82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ორი ქალი ბრალდებებით გამოვიდა მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერლის, ხულიო იგლესიასი მიმართ. მათი განცხადებით, ისინი არტისტის კერძო რეზიდენციებში სექსუალური ძალადობისა და სისტემატური დამცირების მსხვერპლები გახდნენ.
მედიის ინფორმაციით, ორივე ქალი იგლესიასთან წარსულში პროფესიულად იყო დაკავშირებული: ერთი მათგანი სახლის დამხმარედ მუშაობდა, მეორე კი — ფიზიოთერაპევტად. მათი თქმით, აღწერილი შემთხვევები 2021 წელს მოხდა მომღერლის კერძო რეზიდენციაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ბაჰამის კუნძულებზე.
ერთ-ერთი განმცხადებლის განცხადებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები არაერთხელ, არტისტის საძინებელში მოხდა. მისი თქმით, შექმნილი გარემოებები წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას არ აძლევდა. მეორე ქალი კი აცხადებს, რომ არასათანადო და ძალადობრივი ქცევა მხოლოდ დახურულ სივრცეებს არ მოიცავდა და არტისტი მას საჯარო სივრცეებშიც ავიწროებდა – აუზის ტერიტორიასა და სანაპიროზე.
ორივე ქალი საუბრობს სისტემატურ დამცირებაზე, ზეწოლასა და ძალადობაზე. მათი თქმით, პერსონალის ნაწილს დასაქმების წინ გინეკოლოგიური და სხვა სამედიცინო შემოწმება მოსთხოვეს.
განმცხადებლების თქმით, ისინი იგლესიასის რეზიდენციებში ოფიციალური შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ. მათი მტკიცებით, სამუშაო დღე ზოგჯერ 10 საათს აღემატებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში 16 საათამდეც კი აღწევდა. ანაზღაურება კი მხოლოდ სამი თვის უწყვეტი მუშაობის შემდეგ გაიცემოდა.
ამ ეტაპზე 82 წლის არტისტისთვის ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ, სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.