ვაქცინა გვიცავს – ამ თემაზე, თითქმის, აღარავინ დავობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო, საზოგადოება აქტიურად განიხილავს როგორც მის სიკეთეს, ასევე – გვერდით მოვლენებს. სოციალურ ქსელში ამ თემის ირგვლივ შეკითხვები არ წყდება. ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვა კი ასეთია – არსებობს თუ არა ვაქცინაციასა და აკნეს შორის კავშირი.
ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში სწორედ აღნიშნული თემატიკის პოსტი გამოჩნდა, სადაც ავტორი ჯგუფის წევრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა და ეკითხებოდა, მათაც ხომ არ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა.
„მეგობრებო, უცნაური კითხვით ვარ მოსული, ვისაც აკნე გაქვთ და ვინც „ფაიზერი“ გაიკეთეთ, შეინიშნება თუ არა თქვენს სახეზე აკნეს გაქრობა?
P.S. მე სახე გადამიკრიალდა“, – წერდა სოციალური ქსელის მომხმარებელი.
კომენტარებში საზოგადოების აზრი ორად გაიყო და ზოგმა აღნიშნა, რომ ისინიც ამჩნევენ უკეთესობას, ზოგმა მათგანმა კი დაწერა, რომ აღნიშნული პრობლემა მათ კოვიდის გადატანის შემდეგაც მოუგვარდათ.
არის თუ არა კავშირი ვაქცინაციასა და აკნეს შორის, ან კოვიდის გადატანის შემდეგ თუ ქრება აკნე – ამ საკითხზე დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე გვესაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი სახის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან რაიმე სახის კვლევა ამ საკითხზე არ ჩატარებულა.
„კოვიდის შემდეგ აკნეს გართულება ხშირია, რადგან სტრესი, რომელიც თან ახლავს კოვიდს, ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს და ამ დროს, ზოგადად უფრო ურთულდებათ. რომ კოვიდი ვინმეს შეხვდა და აკნე გაუქრა, – ამის დადებითი დინამიკა ანუ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. რაც შეეხება ვაქცინაციის შემდეგ აკნეს პრობლემის მოგვარებას, მსგავსი რამ არც არსად არის აღწერილი – რაიმე სახის კვლევა რომ ჩატარებულიყო, ან სტატისტიკა არსებობდეს, მსგავსი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს“,- განაცხადა გიორგი არველაძემ.
სხვა სიახლეები