პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა International Women’s Travel-მა ის ქვეყნები დაასახელა, სადაც მოგზაურობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს მარტოდ ჩასულ ქალბატონებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა დაუვიწყარია საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ბევრი ადამიანი უცხო ქვეყნის დათვალიერებას მარტო ამჯობინებს.
პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა International Women’s Travel-მა ის ქვეყნები დაასახელა, სადაც მოგზაურობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს მარტოდ ჩასულ ქალბატონებს.
რეიტინგის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ქალბატონებისთვის უსაფრთხო ქვეყნების შედგენისას ამ ქვეყნებში ტურისტ ქალებზე თავდასხმებისა და გაუპატიურების რაოდენობა და ბოლო წლებში მსგავსი დანაშაულის ზრდა გაითვალისწინეს.
ინდოეთი
მსოფლიოს ეს ულამაზესი ქვეყანა ბოლო წლებში ქალებზე სადისტური თავდასხმით გამოირჩევა. თვდასხმის მსხვერპლი შესაძლოა, პირდაპირ დედაქალაქის ცენტრში ანაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გახდეთ. ქვეყნის იმიჯი განსაკუთრებით შეირყა მას შემდეგ, რაც 2012 წელს დელიში, სტუდენტი გოგონა რამდენიმე შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ავტობუსში გააუპატიურა. მოგვიანებით, 23 წლის სტუდენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ინდოეთში სულ უფრო ხშირად იმართება ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია. გასულ წელს თავდამსხმელებმა დანიელი, იაპონელი, ბრიტანელი და სამხრეთ კორეელი ტურისტი ქალბატონები გააუპატიურეს. მსგავსი ფაქტების გახშირების გამო, 2012 წლიდან მოყოლებული, ინდოეთში ტურისტი ქალების რიცხვი 35%-ით შემცირდა.
ბრაზილია
მსოფლიოს სიდიდით მეხუთე სახელმწიფოში ყოველდღიურად დაახლოებით 140 გაუპატიურების ფაქტი ფიქსირდება. თუმცა, პოლიციას საჩივრით მსხვერპლთა მხოლოდ 35% მიმართავს. ბრაზილია ქალებზე ძალადობის მხრივ მსოფლიო ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 2013 წელს რიოში ორმა მამაკაცმა ფრანგი ტურისტი ქალი სცემა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი ამერიკელი გოგონა გააუპატიურეს. 2012 წელს კი რეალითი შოუს ”დიდი ძმა” მონაწილე პირდაპირ შოუს მსვლელობისას გააუპატიურეს.
თურქეთი
კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც მარტო მოგზაურობის მოყვარულ ტურისტ ქალბატონებს თავშეკავებას ურჩევენ, საქართველოს მეზობელი თურქეთია. თებერვალში თურქეთიცა და მსოფლიოც შეძრა პროვინცია მერსინში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა – თავდამსხმელმა გოგონა ავტობუსის გაჩერებაზე გააუპატიურა, შემდეგ კი წამებით მოკლა. გასულ წელს თურქეთის პოლიციამ ასევე მოკლული აღმოაჩინა ამერიკელი ტურისტი ქალი, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ასობით ათასი ადამიანი კი თურეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ზოგიერთმა თურქმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ხშირად ქალები თავად ახდენენ მოძალადეთა პროვოცირებას გულახდილი ჩაცმულობით. აქციაზე მონაწილეები, მათ შორის მამაკაცებიც, პროტესტის ნიშნად ზედმეტად მოკლე კაბებში იყვნენ გამოწყობილი.
ტაილანდი
ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანა სოლო მოგზაურობის მოყვარულთათვის არცთუ ისე უსაფრთხოა. საერთაშორისო უფლებადამცველების განცხადებით, ბოლო წლებში ტაილანდში სულ უფრო იზრდება ტურისტ ქალბატონებზე თავდასხმის რიცხვი. 2013 წელს პოლიციაში მისულ 20 წლის შოტლანდიელ ტურისტ გოგონას, რომელმაც განაცხადა, რომ ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, სამართალდამცავები დაპატიმრებითაც კი დაემუქრნენ, ვინაიდან გოგონამ მოწმეები ვერ დაასახელა.
ეგვიპტე
საერთაშორისო სკანდალი ეგვიპტეში 2011 წელს მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია, როდესაც ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტს დაესხნენ თავს და გააუპატიურეს.
2014 წლის ივნისში ქაიროში ექვსი ეგვიპტელი და ორი უცხოელი ქალბატონი გააუპატიურეს. ადგილობრივი უფლებადამცველების განცხადებით, ქალებს ძირითადად რადიკალური მუსლიმური დაჯგუფების წევრები ესხმიან თავს, რომლებიც ასე სჯიან ქალატონებს, ვინც საზოგადოებრივ ადგილებში მამაკაცის თანხლების გარეშე ჩნდება. ქვეყანაში ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელები არიან.
წყარო:http://www.bpn.ge