ინტერვიუ „პოსტივის“ ჟურნალისტთან – ლიზა გეგეჭკორი „უკან ბავშვობაში“

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია  „პოსტივის“ ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ველოსიპედის ტარება ერთი წლის წინ ვისწავლე. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, ჭეშმარიტ ბავშვობას ვეზიარებინე…

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

ცურვა ბავშვობიდან ვიცი, ლაგუნა ვერესთან ახლოს ვცხოვრობდი და ცურვაზეც მატარებდნენ.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..

დენდი იყო ჩემი პირველი კომპიუტერი, რომელიც „თოვლის ბებიამ“ მაჩუქა.

– მუსიკას რითი უსმენდით?

სიდი-ფლეიერით და რადიოთი. სიდი-ფლეიერი იყო ჩემი ახდენილი ოცნება, რადგან მუსიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

მიკროფონი, რომელიც, წესით, მუსიკასთან უნდა ასოცირდებოდეს, მაგრამ მე ეზოში დავრბოდი და ჟურნალისტობანას ვთამაშობდი.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

„გრეჩიხა“ და კატლეტი. სიმართლე გითხრათ,არ ვიცი, რატომ არ მიჭამია დიდი ხანია, მაგრამ ასეა, გამოვასწორებ ამ შეცდომას.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს – მაგალითად, გუბეებში ტყაპუნს, კედლებზე ხატვას და ა.შ?

მშობლებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა, არ მახსენდება, რამე აეკრძალათ. უფრო რჩევის სახით და ახსნით ხდებოდა. ასე ვთქვათ, ასაკრძალ თემებზე საუბარი. ხატვით დღემდე ვხატავ და ვხატავ ყველგან, სადაც მომინდება. ასევე არიან ჩემი შვილებიც. 

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

ძალიან მიყვარდა „მზეთუნახავი და ურჩხული“. და ურჩხული პრინცად რომ გადაიქცეოდა, სულ ვტიროდი… მენანებოდა… კიდევ მომწონდა არიელის მეგობარი ლობსტერი.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“. დღემდე ვკითხულობ.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

„მზეთუნახავი და ურჩხული“ (იცინის).

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

მახსოვს, იმ დროს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მომწონდა ძალიან და მისი პლაკატი მქონდა საპატიოდ გაკრული.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

ალბათ, 4 წლიდან. ჩემს დაბადების დღეზე მამას ვინილების საგულდაგულოდ ნაგროვები კოლექცია აივნიდან გადავუყარეთ მე და ჩემმა დეიდაშვილმა. მოგვწონდა, ჰაერში როგორ ფრიალებდა.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

ჟურნალისტობანა და ნამიოკობანა.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

სკოლა ძალიან მიყვარდა, პირველ გიმნაზიელი ვარ და დღემდე ამით ვამაყობ. სხვა სკოლა იყო, სხვა ბავშვობა გვქონდა… ერთხელ მახსოვს, საკონტროლოსთვის არ ვიყავი მზად და მოვიმიზეზე, ბრმა ნაწლავი მტკივა-მეთქი, ექიმები გამომიძახეს სახლში და ისე გამოვიდა, რომ სიმპტომები გავარტყი. გამაქანეს საოპერაციოდ. თურმე მართლაც სავალალო მდგომარეობა იყო.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

ასეთი არ მახსენდება. როდესაც დავალება არ მქონდა შესრულებული, მერჩია, სკოლაში არ მივსულიყავი. ყველა ხერხს მივმართავდი, ოღონდ სკოლა გამეცდინა. მრცხვენოდა.

– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

ჯინსი, თუმცა სკოლაში ფორმები გვეცვა.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

არა. სიამოვნებით გამოვიყენებდი, დედას რომ ჰყვარებოდა კოსმეტიკა, ის ყოველთვის ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის ყვავილებიან კაბებს ხშირად ვიცვამდი.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ყვებოდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

არც ერთი და არც მეორე, არასდროს მიყვარდა ლექსების აუდიტორიისთვის კითხვა, მაშინ მიმაჩნდა, რომ ცირკაჩობა უფრო იყო ეს, თუმცა არც ვიმალებოდი. უბრალოდ, ოჯახმა ეს კარგად იცოდა. შესაბამისად, არც მაიძულებდნენ მსგავსს არაფერს.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე? (ჩვენი თაობის გოგოები ხომ ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც ცეკვაზე დაჰყავდათ და ისინი, ვინც მუსიკაზე დადიოდნენ)

ყინულზე დავდიოდი. მუსიკაზე შემიყვანეს, თუმცა გამოვიქეცი. ყინულზე ვსრიალებდი და ჩოგბურთს ვთამაშობდი. მე მესამე კატეგორია გამოვდივარ – სპორტული.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

არასდროს ვყოფილვარ დამჯერი, ყოველთვის ჩემი გამქონდა, თუმცა ამას ვხსნიდი და მშობლები ამის საშუალებას მაძლევდნენ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ბავშვს უნდა მიეცეს თავისი საქციელის ახსნის საშუალება და უფლება. დოგმატურად აკრძალული ყოველთვის პროტესტს იწვევს ბავშვში. შესაბამისად, ბუნტისთავი უფრო ვიყავი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საბავშვო ბაღში 9 ბავშვი დავრაზმე და შატალოზე წავიყვანე მეზობელ ეზოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები