ისრაელის პრემიერმინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან, სარა ნეთანიაჰუსთან ერთად ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
კიევის აეროპორტში ისრაელის პრემიერს უკრაინულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები პურ-მარილით დახვდნენ.
ისრაელის პრემიერმა, რომელიც ტრადიციას კარგად იცნობს, პურის ნაჭერი მოტეხა, მარილში გაავლო და მიირთვა. ამის შემდეგ, მან პურის ნაჭერი მეუღლესაც გადააწოდა, თუმცა სარა ნეთანიაჰუმ ის ძირს დააგდო.
აღსანიშნავია, რომ სარა ნეთანიაჰუს უცნაური საქციელი ჯერ კიდევ თვითმფრინავში შეინიშნებოდა. მედია წერს, რომ, თურმე, თვითმფრინავში ასვლის შემდეგ, მან სკანდალი მოაწყო.
სარა ნეთანიაჰუ თვითმფრინავის გამცილებელს იმის გამო ეჩხუბა, რომ, თითქოს, ის პრემიერის მეუღლეს სათანადოდ არ მიესალმა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სარა ნეთანიაჰუ პილოტის კაბინაში შეჭრასაც ცდილობდა, თუმცა დაცვამ ის კაბინაში არ შეუშვა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ თვითმფრინავში გაუგებრობა მოხდა, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი.
სხვა სიახლეები