ავსტრალია არის სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს, როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიას და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. ავსტრალიის მოსახლეობა ბოლო აღწერების თანახმად 25 მილიონს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა.
დედაქალაქის გარდა ქვეყანაში პოპულარობით გამოირჩევა ქალაქები: სიდნეი, პერთი, მელბურნი, ადელაიდა და ბრიზბრენი.
ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების ინდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.
ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.