600 დაღუპული ადამიანი, 2 000-ზე მეტი დაშავებული და ასობით დანგრეული სახლი – ასეთია ამ დროისთვის სამხრეთ აზიაში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისგან გამოწვეული მსხვერპლი. მოსახლეობა პანიკაშია და ბიძგების განმეორებას კვლავ ელის.
„ევრონიუსის“ ინფორმაცით, დაღუპულთა რიცხვი 360-ს შეადგენს, თუმცა აქვე ტელეკომპანია მიუთითებს, რომ, სხვა წყაროებით, მსხვერპლთა რაოდენობა 600-მდე გაიზარდა. დამანგრეველმა სტიქიამ ერთდროულად აზიის 7 ქვეყანა მოიცვა, მათ შორის: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი. 26 ოქტომბერს, 13:39 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილოეთი, კერძოდ კი ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში მდებარე ბადახშანის მთიანი პროვინცია იყო. ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა პაკისტანსა და ინდოეთშიც.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას ინტენსიურად განაგრძობენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვრპლთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. სტიქიის ხელმეორედ განმეორების შიშით, ათასობით პაკისტანელმა წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.
„ბავშვები ძალიან შეშინებულნი არიან. დამირეკა ნათესავმა და მითხრა, რომ ჩემი ძმის სახლი დაინგრა – ის ახლა მთლიანად მიწასთანაა გასწორებული. როდესაც ჩვენ იქ მივედით, ნანგრევებიდან დაღუპულები უკვე გამოჰყავდათ“,- აცხადებს „ევრონიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთი დაზარალებული პაკისტანელი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის შედეგად რიგ ქვეყნებში საკომუნიკაციო კაბელები დაზიანდა და ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც სტიქიის ზონებში სადაზვერვო და სამაშველო მუშაობა ფერხდება.
ცნობილია, რომ მაღალმთიან რეგიონებში მაშველებმა მისვლა ამ დრომდე ვერ შეძლეს. აქედან გამომდინარე, მსხვერპლთა რაოდენობა დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება. პაკისტანში 2 წლის წინ მომხდარი მიწისძვრის დროს, ბელუჯისტანის პროვინციაში 800 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი სტიქია კი 2005 წელს, ქაშმირის ნაწილში მოხდა. მაშინ იქ 80 ათასი ადამიანი დაიღუპა, 3.5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.