ირანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაჯის დროს მექასთან წარმოქმნილი ჭყლეტვისას დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, ტრაგედიას 717 ადამიანი ემსხვერპლა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ირანის 130 მოქალაქეა, მსხვერპლთა შორის არიან ეგვიპტის, ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეებიც.
ირანის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ესკორტი, რომელსაც მაღალი რანგის პირები გადაჰყავდა, ჰაჯის დროს მომხდარი ჭყლეტის მიზეზი გახდა, საუდის არაბეთის ხელისუფლება უარყოფს. ოფიციალური თეირანი კი ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობას ოფიციალურ ერ-რიადს აკისრებს და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.
როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭყლეტა ადამიანების ორი ნაკადის „შეჯახებამ“ გამოიწვია, რომელიც კარვების ქალაქში სხვადასხვა გასასვლელით გადაადგილდებოდა. ამის გამო ვიწრო ქუჩაში ადამიანთა ჭყლეტა მოხდა.
Al Jazeera -ს ცნობით, დაღუპულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც მომლოცველების გზაზე ისხდა. მომლოცველების მოძრავი მასა გაჩერებას შეეცადა, მაგრამ ამ ადამიანებმა უკნიდან ნაკადის მიწოლის შედეგად თავი ვეღარ შეიკავეს და თავად დაეცნენ. შემდეგ მათ მუსულმან მომლოცველთა ნაკადმა ფაქტობრივად გადაუარა.
მსგავსი შემთხვევები მუსულმანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში ადრეც მომხდარა. 1990 წელს მექაში, ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა.
https://www.youtube.com/watch?v=g6jYdq8Yicw&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=jMMzuajSmtw&feature=youtu.be