იყო მშობელი – დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ იყო ქალიშვილის მშობელი – დიდი თავსატეხი. როგორც აღვზარდოთ გოგონა ისე, რომ ქალური სინაზეც შეინარჩუნოს და ამ პრაგმატულ სამყაროშიც შეძლოს თავის დამკვიდრება. ქვემოთ მოყვანილი 7 ოქროს წესი კარგ დახმარებას გაგიწევთ.
წესი პირველი – ლამაზი გოგო
როცა გოგონას თავი არასაკმარისად ლამაზი ჰგონია, ეს მისთვის მძიმე ტვირთად იქცევა ხოლმე. ამიტომ როგორი გარეგნობითაც არ უნდა დააჯილდოვოს ბუნებამ თქვენი ქალიშვილი, ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგეთ რწმენა, რომ ძალიან ლამაზია. ყოველთვის ხაზი გაუსვით მის ღირსებებს. არასოდეს იხუმროთ მის ნაკლოვანებებზე, მაგალითად, სიმსუქნეზე, ჭორფლზე, უცნაურ ცხვირზე, თორემ მოვა დრო და ეს ყველაფერი მის თვითშეფასებაზე უარყოფით კვალს დატოვებს.
დისციპლინის დონეზე მიაჩვიეთ გარეგნობაზე ზრუნვას – თმის მოვლა-მოწესრიგებას, კანის სისუფთავეს, ნიღბებს – ეს ჩვევები რაც უფრო ადრე გამოუმუშავდება, მით უკეთესი.
წესი მეორე – შენ ყველას უყვარხარ
ქალები, რომლებიც მკაცრი მშობლების ხელში დაიზარდნენ, ვერა და ვერ თავისუფლდებიან სტერეოტიპისგან, რომ სიყვარული უნდა დაიმსახურონ. აქედან იწყება გადამეტებული მონდომება, რომ ყოველთვის სხვებს ასიამოვნოს, სხვების სურვილები შეასრულოს და პირველ ადგილზე დააყენოს არა საკუთარი, არამედ ახლობლების ინტერესები. ამით შეიძლება სიყვარული მართლაც მოიპოვოს, სამაგიეროდ მისი ხასიათით სხვები ბოროტად ისარგებლებენ, თავად კი ვერასოდეს დატკბება იმ შეგრძნებით, რომ თვითონაც ძალიან საყვარელია.
არ მოაკლოთ გოგონას ალერსი და მოფერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირველსავე შემხვედრს მიენდობა, ვინც კი ოდნავ სითბოს აგრძნობინებს. ამ დროს შეიძლება უსინდისო და გაიძვერა კაცის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც ტკბილი სიტყვით ყოველთვის თავის ნება-სურვილზე ატარებს.
წესი მესამე – კეთილგონიერი
ნათქვამია, ქალი ცხოვრების ფარიაო. ჩაუნერგეთ მას უსაფრთხოების წესები. ასწავლეთ ხალხის ცნობა და ვითარებაში გარკვევის უნარი. ნუ შეაშინებთ, მაგრამ აუხსენით, რომ ზედმეტი ნდობა კარგს არაფერს მოუტანს, რომ ყოველთვის შორს დაიჭიროს თავი სიტუაციისგან, რომელიც მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან რეპუტაციას ემუქრება.
წესი მეოთხე – მფარველი ანგელოზი
თუ ქალს ახლობლებზე ზრუნვა არ შეუძლია, ის ქალი არ არის. მიაჩვიეთ, რომ სხვების ტკივილი შეამჩნიოს. შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სუსტსა და ავადმყოფს. ნება მიეცით იზრუნოს თქვენზეც, ანუ მშობელზე, შეიძლება ბევრი ვერაფერი შეძლოს, მაგრამ მთავარი ხომ კეთილი განზრახვაა. თქვენც აგრძნობინეთ, რომ მისი მადლიერი ხართ.
და ბოლოს – ყველაზე რთული ამოცანა – ასწავლეთ, რომ ზედმეტად არ გაისარჯოს მათთვის, ვინც ამას არ იმსახურებს. გულმოწყალებისა და კეთილგონიერების ბალანსი – ეს ცხოვრებისუნარიანობის საუკეთესო რეცეპტია.
წესი მეხუთე – ყველანაირი სახლის პატარა დიასახლისი
რთული არაა გოგონას ასწავლოთ დალაგება-დასუფთავება, კულინარია და თუნდაც ჭრა-კერვა. ქალი საოჯახო საქმეებს რაციონალურად უნდა უძღვებოდეს. სახლის მოვლა მისთვის მარტივ ჩვევად უნდა იქცეს. თუ პრობლემებს წააწყდება, ისიც უნდა იცოდეს, როგორ და ვისი დახმარებით მოაგვაროს ისინი.
წესი მეექვსე – საქმიანი ოპტიმისტი
არასოდეს ჩაუკლათ ინიციატივა. აცადეთ გამოსცადოს თავი ლოდერის როლში. აღნიშნეთ მისი წარმატებები. თანამედროვე ეპოქაში ქალები წამყვან პოზიციებზე გვევლინებიან, ამიტომ უნარი, მოუსმინოს სხვებს, იყოს პრინციპული და გამონახოს კოლექტივთან საერთო ენა – მომავალში აუცილებლად დაეხმარება.
წესი მეშვიდე – ინდივიდუალურობა
ბავშვში ინდივიდუალიზმის გამომუშავება ალბათ ყველაზე რთული საქმეა. ამისათვის მის პიროვნულ განვითარებას უნდა შეუწყოთ ხელი და არა მის “გადაკეთებას”. ყველაფერი დადებითი, რაც აშკარად გამოხატულია თქვენი შვილის ხასიათში, აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ.