5 შეკითხვა, რომელთა დასმის ბავშვებს ყველაზე მეტად რცხვენიათ, განსაკუთრებით, მშობლებთან
არ აქვს მნიშვნელობა შვილებს ვესაუბრებით სენსიტიურ და ინტიმურ თემებზე – ინტერნეტის ეპოქაში ისინი მაინც იპოვიან ყველა კითხვაზე პასუხს. საკითხავია – გინდათ, თქვენმა შვილმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სოციალური ქსელიდან გაიგოს?
თუ არ მოგწონთ აზრი, რომ თქვენი შვილი თქვენზე მეტად ინტერნეტს ენდობა, იფიქრეთ იმაზე, როგორ განიხილოთ მასთან ყველაზე რთული თემები. როგორ მოვახერხოთ ეს? გთავაზობთ 5 თემას, რომლებზე საუბარიც ბავშვებს მშობლებთან ყველაზე მეტად ერიდებათ.
1. რა არის სექსი?
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვისთვის ნაადრევია ასეთი კითხვების დასმა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ შესაძლებელია და აუცილებელია ბავშვებს სექსის შესახებ ნებისმიერ ასაკში გავცეთ პასუხი, თუ ისინი დაინტერესდნენ და კითხვა დაგვისვეს. სავსებით ნორმალურია, 8-10 წლის ასაკში ბავშვს სექსთან დაკავშირებით შეკითხვები უჩნდებოდეს . სხვათა შორის, ამ ასაკში ბავშვებს უფრო ხშირად სიყვარული და სიმპათია აინტერესებს, ვიდრე სექსუალური ურთიერთობები.
მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ სექსში სამარცხვინო არაფერია და აკრძალულიც არ არის, როცა საქმე ზრდასრულ ადამიანებს ეხებათ. ნუ მოგერიდებათ და ყველაფერი თავისი სახელით მოიხსენიეთ, პენისი, საშო თუ მკერდი. აუხსენით ბავშვს, რომ ის ყველაფერს თანდათან მიხვდება, როცა მისი სხეული საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
არ დაგავიწყდეთ ისაუბროთ ჰორმონალურ ცვლილებებზე, რომლებიც ელოდება თქვენს შვილს – ეს მისთვის მოულოდნელი და სტრესული არ უნდა აღმოჩნდეს.
2. რატომ ჩხუბობთ შენ და მამა?
როდესაც მშობლები ჩხუბობენ, ბავშვს ამის გადახარშვა ძალიან უჭირს. მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათი ბრალია და ძალიან ღელავენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც ბავშვის ცხოვრებაში ორი მთავარი ადამიანი ჩხუბობს, ის ძლიერ შიშს, მარტოობას და სასოწარკვეთას განიცდის.
მის კითხვებზე გულწრფელი პასუხი გაეცით, აუხსენით, რატომ ვერ იპოვეთ გამოსავალი. “ეს შენ არ გეხება”, “გაიზრდები და გაიგებ” – ასეთი ფორმულირებები მშობლებსა და შვილებს შორის მხოლოდ გაუცხოებას იწვევს.
თუ განქორწინების ზღვარზე ხართ, გულახდილად უთხარით ბავშვს ამის შესახებ და შეთანხმდით ოჯახის ახალ წესებზე. აუხსენით, რომ მას კვლავ ეყოლება დედა და მამა, თუნდაც ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ.
3. რატომ დამცინიან?
ბულინგი ყოველთვის რთულია, თუმცა დაბალ კლასებში შეიძლება საქმე აქამდე არ მივიდეს, თუ კონფლიქტი დროულად აღიკვეთება. მაგრამ ასეა თუ ისე, შეიძლება თქვენი შვილი მაინც წააწყდეს აგრესიას, სისასტიკესა და შეურაცხყოფას. მთავარია, ბავშვი მარტო არ დატოვოთ თავის შიშთან და სასოწარკვეთასთან, არ უნდა ჩაიკეტოს და პასუხების ძებნა სოციალურ ქსელებში არ უნდა დაიწყოს. მის გვერდით პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ და მხარი დაუჭიროთ, ასწავლოთ პრობლემების წარმოთქმაც და თქვენი ემოციებიც გაუზიაროთ.
მოუყევით, როგორ იქცეოდით სკოლაში, რას გრძნობდით. აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ რაც, არ უნდა მოხდეს, მზად ხართ დაიცვათ. შეეცადეთ ერთად გააანალიზოთ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა.
4. რატომ არ გვაქვს ფული?
ბავშვები საკმაოდ ადრე იწყებენ შემჩნევას, რომ მათი მეგობრები უკეთესად იცვამენ, რომ აქვთ მეტი სათამაშო, ტელეფონი და სხვა გასართობები. არ დაგავიწყდეთ, რომ თანამედროვე ბავშვების კერპები არიან ბლოგერები, რომლებიც მომხიბვლელ ნივთებს წარმოაჩენენ.
თუ ბავშვმა ფულზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე საუბარი წამოიწყო, გულწრფელად განიხილეთ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. თავისუფლად ისაუბრეთ, თუ რაში უნდა დახარჯოთ ფული და რაში – დაზოგოთ. ბავშვმა კარგად უნდა გაიგოს, რატომ არ ხართ მზად ახლა Nike-ის უახლესი ბოტასი უყიდოთ.
არ დაგავიწყდეთ აუხსნათ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ფულით არ უნდა გაიზომოს და ადამიანის პიროვნული თვისებები შეიძლება არანაირად არ იყოს დაკავშირებული მის შემოსავლის დონესთან. ეცადეთ, მიანიჭოთ სიამოვნება არა ძვირად ღირებული სათამაშოებით, არამედ თქვენთან ერთად თამაშით, მხიარულებით, ოჯახთან გატარებული ემოციური წუთებით.
5. რას სვამთ?
ბავშვებს ყოველთვის იზიდავთ ის, რაც დაუშვებელია და რასაც აშკარად „ზრდასრულების“ საქმედ თვლიან. მაგალითად, ალკოჰოლი. გასაკვირი არ არის, რომ მათ ხშირად უჩნდება სურვილი მამის შემდეგ მანაც გადაჰკრას ერთი ჭიქა. იგივე ამბავია სიგარეტთან დაკავშირებით – თუ მშობლები ეწევიან, ბავშვი ამას აუცილებლად აღიქვამს, როგორც რაღაც “მაგარს”.
სხვათა შორის, რაც უფრო მეტად აუკრძალავთ ალკოჰოლს ან სიგარეტს, მით უფრო მეტი სურვილი ექნება ბავშვს გემო გაუგოს მას – სავარაუდოდ, თანატოლების კომპანიაში. უმჯობესია აუხსნათ, რატომ არ მიანიჭებს ალკოჰოლი მას ჯერ არანაირ სიამოვნებას და როგორ შეიძლება ზიანი მიაყენოს მას. მხარი დაუჭირეთ ისტორიებს საკუთარი მაგალითებით, გაიხსენეთ სხვა მაგალითებიც, მაგრამ შეეცადეთ ამას ჭკუის სწავლების და თითის ქნევის ეფექტი არ ჰქონდეს.
წყარო: https://mshoblebi.ge