7 თვისება, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს მამაკაცს ქალში

მამაკაცების ხმამაღალი მანიფესტი

ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებთ. თქვენ უკვე შეეგუეთ, რომ პერიოდულად ჩვენი ერთი ცალი წინდა სადღაც იკარგება, გვიყვარს კომპიუტერული თამაშები და ვერ ვიმახსოვრებთ თქვენი დედიკოს დაბადების თარიღს. ჩვენც შევეგუეთ თქვენს უცნაურობებს, მაგრამ არის თვისებები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს თქვენში და ყველაზე იდეალური ურთიერთობის დანგრევაც კი შეუძლიათ.

ჩვენი ურთიერთობის გარჩევა სხვა ადამიანებთან

ჩვენი თანდასწრებითაც და ჩვენს ზურგს უკანაც. ნუ განიხილავთ ჩვენს კამათს მეგობართან ან დედასთან. უამრავ რჩევას მიიღებთ, მაგრამ ვერც ერთს ისეთს, რომელიც შეგვარიგებს. ჩვენი პრობლემები თავადვე უნდა მოვაგვაროთ და რაც უფრო ნაკლები ადამიანი გაიგებს ჩვენი უსიამოვნებების შესახებ, მით უკეთესი ჩვენთვის.

ფულის ფლანგვა

დაიმახსოვრეთ, საჩუქრების მიძღვნა, რესტორნებში წაყვანა და განებივრება გვიყვარს მხოლოდ იმ ქალის, ვისთანაც ხანმოკლე რომანი კი არ გვაკავშირებს, არამედ წრფელი გრძნობა; ვისთანაც ოჯახის შექმნას ვაპირებთ. ჩვენთვის ისიც მთავარია, თქვენ როგორ ანაწილებთ ფინანსებს. სისულელეა ხელფასის ნახევრის “ახალი კოლექციიდან საყვარელ ჩანთაში” გადახდა, როცა კრედიტები გაქვს დასაფარავი.

მოუწესრიგებელი იერი

ქორწინებაზე ქალსაც და მამაკაცსაც მცდარი შეხედულება აქვთ. ქალს ჰგონია, რომ ქორწინების შემდეგ მამაკაცი შეიცვლება და ეს ასე არ ხდება და მამაკაცს ჰგონია, რომ ქორწინების შემდეგ ქალი არ შეიცვლება და ის იცვლება. და არ ვგულისხმობთ ნაოჭებს ან ჭაღარას. ხომ შეგიძლიათ ქორწინების შემდეგაც გაგვახაროთ თქვენი ქალურობით, ცოტა სექსუალურობით?! გადაცლილმანიკიურიანი ქალის გვერდით ყოფნას არც ერთი მამაკაცი არ ისურვებს.

აღარაფერს ვამბობთ მოუვლელზე. თუმცა, არც ის მოგვეწონება, საზოგადოებაში ჩვენთან ერთად ყოფნისას თქვენი სექსუალური მაკიაჟით ან სამოსით იქცევდეთ სხვა მამაკაცების ყურადღებას. ასეთი ქალის გვერდით დიდხანს არც ერთი მამაკაცი არ გაჩერდება.

ყოფილებთან მეგობრობა

თეორიულადაც რომ დავუშვათ “მეგობრობის” ცნება ქალსა და მამაკაცს შორის, ნუ იმეგობრებთ ექსბოიფრენდებთან. “მეგობრებად დარჩენა” – რას ნიშნავს? გსიამოვნებთ ჩვენი ახალ-ახალ გოგოებთან ერთად ხილვა თუ მაინც ჩვენი დაბრუნების იმედი გაქვთ?!. წარსული ურთიერთობა წარსულში უნდა დარჩეს.

გაბუტვა მიზეზით და უმიზეზოდ

დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ – არ გვაქვს ტელეპათიური უნარი, ამოვიცნოთ თქვენი გადაკრული სიტყვები. თუ ჩვენ პირდაპირ არ გვეტყვით, რა გინდათ, ვერაფერს მივხვდებით. გაბუტვა და ამღვრეული თვალები ჩვენში დაბნეულობასა და პანიკას იწვევს. ხოლო, თუ ამას მუდმივი ხასიათი აქვს, ყურადღებას აღარ ვაქცევთ, არათუ ფიქრით დავიღალოთ ტვინი.

ქრონიკული დაგვიანება და კატასტროფულად ხანგრძლივი მზადების პროცესი

5-წუთიანი დაგვიანება რომანტიკულ ვახშამზე სასიამოვნოც არის, მაგრამ თუ კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროზე გვაქვს დათქმული შეხვედრა, რატომ იგვიანებთ?! გახსოვდეთ, მამაკაცისთვის პუნქტუალურობა პასუხისმგებლობის გრძნობასთან და პატივისცემასთან ასოცირდება.

ჩვენ კი მოთმინებას ვკარგავთ, როცა წარმოვიდგენთ, როგორ უხამებთ ერთი ფერის პომადას ჯერ ერთ ფეხსაცმელს, მერე მეორეს; მერე კაბის შეცვლა გიწევთ, იმიტომ, რომ ის არჩეულ ფეხსაცმელს არ უხდება და ასე დაუსრულებლად.

ტოტალური კონტროლი

დასასრულისთვის ყველაზე მთავარი პუნქტი შემოვინახეთ – კონტროლი. გვაღიზიანებს კითხვები: “ვინ დაგირეკა?” “ვინ მოიკითხე ასე თბილად?” სოციალურ ქსელებში ჩვენს “ფრენდებზე” დოსიეს შედგენა, ჩვენს მობილურებში ეს-ემ-ეს-ების კითხვა და ასე დაუსრულებლად. რატომღაც გოგონებს ჰგონიათ, რომ თუ ბიჭებს კარგად აკონტროლებენ, ისინი არსად გაექცევიან.

ტყუილად გგონიათ, მუდმივი კონტროლი თქვენ მიმართ ნებისმიერ არსებულ გრძნობას უღებს ბოლოს. გახსოვდეთ, რომ გვჭირდება თავისუფალი ზონა, მეგობრებთან შეხვედრა, ფეხბურთის ყურება, ბოლოს და ბოლოს, განმარტოება. ნუ შეგვიზღუდავთ თავისუფლებას! გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მოგვანიჭებთ, მით მეტად მოგეჯაჭვებით თქვენ. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა.

წყარო: marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები