ოთარ ჭილაძის გენიალური ფრაზები – უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს

1. ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს.
2. უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი.
3. უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს.
4. ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება.
5. როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.
6. კაცს ქალი რყვნის.
7. ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე
8. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც.
9. რაც არ ეგუება – კვდება.
10. ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის.
11. მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული.
12. – ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო! ყველა ერთნაირად ყარს. – ცოდვა ყარს და არა სიკვდილი!
13. ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს.
14. ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.
15. ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ, ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები