5 წლის ბიჭმა მშობლებს მანქანა მოპარა და დასთან წავიდა, რათა მოგროვებული 3 დოლარით “ლამბორჯინი“ ეყიდა

აშშ–ის შტატ იუტას ქალაქ ოდენში 5 წლის ბიჭმა მშობლებს ავტომობილი მოპარა და რამდენიმე კილომეტრის გავლა მოახერხა მანამდე, სანამ საპატრულო პოლიციამ ის გააჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

პოლიციელმა, რიკ მორგანმა განაცხადა, რომ მან ყურადღება მიაქცია ავტომობილ Dodge Journey-ს, რომელიც უცნაური ტრაექტორიით მოძრაობდა. სამართალდამცავმა მიიჩნია, რომ მძღოლს შესაძლოა, სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. მან სასიგნალო შუქები ჩართო, თუმცა მძღოლმა აღნიშნულს არ მიაქცია ყურადღება. ამის შემდეგ მორგანმა ხმოვანი გაფრთხილება ჩართო და ავტომობილი გაჩერდა.

საჭესთან 5 წლის ბავშვი აღმოჩნდა. იმისათვის, რომ მუხრუჭს მიწვდომოდა, ბავშვი სავარძლის კიდეზე იჯდა. ბავშვმა მორგანს უთხრა, რომ მას ადრიანი ერქვა. აღმჩნდა, რომ ბიჭმა 3 კილომეტრი გაიარა თავის საცხოვრებელ ქალაქში და ავტომაგისტრალზე გავიდა, რათა დასთან მისულიყო, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობდა. მან, ასევე, განაცხადა, რომ ოცნებობს Lamborghini–ს ყიდვაზე და პოლიციელს თავის საფულეში ჩაახედა, სადაც სამი დოლარი ჰქონდა.

სამართალდამცავი ადრიანის მშობლებს დაუკავშირდა, მათ შვილსა და კუთვნილ ავტომობილს მიაკითხეს.

როგორც გაირკვა, ადრიანმა მანქანა მაშინ მოიპარა, როცა მშობლები სამსახურში იყვნენ. ოჯახს ამ დროს უფროსი და მეთვალყურეობდა, თუმცა, მას ჩაეძინა და ადრიანმაც დრო იხელთა. მშობლების განცხადებით, ბავშვი აღნიშნულ ფაქტამდე საჭესთან არასდროს მჯდარა და დამოუკიდებლად ავტომობილი არასდროს უმართავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები