27 წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლე – დღეს მირზა გელოვანის დაბადების დღეა

128
SHARE

2 მარტი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მირზა გელოვანის დაბადების დღეა. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა.

გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზაც 1917 წელს სწორედ სოფელ ნაქალაქარში, ახლანდელი თიანეთის რაიონში დაიბადა.

1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში“ და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს.

მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი“, პოემა „შავნაბადა“ და სხვა.

მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა: “წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან აელვებული იდგა თბილისი”.

გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975).

მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. მირზა გელოვანი ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში გარდაიცვალა, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული გადადიოდა დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო. ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენს ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“.

FB კომენტარები

კომენტარი