ვიდრე დედა გყავს, შენი თავი სულ პატარა გგონია.
– თქვენს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდეთ: რომელია თქვენი რჩეული, საყვარელი თეატრი?
– ვგიჟდები ჩემს თეატრზე, რომელსაც ადრე “მუსიკისა და დრამის თეატრი” ერქვა, ახლა კი “ახალი თეატრი” დაარქვეს. იქ მისვლა და კოლეგებთან ურთიერთობა, მათთან ერთად სცენაზე დგომა უდიდესი სიხარულია. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი არტისტები ძალიან კარგი ადამიანებიც არიან და მათთან ურთიერთობა არ მბეზრდება. მართალია, უარს არ ვიტყოდი, რომ პარალელურად სხვა თეატრშიც მემუშავა, მაგრამ ფეხი აქ – ჩემს თეატრში ავიდგი და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. მართალია, პანდემიამ ბევრ რამეში ხელი შეგვიშალა, მაგრამ ნელ-ნელა ფეხს ვიდგამთ და იმედია, გაცოცხლდება ის, რაც ჩვენს სცენაზე ადრე იყო. რაც მთავარია, ჩემი თეატრი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველას წარმატება მახარებს.
– საინტერესოა, “ჩემი ცოლის დაქალებში” როგორ მოხვდით?
– ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და მთხოვა, კასტინგზე მივსულიყავი. მეც მივედი გასაუბრებაზე, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო. ამ როლმაც დამაინტერესა და საერთოდ, ამ ჯგუფთან კარგად ვთანამშრომლობ. “ხელოვნური სუნთქვით” დავიწყეთ და ახლა ისევ შევხვდით. ძალიან მომწონს ამ არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა, თანაც, სერიალები კარგი საშუალებაა, რომ ხალხმა უკეთ გაგიცნოს. “ჩემი ცოლის დაქალებმა” ამდენი წლის განმავლობაში იმიტომ იარსება, რომ მას მართლა ნიჭიერი ადამიანები ქმნიან, მათ სწორი ხედვა აქვთ, დროს მიჰყვებიან და იმ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რომლებიც ყველას აწუხებს, სწორად არჩევენ არტისტებს და პერსონაჟებსაც. ეს სერიალი ყოველთვის აქტუალურია, რადგან იმ ტკივილზე გვესაუბრება, რაც გვაქვს. ამიტომაც არის რეიტინგული და მაყურებელიც არ ღალატობს.
– დაბოლოს: საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის კრიტიკულად აფასებთ და თქვენს მოსაზრებებს არასდროს მალავთ. როგორ ხვდებით ოპონენტების უსიამოვნო კომენტარებს და შეფასებებს?
– იმაზე რომ ვიფიქრო, ვინ რას იტყვის და როგორ შემაფასებს, საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებ, სცენაზეც ვერ გამოვალ. ეს შიში ადამიანს ხელს უშლის, რომ წინ წავიდეს და განვითარდეს. ხელოვნურად შექმნილი ტროლ-ბოტების აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, თორემ მათ შემოტევას ვერ გაუძლებ. როცა ჩემი მისამართით უსამართლო, დამამცირებელი ეპითეტები მესმის, ჩემთვის ძვირფას, ახლობელ ადამიანებზე უფრო ვფიქრობ – ვიცი, მათ სტკივათ და აწუხებთ შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებსაც არ ვიმსახურებ. თუმცა იმიტომაც ვლაპარაკობ, რომ ჩემი შვილების და ოჯახის მომავალი, მათი ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. კარგად ვიცი, ეს მავნებლები როგორ კლავენ და მორალურად აზიანებენ ადამიანებს, მაგრამ ამ გზაზე მლანძღველების ჯარი რომ დამიდგეს, მაინც ვერ გავჩუმდები. ვიცი, ეს დიდი ბოროტებაა, მე კი ბოროტების არ მეშინია, რადგან ბავშვობიდან მასწავლეს: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი “გზა”