რომანტიკული ფილმები სიყვარულზე უსასრულოდ ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის გადაღებას კვლავ აქტიურად აგრძელებენ.
ეს იმიტომ, რომ სიყვარული ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა და ყოველთვის აქტუალურია მაყურებლისთვის. ამ 5 ფილმში, რომელიც სპეციალურად შევარჩიე, მოთხრობილია დაუვიწყარი ისტორია ნამდვილ სიყვარულზე.
1. ”დიდებული გეტსბი”
The Great Gatsby, 2013 წლის ამერიკული ფილმია, რომელიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის 1925 წელს დაწერილი რომანის ეკრანიზაციაა. ფილმი უცნობი მილიონერის, ჯეი გეტსბის ცხოვრებასა და სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმი პირველივე წუთებიდან მიგაჯაჭვებთ ეკრანთან და საოცარ, ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იდუმალებით მოცული მთავარი გმირის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. გრანდიოზული სცენები, ბრწყინვალე კოსტიუმები, ულამაზესი ადგილები – ეს არის ფილმი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
2. ”მთვარის შუქის მაგია”
MAGIC IN THE MOONLIGHT, 2014 წლის ამერიკული, რომანტიკული კომედია და მელოდრამაა. მისი რეჟისორი ვუდი ალენი გახლავთ. ინგლისელი ილუზიონისტი, სახელად სტენლი, ნათელმხილველი გოგონას
თაღლითობაში მხილებისთვის მიემგზავრება. სტენლი თავისი საქმის პროფესიონალია და მაგიის არ სჯერა, მაგრამ მომხიბვლელი გოგონას გაცნობის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დგება.
3. ”სიამაყე და ცრურწმენა”
Pride and Prejudice, ინგლისელ მწერალ ჯეინ ოსტინის რომანია. რამდენიმე ეკრანიზაციიდან 2005 წლის ვერსია განსაკუთრებით გამოირჩევა. ხუთი დის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც მათ მეზობლად ორი ახალგაზრდა და ძალიან მდიდარი ჯენტლმენი – მისტერ ბიგლი და მისტერ დარსი – სახლდება. როზამუნდ პაიკი, დონალდ საზერლენდი, კირა ნაითლი – არაჩვეულებრივი მსახიობების გუნდი, ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი და თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
4. ”წინა ღამეს ნიუ-იორკში”
Last Nightin New Yor, 2010 წლის დრამაა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მაიკლი და ჯოანი, რომლებიც იდეალურ წყვილად ითვლებიან, ერთმანეთს ერთი დღით დაშორდებიან. მაიკლი თავის მომხიბვლელ კოლეგასთან ერთად მივლინებაში მიდის. ჯოანი კი შემთხვევით თავის ძველ სიყვარულს შეხვდება… ცხოვრებისეული ფილმი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და აუცილებლად დაიკავებს ადგილს თქვენს გულში.
5. ”სიახლოვე”
Closer, 2004 წლის ფილმია. ჯულია რობერტსი, ჯუდ ლოუ, ქლავ ოუენი, ნატალი პორტმანი განუმეორებელ ხასიათებს ქმნიან… ჩახლართული ურთიერთობები, სიყვარული, ღალატი, იმედგაცრუება – გრძნობების მთელი კორიანტელი დაგატყდებათ თავს. მოულოდნელი ფინალი კი გაოცებულს დაგტოვებთ…
ჟურნალი ”და ქალი”