5 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში უნდა დააგემოვნოთ

ყოველ სეზონს მისთვის დამახასიათებელი გემო აქვს იმ პროდუქტებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ კონკრეტულ პერიოდში ყველაზე გემრიელია. OK! გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც ნოემბერში უნდა დააგემოვნოთ.

სტაფილო
ნოემბერი სტაფილოს სეზონია! მოიმზადეთ სტაფილოს წვნიანი ან მოთუშეთ ეს ბოსტნეული მანამ, სანამ ოქროსფრად არ შეიფერება. გაითვალისწინეთ, რომ მისი გამოყენება ბევრ გემრიელ კერძში შეგიძლიათ. სტაფილო სასარგებლო რაოდენობით აზოტოვან ნივთიერებებს, ცხიმს, წყალსა და ნახშირწყლებს შეიცავს და მდიდარია A, B, B2, PP ვიტამინებით. მოკლედ, თუ ეს ბოსტნეული გიყვართ, ნოემბერში ყველაზე ხშირად დააგემოვნეთ!

მოცვი
ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით მდიდარი მოცვი ნოემბერში განსაკუთრებულად გემრიელია. შეგიძლიათ, მისგან სპეციალური სოუსი მოამზადოთ და სხვადასხვა კერძს განსხვავებული არომატი შესძინოთ. რაღა თქმა უნდა, მისი დამატება რეკომენდირებულია სხვადასხვა ნამცხვრის რეცეპტშიც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნოემბერი გლინტვეინის სეზონიც არის. შესაბამისად, შეგიძლიათ მოცვი სასმელშიც შეურიოთ და მას განსაკუთრებული გემო შემატოთ.

პრასა
სუსხის მატებასთან ერთად, ისიც უფრო გემრიელი ხდება. ეცადეთ, რაც შეიძლება მოთეთრო და ღია შეფერილობის პრასა შეიძინოთ და, კვერცხთან ერთად, რაიმე კერძი მოამზადოთ. ვისაც წვნიანები უყვარს, ნოემბერში პრასა დიდი რაოდენობით უნდა მოიმარაგოს.

ხახვი
როგორც აღმოჩნდა, გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის ხახვი გაცილებით უფრო ნოყიერი, გემრიელი და არომატულია. ამ დროს ის უფრო მუქი და სქელკანიანია. საუკეთესო იქნება, თუ ხახვს ხორცთან ერთად მოთუშავთ და ისე მიირთმევთ.

კომბოსტო
რაც უფრო იმატებს სუსხი და სიცივე, ის მით უფრო გემრიელი და სასარგებლო ხდება. კომბოსტო წვრილად დაჭერით, გახეხეთ სტაფილო, დაუმატეთ ძალიან ცოტა ნიორი, სეზამის მარცვლები, სოიოს სოუსი და მარილი გემოვნებით. ეს საუკეთესო სალათი იქნება ნოემბერში დასაგემოვნებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ ამინდებში კომბოსტოს წვნიანიც იდეალური არჩევანია.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები